ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ უკანონოდ და დისკრიმინაციულად მიიჩნია ბათუმის მერიის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომლითაც მუსლიმ თემს ბათუმში ახალი მეჩეთის აშენებაზე უარი უთხრეს. მუსლიმი თემის სარჩელი „ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების საქმეზე“ დღეს, 30 სექტემბერს დასრულდა.
სასამართლომ სარჩელის მესამე მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რაც გულისხმობდა მერიისთვის ნებართვის გაცემის დავალდებულებას.
“ეს მუნიციპალიტეტის დისკრეციული უფლებამოსილებაა”, – აღნიშნა მოსამართლემ.
მოსამართლემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ დისკრიმინაციულ მოპყრობა მხოლოდ ამ კონკრეტული აქტის გამოცემის დროს დაინახა სასამართლომ და ეს არაა ზოგადად მუნიციპალიტეტის, ან სახელმწიფოს სისტემური დამოკიდებულება მუსლიმი თემის მიმართ.
გადაწყვეტილების გამოცხადებამდე მოსამართლემ მიუთითა, რომ მშენებლობის ნებართვის მისაღებად სამი სტადიის გავლაა საჭირო, ნებართვას კი ბათუმის მერია გასცემს.
“სასამართლო არ არის ის ორგანო, რომელიც გასცემს ამ აქტებს… არ იქნება სწორი ინტერპრეტირება, რომ სასამართლომ გასცა ნებართვა, ან არ გასცა. სასამართლო ამოწმებს, ეს აქტები კანონიერია, თუ კანონშეუსაბამო”, – დასძინა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ.
მოსამართლემ ასევე თქვა, რომ ამ საკითხის “იდეალური გადაწყვეტა” მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი.
მოსამართლემ ხაზი გაუსვა სარჩელში მითითებულ ფაქტსაც – ზონა, სადაც მუსლიმი თემი მეჩეთის აგებას ითხოვს, 7 ეკლესიაა და მერიას ამ მშენებლობებისთვის ხელი არ შეუშლია.
“უსაფუძვლო იქნება იმის მტკიცება, რომ მუნიციპალიტეტი თანაბრად ეპყრობა ორივე რელიგიის წარმომადგენლებს”, – დასძინა მოსამართლემ.
მოსამართლის გადაწყვეტილების მოსასმენად მერიის წარმომადგენელი არ მოსულა.
ბათუმის მერიამ 2017 წლის 5 მაისს უთხრა უარი მუსლიმ თემს ქალაქში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე. საუბარია პირველი ეტაპის ნებართვის მიღებაზე. მერიამ მაშინ თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ საცხოვრებელ ზონაში საკულტო ნაგებობის მშენებლობას ვერ დაუშვებდა. ბათუმის მერიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი ააიპ „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა“ 2017 წლის 10 ივნისს შეიტანა. ამ საქმის განხილვა თვეობით ჭიანურდებოდა. მუსლიმი თემის ინტერესებს „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი“, ასევე „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“ იცავენ.
მუსლიმი თემი სასამართლოში ითხოვდა ბათუმის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, დისკრიმინაციის დადგენას და მერიისთვის შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულებას.