„ქართული ოცნების“ ყოფილი პარლამენტარის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს არ უბრძოლია საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ არც აფხაზეთისა და არც 2008 წლის აგვისტოს ომებში. „სინამდვილეში, ის ჯარშიც არ არის ნამყოფი“, — აცხადებს ქუცნაშვილი.
„ტყუილი ახალი ამბების მიხედვით, სერგეი გავრილოვი ჯერ აფხაზეთში და შემდგომში, 2008 წლის აგვისტოს ომში ცხინვალში საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდა. ამ დროს მას საქართველოს წინააღმდეგ ომში მონაწილეობა არ მიუღია და არც „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონი დაურღვევია. სინამდვილეში, ის ჯარშიც არ არის ნამყოფი“, — წერს ქუცნაშვილი 3 ოქტომბერს გამოქვეყნებულ წერილში, რომლითაც, როგორც ყოფილი დეპუტატი წერს, „დუმილს არღვევს“.
ქუცნაშვილის ასევე ამბობს: „[გავრილოვს] ორი დღის მანძილზე სხვადასხვა სატელეფონო ნომრიდან ურეკავდნენ მოსკოვში, რომ მას ეპასუხა შეკითხვაზე – ცხინვალი და სოხუმი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები თუ დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან? ამით „რუსთავი 2“-მა მოახერხა მისი რუსეთის ოფიციალური პოლიტიკის იდენტური პოზიციის ჩვენება და ამ გარემოების გამოყენებით საზოგადოების დამატებითი გაღიზიანება“.
„საყოველთაოდ ცნობილია, რომ ოფიციალური რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს დამოუკიდებლ სახელმწიფოებად მიიჩნევს. ის თავად არის მათი ე.წ. დამოუკიდებლობის მთავარი შემოქმედი. ზემოთ დასმულ შეკითხვაზე სხვა პასუხის მოლოდინი სხვა არაფერია, თუ არა გულუბრიყვილობა. იგივე პოზიცია აქვს ჟენევის ფორმატში მონაწილე რუსეთის დელეგაციის ყველა წევრს. ამ ლოგიკით გამოდის, რომ არც ჟენევის ფორმატში არ უნდა დავსხდეთ მოსალაპარაკებლად იმ რუსებთან, ვინც საქართველოს ტერიტორიებს ოკუპირებულად არ მიიჩნევენ, და არც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა იმიტომ, რომ რუსები წევრის სტატუსის აღდგენით დაბრუნდნენ და იქაც ანალოგიური პოზიცია უკავიათ საქართველოს ტერიტორიებთან მიმართებაში. ვერ დაასახელებთ ვერც ერთ საერთაშორისო თუ საპარლამენტთაშორისო ორგანიზაციას, სადაც საქართველო წარმოდგენილია სამთავრობო ან საპალამენტო დელეგაციით და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს განსხვავებული პოზიცია აქვთ“, — წერს ქუცნაშვილი.
ზაქარია ქუცნაშვილი, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა, დაკავშირებულია გენერალური ასამბლეის თბილისში ჩატარებასთან და, შესაბამისად, რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან, რომლის წევრიც იყო დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი. ასამბლეა სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსულ ენაზე გახსნა. ამ სცენას საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომელიც თვეების განმავლობაში გაგრძელდა „სირცხვილიას“ სახელით.
იმ საღამოს, 20 ივნისს, დემონსტრანტების დაშაშლელად ხელისუფლებამ ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენა, რა დროსაც 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, 40-მდე ჟურნალისტი, ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა.
მოვლენების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გადადგა, ზაქარია ქუცნაშვილმა კი დეპუტატის მანდატი დატოვა. ასევე, ხელისუფლებამ დათმო და დემონსტრანტების კიდევ ერთი მოთხოვნა დააკმაყოფილა საპარლამენტო არჩევნების მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარებასთან დაკავშირებით. 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით, ნულოვანი ბარიერით ჩატარდება; დემონსტრანტების მესამე მოთხოვნა, გადამდგარიყო შინაგან საქმეთა მინსიტრი გიორგი გახარია, არ შესრულდა. ის რამდენიმე კვირის წინ პრემიერ-მინისტრი გახდა.
როდესაც გახარია პრემიერის რანგში პარლამენტში მივიდა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გიგა ბოკერიამ ჰკითხა, იცოდა თუ არა, რომ გავრილოვი უნდა ჩასმოსულიყო საქართველოში; იცოდა თუ არა, რომ გავრილოვს საქართველოს მიმართ მტრული დამოკიდებულებები ჰქონდა, იცნობდა თუ არა კანონს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აძლევს საშუალებას, არ შემოუშვას სხვა ქვეყნის მოქალაქე ქვეყანაში, თუკი მისი ყოფნა საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას და თუ „საგარეო პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე მიუღებელია მისი საქართველოში ყოფნა“ და ა.შ..
კითხვაზე, იცოდა თუ არა, რომ კანონის ეს ორი პუნქტი აძლევდა ხელისუფლებას საშუალებას, საქართველოში არ შემოეშვათ სერგეი გავრილოვი, გახარიამ უპასუხა: „ეს ორი პუნქტი საშუალებას გვაძლევდა“…