ახალი ამბები

სოლიდარობა ეკა ბესელიას და ყველა ქალს, შანტაჟი და ძალადობა უნდა დასრულდეს — ხაზარაძე

26 სექტემბერი, 2019 • 1677
სოლიდარობა ეკა ბესელიას და ყველა ქალს, შანტაჟი და ძალადობა უნდა დასრულდეს — ხაზარაძე

მამუკა ხაზარაძე სოლიდარობას უცხადებს ეკა ბესელიას პარლამენტში ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ და აცხადებს, რომ ქალების მიმართ შანტაჟი და მათზე ძალადობა უნდა დასრულდეს.

ტვ პირველის ეთერში სტუმრობისას ხაზარაძემ განაცხადა: „მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ეკას და მთელი პასუხისმგებლობითა და სიმკაცრით დავგმო ის, რაც უკვე წლების განმავლობაში ხდება ჩვენს ქვეყანაში — ადამიანებზე ზეწოლა, შანტაჟი“.

თუნდაც ის ფაქტი, რაც დღეს მოვისმინეთ, არანაირ კაცურ, არანაირ ქართულ საქციელში არ ეწერება, ქალის მიმართ დამოკიდებულებაში არ ეწერება და, საერთოდ, ეს ამ ხელისუფლების ხელწერაა, რომელიც ძალიან კარგად გადმოიღო წინა ხელისუფლებისგან“, — თქვა ხაზარაძემ.

„ძალიან ბევრი გატყდა, ძალიან ბევრი დაიმალა, ძალიან ბევრმა ვერ გაუძლო, მაგრამ ხელისუფლება ხედავს, რომ არიან ადამიანები, რომლებიც არ ეპუებიან ასეთ შანტაჟს. ასეთი ერთ-ერთი ადამიანი არის ეკა [ბესელია] და მას ჩემი სოლიდარობა და ყველა ქალს, რომელიც ძალადობის მსხვერპლია. ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს ქალებზე ძალადობა. არ იგულისხმება მარტო შანტაჟი, არამედ აღმოჩნდა … რომ თურმე ქალზე ძალადობა ნორმალური ამბავი ყოფილა [საქართველოში] და ბოლო წლებში ჩვენ ძალიან ბევრი ფაქტი ვიხილეთ, როგორ ხდება ეს ყველაფერი“.

26 სექტემბერს პარლამენტში, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ მირანდა ირემაძეს უსმენდნენ, დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ „ქართული ოცნების“ წევრს, ვანო ზარდიაშვილს დაარტყა. ბესელიას ქმედება მოჰყვა ზარდიაშვილის რეპლიკას, რა დროსაც მან „ბესელიას მორალი“ ნეგატიურ კონტექსტში ახსენა.

ეკა ბესელიას თქმით, ზარდიაშვილმა მას „ამორალური პროვოკაცია“ მოუწყო და მისი მისამართით ამბობდა ისეთ შეურაცხმყოფელ ფრაზებს, რომლებიც ზღვარს სცდება. წელს ბესელიას სოციალურ ქსელებში პირადი, ოჯახური ცხოვრების ამსახველი კადრები გაუვრცელეს.

ნახეთ ასევე:

შეურაცხყოფა არ მიმიყენებია — ზარდიაშვილი იმეორებს რეპლიკას „ბესელიას მორალზე“

მასალების გადაბეჭდვის წესი