სამართალი

სტრასბურგმა მოხის მეჩეთთან დაკავშირებულ საქმეზე დისკრიმინაცია დაადგინა

17 ნოემბერი, 2021 • 3930
სტრასბურგმა მოხის მეჩეთთან დაკავშირებულ საქმეზე დისკრიმინაცია დაადგინა

სტრასბურგის სასამართლომ 2014 წლის მოხის მეჩეთთან დაკავშირებულ საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა და სახელმწიფოს მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის წამების/არაადამიანური მოპყრობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის მუხლების პროცედურულ და არსებით დარღვევაზე.

მოხის საკითხი

სოფელი მოხე ადიგენის მუნიციპალიტეტში, სამცხე-ჯავახეთში მდებარეობს. ბოლო აღწერის თანახმად, იქ 300-ზე ოდნავ მეტი ადამიანი ცხოვრობს, რომელთა უმეტესობაც მუსლიმია.

ამჟამინდელი მკვიდრი მუსლიმი მოსახლეობის წინაპრები 1975-80 წლებში დასახლდნენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ მეჩეთი სოფელში 1927-34 წლებში ააშენეს მესხმა მუსლიმებმა.

შენობა, რომელსაც 1957 წლიდან კლუბის სტატუსი ჰქონდა, საბჭოთა პერიოდში დიდხანს გამოიყენებოდა საწყობად, ბიბლიოთეკად და სოფლის კლუბად. 2007 წლიდან  ადიგენის მუნიციპალიტეტის ბალანსზე ირიცხებოდა.

მუსლიმი თემი შენობის კონსერვაციის ან რესტავრაციის თხოვნით, 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, ხელისუფლებას მიმართავდა ხოლმე, თუმცა მათ თხოვნას რაიმე კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია.

ვითარება მოხეში 2014 წელს დაიძაბა: მაისის ბოლოს სოფელი მოხის მოსახლეობამ ადგილობრივ ხელისუფლებას შენობის სამუფთო სამმართველოსთვის [მუსლიმების წარმომადგენლობისათვის] გადაცემის თხოვნით მიმართა.

რამდენიმე კვირაში მუსლიმმა თემმა ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლისგან მიიღო წერილი, სადაც აღნიშნავდა, რომ „სადავო ქონება“ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ მხოლოდ „საჯარო ფუნქციებისა და უფლებამოსილების განხორციელების მიზნით“ შეიძლება გამოიყენოს.

პროტესტი

იმავე შემოდგომაზე, 2014 წლის 18 ოქტომბერს, შენობის დემონტაჟი დაიწყეს. ეს მაშინვე გააპროტესტეს ადგილობრივმა მუსლიმებმა. შედეგად, მშენებლებმა — ტენდერში გამარჯვებული კომპანიის თანამშრომლებმა — სოფელი დატოვეს.

ამას, თავის მხრივ, ქრისტიანი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. სოფლის ცენტრში შეკრებილი ქრისტიანები ამბობდნენ, რომ არ დაუშვებდნენ შენობის მუსლიმთა სამმართველოსთვის გადაცემასა და ამ ადგილას მუსლიმური საკულტო ნაგებობის აშენებას.

ამასობაში საქმეში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაც ჩაერთო: ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიის მთავარეპისკოპოსის, მეუფე თეოდორეს განცხადებით, XVI საუკუნეში აღნიშნულ ადგილას ქრისტიანული ტაძარი იყო, 1920-იან წლებში ეკლესიების ნგრევისა და მეჩეთების მშენებლობის შემდეგ კი სადავო შენობის ადგილას მეჩეთის მშენებლობა დაიწყო.

6 დღეში, 2014 წლის 22 ოქტომბერს, სოფელ მოხეში მშენებლებმა მეჩეთის დემონტაჟი განაახლეს. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, დემონსტრანტი მუსლიმების წინააღმდეგ, — რომლებიც ხელისუფლების მოულოდნელ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, – პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა და უხეშად დაარღვია მათი უფლებები. ინციდენტის დროს სოფელ მოხეში პოლიციამ 14 პირი დააკავა.

სწორედ ეს საქმე გასაჩივრდა სტრასბურგის სასამართლოში. წარდგენილ საჩივარს ოთხი მომჩივანი ჰყავდა: თეიმურაზ და ოთარ მიქელაძეები (მოხელი მამა-შვილი – თეიმურაზ მიქელაძე მოხის რწმუნებული იყო) და მალხაზ და გოჩა ბერიძეები (დარცელიდან). მათ სტრასბურგის სასამართლოში ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (ყოფილი EMC) წარმოადგენდა.

დავის დეტალები

22 ოქტომბერს, დილის 10 საათისთვის, სამუშაოების დაწყების პარალელურად, მოხის შენობასთან 60-დან 100-მდე პოლიციელი იყო მობილიზებული, ასევე, იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. იქვე შეიკრიბნენ ადგილობრივი, მუსლიმი თემის წარმომადგენლები, 50-დან 100-მდე ადამიანი, რათა შენობის ბიბლიოთეკად გადაკეთება გაეპროტესტებინათ.

პოლიციამ ცოცხალი კორდონი აღმართა დემონსტრანტებსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს/შენობას შორის. შორიახლოს ასევე შეიკრიბნენ ეკლესიის მრევლის წარმომადგენლები, მაგრამ პროტესტში მონაწილეობა არ მიუღიათ.

თეიმურაზ მიქელაძე, მოხის რწმუნებული, შენობასთან მამამისთან, ოთარ მიქელაძესთან ერთად მივიდა. მალხაზ ბერიძე მეზობელი სოფლიდან შეუერთდა პროტესტს, გოჩა ბერიძე კი შორიახლოს მდებარე სკოლაში მუშაობდა და პროცესებში სკოლის შენობიდან გამოსვლის შემდეგ ჩაერთო.

აპლიკანტების ვერსიით, პოლიციამ გამოიყენა გადამეტებული ძალა დემონსტრანტების, მათ შორის აპლიკანტების, დაკავებისას და მათ მიმართ შეურაცხმყოფელ სიტყვებს იყენებდნენ, მაგალითად, „თათარს“, რაც, აპლიკანტების თანახმად, უარყოფით კონოტაციას ატარებს და გულისხმობს, რომ „ისლამი შეუსაბამოა ქართველობასთან“. მათ თანახმადვე, ძალადობა პოლიციის შენობაშიც გაგრძელდა.

მთავრობის ვერსიით, აპლიკანტები, – და სხვა დემონსტრანტებიც, – ფიზიკურად და სიტყვიერად ძალადობდნენ და ცდილობდნენ პოლიციის კორდონის გარღვევას, რათა სადავო შენობა დაეკავებინათ. ოფიციალური ვერსიით, ისინი დააკავეს პოლიციელების მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო, ხოლო პოლიციას ძალისთვის არ გადაუმეტებია და შეურაცხმყოფელი განცხადებები არ გაუკეთებია.

სტრასბურგის გადაწყვეტილება

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა ყველა მოსარჩელის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) პროცედურული ასპექტის დარღვევა როგორც დამოუკიდებლად, ასევე მე-14 მუხლთან (დისკრიმინაციის აკრძალვა) მიმართებით.

მე-3 მუხლი ადგენს, რომ „ადამიანის წამება, არაადამიანური თუ დამამცირებელი დასჯა ან მასთან ასეთი მოპყრობა დაუშვებელია“.

მე-14 მუხლი კი ადგენს, რომ დაუშვებელია დისკრიმინაცია „სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების“ თუ სხვა ნიშნის განურჩევლად.

სტრასბურგის სასამართლო წერს, რომ 4-ვე მომჩივანის მიმართ დადგინდა მე-3 მუხლის პროცედურული ასპექტის დარღვევა როგორც დამოუკიდებლად, ასევე მე-14 მუხლთან მიმართებით.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განმარტებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელისუფლებამ დისკრიმინაციულ მოტივებზე დაყრდნობით არ გამოიძია განმცხადებლების მიმართ არასათანადო და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები და დაადგინა, რომ „განმცხადებლების ბრალდებები კუმულატიურად წარმოადგენს კონვენციის მესამე მუხლის პროცედურული ნაწილის (ეფექტიანი გამოძიების ვალდებულების) დარღვევას დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ მუხლის დარღვევასთან ერთად“.

ამასთან, სასამართლო ადგენს, რომ თეიმურაზ მიქელაძის მიმართ ადგილი ჰქონდა მე-3 მუხლის არსებითი ასპექტის დარღვევას. სხვა სამი აპლიკანტის მიმართ მე-3 მუხლის არსებითი ასპექტის დარღვევა არ დადგენილა.

სასამართლომ ასევე განაცხადა, რომ არ არის საჭიროება, არსებითად განიხილოს მომჩივანთა საჩივრები მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობა), მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლებთან მიმართებით.

სტრასბურგის სასამართლომ დაავალდებულა საქართველოს მთავრობა, გადაუხადოს 3900 ევრო მიქელაძეს, ხოლო დანარჩენ სამ მოსარჩელეს სათითაოდ 1800 ევრო.

გირჩევთ ამ საკითხზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი