“ნაციონალური მოძრაობა არასდროს ყოფილა ”ქრისტიან-დემოკრატიული სახალო პარტია”. ის იყო და დღემდე რჩება ლიბერალური ორიენტაციის ფართო მოძრაობად და ჯერჯერობით არავის მოუხდენია ამ ფუნდამენტური ღირებულებების რევიზია ( ცვლილება) პარტიის პროგრამაში. სანამ ეს ასეა, ყველა განსხვავებული მოსაზრება აღქმული უნდა იყოს, როგორც კერძო აზრი და არა პარტიის ოფიციალური დოქტრინა”, – ამ განცხადებას სოციალურ ქსელ ფეისბუკზე ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი და საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელი რომან გოცირიძე აკეთებს.
ის ეხმაურება პარტიის წევრებს შორის მიმდინარე დისკუსიას პარტიის იდეოლოგიაზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიერ გიგა ბოკერიაზე გაკეთებული განცხადების შემდეგ დაიწყო.
რომან გოცირიძე კი ფიქრობს, რომ ნაციონალური მოძრაობა და ”ვარდების რევოლუცია” ისტორიაში შევიდა უპრეცედენტო ლიბერალური რეფორმების სახელით, განსაკუთრებით, ეკონომიკის სფეროში, და მისი არქიტექტორი იყო მიხეილ სააკაშვილი.
“ყველა სიკეთე ( არამხოლოდ რეიტინგებში მოწინავე პოზიციები), რაც კი ქვეყანაში დღემდე შემოგვრჩა, გაჩნდა იმ პერიოდში და ქმნის ქვეყნის მომავალი განვითარების ფუნდამენტურ საფუძველს. ბევრი რამ იმდენად მყარად იყო ნაშენები, რომ გაუძლო ხელისუფლების შეცვლის შემდგომ არაკომპეტენტურობას და პოლიტიკური კურსის რევიზიას.
ცხოვრების ყველა სფეროში გატარებული ლიბერალური რეფორმების წყალობით საქართველო გახდა თანამედროვე ტიპის მიმზიდველი, უსაფრთხო ქვეყანა, მათ შორის ტურისტებისათვის.
დღეს საქართველოში ლიბერალიზმს ათასი ჯურის მტერი გამოუჩნდა, შავრაზმელი ფუნდამენტალისტების, კლერიკალი პოლიტიკოსების თუ ”პატრიოტი” ”ინტელექტუალების” სახით. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის წინა ხელისუფლების მიღწევების გადაფასების მცდელობა და მის წინააღმდეგ ბრძოლის იდეოლგიური პლატფორმის შექმნა.
ნაციონალური მოძრაობის სიძლიერე მის წარსულშია (მიუხედავად შეცდომებისა და ცალკაული დანაშაულობებისა). მოწყდება თავის ლიბერალურ ფესვებს, თავად გაითხრის სამარეს, იმ ღამურად გადაქცეულ თაგვს დაემსგავსება, რომელიც უცხო გახდა როგორც თავისიანებისათვის, ასევე იმათთვის, ვისი მსგავსობაც მოინდომა”, – ნათქვამია გოცირიძის განცხადებაში.
“ჩვენ ვაშენებდით და საბოლოოდ უნდა ავაშენოთ ისეთი სახელმწიფო, რომელიც გამიჯნული იქნება საზოგადოებაში არსებული სხვადასხვა მორალური დოქტრინებისგან და რელიგიებისგან. საჯარო ინსტიტუტები და სახელმწიფო კანონმდებლობა არ უნდა ეყრდნობოდეს ინდივიდების პირად მორალს ან რელიგიურ შეხედულებებს. არა აქვს მნიშვნელობა, ვინმეს ჯვარი უკეთია, როგორც ავგაროზი, როგორც სამკაული, როგორც რწმენის ნიშანი, თუ საერთოდ არ უკეთია.
საქართველოს კონსტიტუცია ერთმანეთისგან ანცალკევებს სახელმწიფოსა და რელიგიას და უზრუნველყოფს სინდისის თავისუფლებას”, – აცხადებს გოცირიძე.