ახალი ამბები

შეურაცხყოფა არ მიმიყენებია — ზარდიაშვილი იმეორებს რეპლიკას „ბესელიას მორალზე“

26 სექტემბერი, 2019 •
შეურაცხყოფა არ მიმიყენებია — ზარდიაშვილი იმეორებს რეპლიკას „ბესელიას მორალზე“

პარლამენტარი ვანო ზარდიაშვილი ეკა ბესელიასთან ინციდენტის შემდეგ ამბობს, რომ მისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია და იმეორებს იმ რეპლიკას, რის გამოც ბესელიამ ჩაარტყა.

ზარდიაშვილმა ტვ პირველის ეთერში თქვა, რომ საზოგადოებას უხდის ბოდიშს იმის გამო, რომ „მსგავსი ფაქტების ნახვა მოუწიათ“, შემდეგ კი თქვა: „ეს არ ჯდება ჩემს ხასიათში. მაგიტომ შევეცადე, რომ მას არ ავყოლოდი. ქართული საზოგადოება ნამდვილად არ იმსახურებს საკანონმდებლო ორგანოდან მსგავსი ხასიათის ფაქტების ნახვას“.

26 სექტემბერს პარლამენტში, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ მირანდა ირემაძეს უსმენდნენ, დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ „ქართული ოცნების“ წევრს, ვანო ზარდიაშვილს დაარტყა. ბესელიას ქმედება მოჰყვა ზარდიაშვილის რეპლიკას, რა დროსაც მან „ბესელიას მორალი“ ნეგატიურ კონტექსტში ახსენა.

ინციდენტიდან ცოტა ხანში, ტვ პირველის ეთერში, ზარდიაშვილმა გაიმეორა ის რეპლიკა, რამაც ბესელიას გაღიზიანება გამოიწვია: „გედი ფოფხაძემ ახსენა ჩემი მორალი რაღაც კონტექსტში. მე ქალბატონ ეკასთან შეხება საერთოდ არ მქონია. მე უბრალოდ გედი ფოფხაძეს გავხედე და ვუთხარი, რომ მორალზე თუ საუბრობდა და ეკა ბესელიას მორალი არ აკვირვებდა, ზარდიაშვილის მორალი იქ მისატანი არ იქნებოდა“.

ზარდიაშვილი ამბობს, რომ ბესელიასთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია: „ამაზე ქალბატონი ეკა წამოენთო და რაც იკადრა, ნახეთ. ეს იყო და ეს. ახლა რაღაცებს იგონებენ, თითქოს მას შეურაცხყოფა მივაყენე. ეს ჩემს ხასიათში, ბუნებასა და აღზრდაში არ ზის“.

ზარდიაშვილმა ამ რეპლიკას მისი მხრიდან ბესელიას „ყველაზე მსუბუქი შეფასება“ უწოდა, თავად ბესელიას კი — „მოძალადე“: „როდესაც ვხედავ, ქალბატონი ეკა რას აკეთებს და საზოგადოებაში როგორ ჩანს, ჩემი აზრით, ჩემი მხრიდან ეს იყო ყველაზე მსუბუქი შეფასება. აქედან გამომდინარე, მისთვის არ მიმიმართავს, შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. უბრალოდ, მოხდა კარგი ფაქტი — ქალბატონმა ეკამ აჩვენა თავისი ნათელი სახე და ჩვენ სამსახურში თითქმის ყოველდღე ასეთს ვუყურებთ… იგი პირდაპირი მნიშვნელობით მოძალადეა“…

ეკა ბესელიას განცხადებით, ზარდიაშვილმა მას „ამორალური პროვოკაცია“ მოუწყო და მისი მისამართით ამბობდა ისეთ შეურაცხმყოფელ ფრაზებს, რომლებიც ზღვარს სცდება.

მიმდინარე წლის განმავლობაში ეკა ბესელიას სოციალურ ქსელებში პირადი, ოჯახური ცხოვრების ამსახველი კადრები გაუვრცელეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი