ახალი ამბები

საია: ომბუდსმენის წარმომადგენლისა და პატიმრის შეხვედრის ჩაწერა-შენახვა კანონდარღვევის ნიშნებს შეიცავს

21 იანვარი, 2020 • 2525
საია: ომბუდსმენის წარმომადგენლისა და პატიმრის შეხვედრის ჩაწერა-შენახვა კანონდარღვევის ნიშნებს შეიცავს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ ვიდეო, რომელზეც პატიმრისა და ომბუდსმენის ციხეში შეხვედრაა ასახული, შესაძლო კანონდარღვევის ნიშნებს შეიცავს. აღნიშნული ვიდეო იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე გაავრცელა იმის დასტურად, თითქოს ომბუდსმენის წარმომადგენელი პატიმართან არასათანადოდ იქცევა.

აღნიშნულ საკითხზე ნეტგაზეთი საიას ანალიტიკოსს, ნიკა სიმონიშვილს ესაუბრა. როგორც საია-ს წარმომადგენელი ნეტგაზეთთან საუბრისას განმარტავს, ვიდეოთანაწერთან დაკავშირებით ორი გარემოებაა საინტერესო, კერძოდ, ერთია მისი შენახვის ვადები, მეორე კი, ვიდეოს გამოყენების მიზნები.

საიას ანალიტიკოსის თქმით, როგორც ცნობილი გახდა, ზოგი ჩანაწერი აპრილშია გაკეთებული, ზოგი კი- ზაფხულის პერიოდში, მაშინ, როცა, კანონით, მსჯავრდებულის ვიდეოკონტროლი უნდა ხდებოდეს არაუმეტეს 3 თვის ვადისა, რის შემდეგაც მასალა არქივდება და დაარქივებული ვიდეო 1 თვის ვადით ინახება. შესაბამისად, სიმონიშვილის თქმით, ჩანაწერების შენახვა კანონიერ ვადებს სცდება:

“ზოგადად, პატიმრობის კოდექსი გვეუბნება, რა მიზნით შეიძლება ციხეში ვიდეოკონტროლი. ეს უნდა მოხდეს დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით. დირექტორი გადაწყვეტილებას იღებს კონკრეტული მიზნებიდან გამომდინარე და არა ზოგადად. ეს მიზნები შეიძლება იყოს მსჯავრდებულის ან ბრალდებულის უსაფრთხოება, მისი თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის, მასზე ძალადობის თავიდან აცილება და მსგავსი საკითხები. ამ მიზნებით შეიძლება გნახორციელდეს ვიდეოკონტროლი.

შესაბამისი მიზნებით ჩაწერილი ვიდეოკადრების შენახვას განსაზღვრავს უკვე სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის ბრძანება, რომელიც გვეუბნება, რომ საფუძვლის აღმოფხვრამდე ვიდეოთვალთვალი შეიძლება განხორციელდეს არაუმეტეს 3 თვის ვადისა და შემდეგ ის არქივდება და დაარქივებული მასალა 1 თვის ვადით ინახება” ,- განმარტავს სიმონიშვილი.

შესაბამისად, თუ ეს ჩანაწერები გაკეთებულია ზაფხულში, დიდი ალბათობით, მისი შენახვის კაონმდებლობით გათვალისწნებული ვადები დარღვეულია. ამასთან, საიას ანალიტიკოსის თქმით, უფრო საინტერესოა, თუ რა მიზნით მოხდა ამ ჩანაწერების გამოყენება.

კერძოდ, მისი თქმით, ვიდეოჩანაწერი კეთდება იმისთვის, რომ დაცული იყოს მსჯავრდებულის უფლებები, თუმცა ამ შემთხვევაში, ის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენეს, რაც საიას წარმომადგენლის თქმით, პრესონალურ მონაცემთა კანონს პირდაპირ ეწინააღმდეგება.

ამასთან, ნიკა სიმონიშვილის თქმით, კანონი ასევე კრძალავს ომბუდსმენის წარმომადგენელზე თვალთვალს. კანონის მიხედვით, სასჯელაღრსულების დაწესებულებაში მყოფი პირისა და ომბუდმენის წარმომადგენლის შეხვედრა კონფიდენციალურია და სახალხო დამცველის წარმომადგენელზე თვალთვალი ან რაიმე სახის მიყურადება – დაუშვებელი.

გარდა ამისა, საიას ანალიტიკოსის თქმით, გასაჯაროვდა ომბუდსმენის წარმომადგენლის პერსონალური მონაცემები, რაც ასევე დარღვევაა:

“ომბუდსმენის წარმომადგენელზე თვალთვალი არის დაუშებელი. დაუშვებელია მისი რაიმე ფორმით კონტროლი. ამასაც რომ თავი დავანებოთ, ამ ადამიანის პერსონალური მონაცემები ცნობილი გახდა და ამ კუთხითაც დარღვევაა. მისი, როგორც ომბუდსმენის წარმომადგენლის, თვალთვალიც არ შეიძლება და ასევე, ამ შემთხვევაში გასაჯაროვდა მისი პერსონალური მონაცემებიც, რაც დაუშვებელია” ,- ამბობს სიმონიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

პარლამენტში, ადამინის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ომბუდსმენის კრიტიკულ ანგარიშს განიხილავენ ციხეებთან დაკავშირებით, წულუკიანმა მიიტანა ვიდეო, სადაც მისი თქმით, ომბუდსმენის წარმომადგენლის პატიმართან შეხვედრაა ასახული. წულუკიანმა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი გააკრიტიკა ჩაცმულობისა და ქმედებების გამო. მოგვიანებით, აღნიშნული ვიდეო პენიტენციურმა სამსახურმა ფეისბუკზე გამოაქვეყნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი