რუსთავში მე-5 სკოლის მოსწავლეთა მშობლები ამავე სკოლის მე-6 კლასის ერთ-ერთი მოსწავლის სკოლიდან გარიცხვას დღეს აქციით ითხოვნდნენ. მშობლები სკოლის წინ დილიდან შეიკრიბნენ და ამბობდნენ, რომ უარს აცხადებენ, თავიანთი შვილები სკოლაში გაუშვან.
ბავშვს მასწავლებლის კიბიდან დაგორებაში სდებენ ბრალს, თუმცა, გარდა ამისა, მშობლები ამბობენ, რომ მეექვსეკლასელი სხვა მოსწავლეთა მიმართაც იჩენდა აგრესიულ ქცევას.
ბავშვის დედა ამ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მშობლები ამ აქციით წინა დირექტორის დაცვას ცდილობენ, რომელიც მათ გარკვეულ პრივილეგიებს სთავაზობდა.
რა ხდებოდა რუსთავში დღეს და რას ამბობს მომხდარზე განათლების სამინისტრო
რუსთავის მე-5 სკოლასთან განვითარებული დღევანდელი მოვლენები 27 სექტემბერს სკოლაში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება. სკოლის მუსიკის მასწავლებლის განმარტებით, ამ დღეს მოზარდმა ის კიბიდან დააგორა, რის გამოც მას სამედიცინო ჩარევა დასჭირდა.
ამ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ცემას ან სხვა სახის ძალადობას გულისხმობს. უწყებაში ამბობენ, რომ საქმეზე გამოკითხულია როგორც მოზარდი, ისე – მასწავლებელი.
მიუხედავად ბრალდებისა, სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, თამარ გოგაძის თქმით, სკოლის კამერების ჩანაწერში კიბის უჯრედი არ ჩანს, შესაბამისად, მოკვლევამდე შეუძლებელია იმის თქმა, თუ რა მოხდა სკოლის კიბეებზე. რაც შეეხება მოსწავლის გარიცხვას, ის ამბობს:
“მშობლების მხრიდან ასეთი პროტესტი არის დაუშვებელი და მიუღებელი, მათ არ აქვთ კანონით ამის უფლება. მე მესმის მათი, ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ რამდენიმე დღით გვაცდიან, სანამ საქმე ბოლომდე იქნება გამოკვლეული. სასწავლო პროცესი სკოლაში ხვალიდან ჩვეულებრივად აღდგება, ვფიქრობ, რომ შეთანხმებას მივაღწიეთ“, – უთხრა თამარ გოგაძემ ჟურნალისტებს.
დირექტორი ასევე ამბობს, რომ მიუხედავად მშობელთა აქციისა, სკოლაში სასწავლო პროცესი არ ჩაშლილა და მოსწავლეთა ნაწილი მაინც მივიდა გაკვეთილებზე.
ამ აქციას გამოეხმაურა მასწავლებელიც, რომელიც ბავშვს ფიზიკურ ძალადობაში სდებს ბრალს. ის ამბობს, რომ მეექვსეკლასელი მოსწავლისგან ფსიქოლოგიურ ძალადობას განიცდის, კერძოდ:
“ბავშვი ზეწოლას ახდენდა ჩემზე, მე მაინც ვითმენდი. ენას მიყოფდა, სოციალურ ქსელში აქვეყნებდა ჩემს ფოტოებს, ჩემი სახელით ყველა ჩემს ახლობელსა და ნათესავს ესაუბრებოდა და ლანძღავდა. მე კი გადამრია, შემშალა. უკვე ადამიანად არ ვვარგივარ, აღარ მინდა სიცოცხლე, სერიოზულად გეუბნებით. მე მას ვერ ვაჯობებ, ვერ შევეჯირებები იმიტომ, რომ ის არის მაგისთვის დაბადებული“, – ამბობს მასწავლებელი “მთავარ არხთან“ საუბარში.
რაც შეეხება ბავშვის მშობელს, სხვა მშობლების მსგავსად, სკოლასთან დღეს ისიც მივიდა და თქვა, რომ მის შვილს არავისთვის არაფერი დაუშავებია. მშობელი თავისი შვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ყოფილი დირექტორის წასვლას უკავშირებს და ამბობს, რომ ყოფილი დირექტორი მისი შვილის წინააღმდეგ არაკანონიერად იქცეოდა და სხვა დანაშაულს ხელს აფარებდა.
მე-5 სკოლის დირექტორი რამდენიმე დღის წინ თანამდებობიდან მართლაც გაუშვეს. ნეტგაზეთმა ჰკითხა განათლების სამინისტროს, თუ რა იყო ამის მიზეზი, თუმცა ამ კითხვაზე გვიპასუხეს, რომ დირექტორის გათავისუფლების საფუძველი შიდა აუდიტი იყო, აუდიტის დასკვნის შიგთავსი კი პერსონალური ინფორმაციაა და მას არ გაამხელენ.
სამინისტროში ნეტგაზეთს ასევე უთხრეს, რომ ისინი ჩართული არიან სკოლაში მომხდარი ინციდენტის მოგვარებაში და დაინტერესებულ მხარეებს შორის მედიატორის ფუნქციას ასრულებენ. ამასთანავე, სამინისტროში ამბობენ, რომ ბავშვს ქცევის კორექცია ესაჭიროებოდა.
“მინდა გავიმეორო, რომ აღშნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით – მოსწავლის მხრიდან მასწავლებელზე ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებით – შსს-ს მიერ მიმდინარეობს მოკვლევა, ჯერჯერობით ფაქტი დადასტურებული არ არის.
რაც შეეხება სხვა შემთხვევებს, აღნიშნული ინფორმაცია ჩვენამდე არ მოსულა, დანარჩენ შემთხვევებში, რაზეც ჩვენთან ჩატარდა მოვკლევა და რაზეც რეაგირება გვქონდა სამინისტროში, მოსწავლემ მიიღო ყველა შესაბამისი სერვისი, რაც აუცილებელი იყო მისი რთული ქცევის კორექტირებისთვის “, – ამბობს ეკატერინე ხუციშვილი, სამინისტროს ზოგადი განათლების სამმართველოს უფროსი.
მისივე თქმით, უახლოეს დღეებში სამინისტრო შემთხვევასთან დაკავშირებით კონფერენციას ჩანიშნავს, რომელსაც დაესწრება ყველა დაინტრესებული მხარე, კონფერენციაზე მიღებულ რეკომენდაციებს კი სკოლას გაუზიარებენ. ხუციშვილი ამბობს, რომ ამ დროისთვის ბავშვის გარიცხვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიღებული არ არის, სკოლამ კი სამინისტროს გარანტია მისცა, რომ სასწავლო პროცესი არ შეწყდება.
რუსთავის სკოლის ინციდენტი, როგორც სისტემური ხარვეზი – უფლებადამცველის შეფასება
რუსთავის მე-5 სკოლაში მომხდარ ფაქტს ნეტგაზეთთან აფასებს უფლებადამცველი ანა აბაშიძე. მისი თქმით, ჯერჯერობით საკითხზე მხოლოდ პირობითი მსჯელობა შეიძლება, ვინაიდან ძალიან ბევრი გადამწყვეტი დეტალი ჯერ კიდევ უცნობია. მიუხედავად ამისა, ხარვეზებს მაინც ხედავს.
უფლებადამცველის განმარტებით, თუ ჩვენ დავუშვებთ, რომ ბავშვს რაიმე სახის სპეციფიკური საჭიროებები ჰქონდა, პირველი კითხვა, რომელიც უნდა დაისვას, სკოლას მიემართება და ის ასეთია:
“იცოდა თუ არა ეს სკოლამ, შეაფასა თუ არა ან/და გამოკვეთა თუ არა ეს საჭიროებები. შესაძლებელია, ეს საჭიროებები მომდინარეობდეს სკოლის გარე სივრცეებიდან, მაგალითად, ოჯახიდან, ნათესავებიდან და ა.შ. არ აქვს მნიშვნელობა, საიდან მომდინარეობს ეს საჭიროებები, თუ ისინი ბავშვს აქვს, სკოლამ უნდა აღწეროს და პროფესიონალურად შეაფასოს.
რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა ვმსჯელობთ ჰიპოთეტურად და მხოლოდ იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც ჩვენ ჯერ გვაქვს. მაგრამ თუ ბავშვს ჰქონდა რაიმე საჭიროება, ჩემი მთავარი კითხვაა – რა გააკეთა სისტემამ იმისთვის, რომ ამ ბავშვის საჭიროებები, დაწყებული უსაფრთხოებიდან და დამთავრებული აკადემიურით, მოააგვარა“,- უთხრა ნეტგაზეთს ანა აბაშიძემ.
უფლებადამცველის თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ბავშვის საჭიროებები დაკავშირებული იყო სკოლის მიღმა არსებულ სივრცეზე, ისმის კითხვა, თუ რა გააკეთა სკოლამ იმისთვის, რომ სხვა სახელმწიფო სამსახურები ჩართულიყვნენ პროცესში.
“ეს ასე მარტივად არ ხდება, ასე უბრალოდ, ბავშვი ასეთია – არ არის სწორი შეფასება, არამედ პირიქით, ბავშვის ქცევას განაპირობებს, ძირითად შემთხვევაში, ის წინაპირობები, რომლებზეც ჩვენ არაფერი ვიცით. რაც შეეხება სხვა ბავშვების მშობლების რეაქციას, რაც დღეს ვიხილეთ – რაღაც პანიკურ სიტუაციას გვაგონებს. ბოლომდე სამართლიანები რომ ვიყოთ, თუ მათ ჩათვალეს და აღიქვეს ბავშვისგან მომავალი ქცევა საფრთხედ სხვა ბავშვების მიმართ – ერთი მხრივ, შინაარსობრივად წუხილი გასაგებია იმიტომ, რომ იქ არიან სხვა ბავშვები, რომლებზეც შესაძლოა, მათი ლოგიკით, ამ ბავშვმა მათზეც განახორციელოს რაღაც არასასრუველი ქმედება. მათი ეს მღლვარება ამ წუხილიდან მოდის. მაგრამ მეორე მხრივ, არ უნდა დაგვავიწყდეს არავის, მათ შორის, სხვა ბავშვის მშობლებსაც, რომ ბავშვს ეხება საქმე. პატარა ბავშვს ეხება საქმე, რომელსაც შესაძლოა უსამართლოდ ექცევიან ან აქვს რაღაც კონკრეტული სახის საჭიროება. ამიტომ ის შეკრება, ის ფორმა, რა ფორმაც მათ მისცეს, მოგვაგონებს უშინაარსო, უფრო ლინჩის ტიპის გასამართლების მოთხოვნას, რაც აბსოლუტურად მიუღებელია“, – ამბობს ნეტგაზეთთან აბაშიძე.
უფლებდამცველი ჰყვება, რომ ბავშვი, რომლის წინააღმდეგაც, ფატრობრივად, მთელი სკოლა გამოვიდა, უაღრესად დიდ ემოციურ წნეხს განიცდის, რაც მასზე წარუშლელ კვალს დატოვებს. თუმცა, ამ მეექვსეკლასელის გარდა, დაზარალდებიან სხვა ბავშვებიც, რომლებიც უყურებენ მათ მშობლებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, ვინც ამგვარ მაგალითს აძლევს.
ანა აბაშიძე აღნიშნავს, რომ სკოლას ჰქონდა ვალდებულება, ამგვარი სტრესული დღე ყველა ბავშვისთვის აერიდებინა. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, თუ რას იზამს მომავალში სასწავლო დაწესებულება. მისი თქმით, სკოლას უნდა ჰქონდეს კრიზისული სიტუაციების მართვის რაიმე სახის პროგრამა, რომელიც ბავშვებს არსებული სიტუაციიდან უმტკივნეულოდ გამოიყვანს.
უფლებადამცველი ამბობს, რომ ბავშვის სკოლიდან სხვა სკოლაში გადაყვანა გამოსავალი არასდროს არის და ეს არის მხოლოდ პრობლემის გადადება და არა მისი ადეკვატურად გადაჭრა.
“ერთი ბავშვი სკოლას პრობლემას ვერ შეუქმნის, თუ მისი ყველა აუცილებელი საჭიროება არ იქნება დაკმაყოფილებული. თუ გარე მესამე პირების ჩარევა ახდენს პრობლემების ესკალირებას, ამაზეც ხმამაღლა უნდა ილაპარაკოს სკოლამ“, – ამბოს ანა აბაშიძე.
რაც შეეხება გარიცხვის მოთხოვნას, მისი თქმით, სხვა ბავშვის მშობელს ამის უფლება არ აქვს. ეს და სხვა მსგავსი გადაწყვეტილება სკოლამ უნდა მიიღოს თავად და არა სხვა მშობლის მოხოვნის საფუძველზე. თუმცა ამ ამბავში აბაშიძისთვის მნიშვნელოვანია სხვა ასპექტიც, კერძოდ კი, ყოფილი დირექტორის საკითხი:
“საინტერესოა ეს გამოცდილებაც იმიტომ, რომ…. შემთხვევით ხომ არ არის შურისძიება სწორედ ამ ყველაფრის გამო დარჩენილი პედაგოების ან ამჟამინდელი ხელმძღვანელის მხრიდან. ესეც, რა თქმა უნდა, ჰიპოთეტური შეკითხვაა და მტკიცებით ფორმაში ვერაფერს ვიტყვით. მაგრამ დღეს ჩვენ არაერთხეელ გავიგონეთ, რომ წარსულში ბავშვის მიმართ დირექტორის მხრიდან სავარაუდო უკანონო ქმედებებს ჰქონდა ადგილი, რასაც მისი თანამდებობა შეეწირა“.