ახალი ამბები

მუხთარლი, კერზაია, მაჩალიკაშვილი, საფაროვი და სხვა საქმეები, რომლებიც კილაძის ანგარიშში ვერ მოხვდა

2 ოქტომბერი, 2019 • 1689
მუხთარლი, კერზაია, მაჩალიკაშვილი, საფაროვი და სხვა საქმეები, რომლებიც კილაძის ანგარიშში ვერ მოხვდა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ კომიტეტის საქმიანობის 2018 წლის ანგარიში წარადგინა.

ანგარიშის თანახმად, კომიტეტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენდა კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო საქმიანობა, საზოგადოებასთან ურთიერთობა, სამართლებრივი რეფორმები,  ინტერნაციონალიზაცია და შიდა ორგანიზაციული საკითხები. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კომიტეტმა გაითვალისწინა სახალხო დამცველის რეკომენდაციათა რეკორდული რაოდენობა საქართველოს პარლამენტის ისტორიაში, როგორც რაოდენობრივად (228 რეკომენდაცია), ასევე, პროცენტულად (75,2%). კომიტეტმა ჩაატარა საკომიტეტო მოსმენები შემდეგ საკითხებზე:

საქართველოში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის კუთხით არსებული გამოწვევები (ორი საკომიტეტო მოსმენა), შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის აღსრულების მდგომარეობა და არსებული გამოწვევები, ბავშვთა უფლებების დარღვევის ფაქტები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ა.შ.

ოპოზიციის კრიტიკა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ანგარიშში არ მოხვდა გახმაურებული საქმეები, რომელთა ნაწილზე გამოძიება დასრულებული არ არის, მათ შორის, ხორავას ქუჩის საქმე, მაჩალიკაშვილის საქმე, ვიტალი საფაროვის საქმე, ბასიანისა და გალერის საქმე, ლგბტი თემის უფლებების დარღვევეის ფაქტები, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრობლემები, ტატუნაშვილის საქმე და შშმ პირების უფლებებთან დაკავშირებული საკითხები, ია კერზაიას საქმე და სხვა.

“თქვენ, ალბათ, იცნობთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს 2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ. როგორ მოახერხეთ, რომ იმ 40-გვერდიან მოხსენებაში, რა მთავარი და მნიშვნელოვანი თემებიც არის ნახსენები: მაჩალიკაშვილის საქმე, მუხთარლის საქმე, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის რამდენიმე შემთხვევა, სამართლიანი სასამართლოს უფლების ხელყოფა, გამოხატვის თავისუფლების საქმეები, შეკრების თავისუფლების პრობლემები, მათ შორის, ლგბტი პირების უფლებების შეზღუდვის კუთხით, ძალადობრივი ჯგუფების მიერ ადამიანის უფლებების შეზღუდვები, საარჩევნო უფლებების შეზღუდვა (ახალციხის მაგალითი), ტატუნაშვილის საქმე – არცერთ ამაზე არაფერი გიწერიათ თქვენს მოხსენებაში?! შეგნებულად გააკეთეთ თუ გამოგრჩათ?!” – მიმართა “ევროპული საქართველოს” წევრმა სერგი კაპანაძემ სოფიო კილაძეს.

დეპუტატებმა ეკა ბესელიამ და ირმა ნადირაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ასევე ჰკითხეს, მოინახულა თუ არა მან საპატიმროში 20 ივნისს დაკავებული ადამიანები, მათ შორის, ლევან ჯიქური, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. სოფო კილაძემ აღნიშნულ კითხვას პასუხი არ გასცა. რაც შეეხება კომიტეტის ანგარიშს, განმარტა, რომ ყოველწლიურად ერთი და იგივე ფორმით დგება – მოიცავს უშუალოდ კომიტეტის მიერ გაწეულ საქმიანობას, ხოლო ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული გამოწვევები დაფიქსირებულია სახალხო დამცველის ანგარიშში და პარლამენტის დადგენილებაში, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის სავალდებულოდ შესასრულებელი რეკომენდაცია.

“სხვა პრაქტიკა ამ პარლამენტში არასოდეს ყოფილა და არც იქნება იმიტომ, რომ ეს არის დადგენილი თემა. მე ახლა მიკვირს, ქალბატონ ეკა ბესელიას რომ უკვირს – შემიძლია ამოვიღო მის დროს კომიტეტის დასკვნები და ანგარიშები, რამდენი პრობლემური საკითხი აქვს შინაარსობრივად ჩაწერილი და შემდეგ რა პასუხს გასცემს საზოგადოებას, მისი მხრიდან ორმაგი სტანდარტი ხომ არ არის? რაც შეეხება ოპოზიციას, აბსოლუტურად ყველა პრობლემური საკითხი დაფიქსირებულია რეკოემნდაციებში, რომელიც სახალხო დამცველის ანგარიშის საფუძველზე მივიღეთ. ბრალს მდებთ იმაში, რისი ვალდებულებაც არ მაქვს. ქალბატონო ირმა [ნადირაშვილი] და ქალბატონო ხათუნა [გოგორიშვილი], კარგი იქნებოდა, მაშინ შესულიყავით საპატიმროში, როდესაც ხალხს უმოწყალოდ აწამებდნენ. ნაწამები ხალხის ხმა რომ ცამდე ადიოდა და თქვენი ყურები დახშული რომ იყო ამისთვის, მაშინ რომ შესულიყავით, ყველაზე კარგი იქნებოდა”, – განაცხადა სოფიო კილაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი