ახალი ამბები

სასამართლოსთან სპეცრზმელის გირაოთი გამოშვება გააპროტესტეს

28 სექტემბერი, 2019 •
სასამართლოსთან სპეცრზმელის გირაოთი გამოშვება გააპროტესტეს

“შერჩევითი სამართალი სირცხვილია”-ამ სახელწოდებით საქალაქო სასამართლოსთან აქცია გაიმართა.

აქტივისტებმა 20 ივნისის დარბევის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალდებული სპეცრზმელისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გირაოში შეცვლას გააპროტესტეს, მაშინ როცა აქციის 2 დაკავებული მონაწილე, ლევან ჯიქური და ბესიკ თამლიანი, მათი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, პატიმრობაში რჩებიან.

“კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს სასამართლოს პროკურატურა აკონტროლებს. თავად პროკურატურა კი ბიძინა ივანიშვილის მიერ კონტროლდება. 20 ივნისის პოლიტპატიმრები ციხეში არ უნდა იყვნენ, რადგან ისინი უდანაშაულოები არიან.

ერთ-ერთი დაკავებულის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ის ფაქტობრივად პარალიზებულია და მარტო ვერ გადაადგილდება, თუმცა მოსამართლემ ეს ფაქტობრივ გარემოებად არ ცნო და მისი გათავისუფლება თუნდა გირაოს სანაცვლოდ არ მოხდა. ამ დროს გაათავისუფლეს სპეცრაზმელი. ეს ადამიანი 20 ივნისის ღამეს გვარბევდა. ეს არის დღეს ქართული სასამართლო,”-აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ნოდარ რუხაძე.

გუშინ, 27 სექტემბერს 20 ივნისის დარბევის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალდებული სპეცრაზმელი 10 000 ლარის ოდენობის გირაოს საფუძველზე დარბაზიდან გაათავისუფლეს.

პატიმრობის გირაოთი შეცვლა დაცვის მხარემ მოითხოვა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. დაცვის მხარე ამის მიზეზად ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებდა.

“ეს სპეცრაზმელი გამოუშვეს მას ჯანმრთელობის მდგომარეობა ჰქონია გაუარესებული. მაშინ ჩემმა ქმარმა რა დააშავა, რომელიც ეტლშია და მოუკიდებლად სიარული არ შეუძლია. მისი მდგომარეობა არავი გაითვალისწინა, მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობის ცნობები გვაქვს,”-აცხადებს ლევან ჯიქურის ცოლი.

პატიმრობის გირაოთი შეცვლას 23 სექტემბერს გამართულ სხდომაზე ითხოვდა 20 ივნისის აქციის ერთ-ერთი დაკავებული მონაწილის, ლევან ჯიქურის ადვოკატიც, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ადვოკატი აღნიშნავს, რომ ჯიქურის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მისი თქმით, ჯიქურმა წონაში 40 კგ დაიკლო, შაქარი დავარდნილი აქვს, უჩივის დაბალ წნევებს, პარალიზებულია და დამოუკიდებლად გადაადგილებას ვერ ახერხებს. ადვოკატის თქმით, ბრალდებულს მარცხენა ხელი და ფეხი აქვს პარალიზებული და მხოლოდ ეტლით შეუძლია გადაადგილება, ისიც ექიმების დახმარებით.

ჯიქურის საქმეზე მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა თქვა, რომ ამ გადაწყვეტილებისთვის დამატებითი ფაქტობრივი გარემოებებია საჭირო, მათ შორის, ახალი სამედიცინო ცნობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი