ახალი ამბები

ცრუ დასმენის ბრალდებით ადვოკატი და მისი ორი კლიენტი დააკავეს

2 ოქტომბერი, 2019 •
ცრუ დასმენის ბრალდებით ადვოკატი და მისი ორი კლიენტი დააკავეს

ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოტიაშვილს ბრალი “ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით ჩადენილ ცრუ დასმენაში” ედება. მასთან ერთად ამავე ბრალდებით დაკავებულია ორი პირი – 1959 წელს დაბადებული მ.ა. და 1977 წელს დაბადებული ს.ბ. 

შსს-ს ინფორმაციით, საქმე ეხება ოჯახში ძალადობის საქმეს, რომლის საფუძველიც ქონებრივი დავა გახდა: “ბრალდებულებმა – ს.ბ-მ და მ.ა-მ გამოძიებას ცრუ ჩვენება მისცეს და მათივე ოჯახის წევრი ძალადობასა და შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევაში დაადანაშაულეს. აღნიშნული ფაქტი კი დაადასტურა მათმა ადვოკატმა  ნ.ო-მ.”, – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე.

ნაირა ოტიაშვილის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე ნეტგაზეთთან საუბრისას ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ ადვოკატთა კორპუსი არ აპირებს აღნიშნულ ფაქტთან შეგუებას: “ასე შეიძლება ნებისმიერი ადვოკატის დაკავება საკუთარი უფლება-მოვალეობიდან გამომდინარე. სწორედ ეს მიდგომაა ჩვენთვის წარმოუდგენელი. ვთვლი, რომ ოტიაშვილის დაკავება უსამართლოა და ბრალდება არ შეესაბამება ფაქტობრივ გარემოებებს, რომ თითქოს მან კონკრეტული პიროვნება დაასმინა.”

კობაიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო და პროკურატურა არ შეწყვეტს დევნას ოტიაშვილის წინააღმდეგ, ადვოკატთა ნაწილი ფართომასშტაბიანი აქციების გამართვას გეგმავს. 

ადვოკატის ინფორმაციით, ნაირა ოტიაშვილმა სამსახურეობრივი მოვალეობის ფარგლებში კონსულტაცია გაუწია ბრალდებულ ს.ბ-სა და მ.ა-ს, რომლებიც ირწმუნებოდნენ, რომ მათი ოჯახის წევრი მათზე ფიზიკურად ძალადობდა. საქმის განხილვის დაწყების შემდეგ უშუალოდ ნაირა ოტიაშვილმაც მისცა ჩვენება. თუმცა გამოძიების ფარგლებში აღნიშნული ბრალდება არ დადასტურდა, რის საფუძველზეც მომჩივნები და მათი ადვოკატი დააკავეს. კობაიძის თქმით, ოტიაშვილმა ადვოკატის უფლება-მოვალეობების ფარგლებში კონსულტაცია გაუწია მომჩივან დედა-შვილს და შემდეგ ჩვენებაც სწორედ მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მისცა. 

ნაირა ოტიაშვილს ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ცრუ დასმენას, ანგარებით ან პირადი მოტივით. დანაშაული 4-დან – 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი