ახალი ამბები

პატიმრის სავარაუდო თვითმკვლელობის შემდეგ ქუთაისის ციხის უფროსი მოხსნეს

2 ოქტომბერი, 2019 •
პატიმრის სავარაუდო თვითმკვლელობის შემდეგ ქუთაისის ციხის უფროსი მოხსნეს

ქუთაისის მე-2 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი თანამდებობიდან გაათავისფულეს. 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ ბრიფინგზე გაკეთებული განცხადების თანახმად, დირექტორის გათავისუფლება დაწესებულებაში გუშინ მომხდარ თვითმკვლელობის ფაქტს უკავშირდება. 

“მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მტკიცებულებების შეგროვება, ძირითადი მტკიცებულებები შეგროვებული გვაქვს. უნდა დაველოდოთ ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც, ვიმედოვნებ, რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი და ამის შემდეგ შევძლებთ ვისაუბროთ იმაზე, შესაძლებელი იყო თუ არა ამ თვითმკვლელობის თავიდან აცილება და ხომ არ იკვეთება მათ შორის ქუთაისის პენიტენციური დაწესებულების რომელიმე თანამშრომლის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა”, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

სპეციალური პენიტენციალური სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მომხდარის შესახებ იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რომელიც სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურში დადგენილი წესის შეუსრულებლობას, ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ასევე გამოძიება მიმდინარეობს ამავე კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც თვითმვლელობის ცდამდე მიყვანას გულისხმობს.

მათივე ინფორმაციით, 30 სექტემბერს, წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემდეგ, საკუთარი ძმის მკვლელობაში ბრალდებული  გ.წ. N2 პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსეს საკანში, სადაც ელექტრონულ-ვიზუალური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.

პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულმა თავი ჩამოიხრჩო. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, დაწესებულების თანამშრომლების მიერ გამოძახებული იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, პარალელურად კი, პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალის მიერ დაიწყო სარეანიმაციო ღონისძიებები, თუმცა ბრალდებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი