ახალი ამბები

ბატიაშვილი ჩვენებაში ამბობს, რომ მისი ხელმოწერა ფორმალურია — კერზაიას შვილი

26 სექტემბერი, 2019 • 1244
ბატიაშვილი ჩვენებაში ამბობს, რომ მისი ხელმოწერა ფორმალურია — კერზაიას შვილი

ზუგდიდის მე-6 სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას შვილის, ბაჩანა შენგელიას თანახმად, განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი კერზაიას საქმეზე მიცემულ ჩვენებაში ამბობს, რომ მისი გათავისუფლების საკითხი პირადად არ განუხილავს, რადგან აუდიტის სამსახურს ენდობა და ბრძანებაზე მისი ხელმოწერა მხოლოდ ფორმალურია.

შენგელია წერს: „სრულიად გამაოგნებელია მინისტრად წოდებული ბატიაშვილის ჩვენება, სადაც ის ამბობს, რომ იას გათავისუფლების საკითხი პირადად არ განუხილავს, რადგან ენდობა აუდიტის სამსახურს და ბრძანებაზე მისი ხელმოწერა მხოლოდ ფორმალურად არის. ასევე ამბობს, რომ მის იუზერს, რომლითაც ხდება ბრძანებაზე ხელმოწერა ან საჩივრების განაწილება, ხშირად იურიდიული დეპარტამენტის უფროსი იყენებს (ამით ფაქტობრივად პასუხისმგებლობის მოხსნას ცდილობს)“.

ის პირობას დებს, რომ ამ და სხვა საკიითხებზე მედიას დაელაპარაკება, ხვალ კი სახალხო დამცველს მიმართავს საქმეში არსებული დარღვევების შესახებ. „სასამართლოში გასაჩივრება შეზღუდული მაქვს, რადგან დაზარალებულად დღემდე არ ვარ ცნობილი, რაც ალბათ უპრეცედენტო ფაქტია“, — ამბობს იგი.

ია კერზაია 2018 წლის ნოემბერში სკოლაში ჩატარებული ისპექციის შემდეგ ანევრიზმის დიაგნოზით გადაიყვანეს საავადმყოფოში, რის შემდეგაც გარდაიცვალა. სამინისტროს თანახმად, ინსპექცია სკოლაში მათთან შესული წერილის საფუძველზე ჩატარდა. კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია, ჩატარებულ ინსპექციას, რაც, მისი თქმით, კერზაიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების საფუძველი გახდა, პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს.

როგორც ბაჩანა შენგელიამ ნეტგაზეთს უთხრა, სკოლის შემოწმებიდან დასკვნამდე პერიოდში კერზაიას შემოუთვალეს, რომ თუ “ოცნებისთვის” იმუშავებდა, მათ მხარდამჭერთა სიებს მიაწვდიდა და ა.შ, “დამოკიდებულება შეიცვლებოდა”. კერზაია სკოლაში ჩატარებული შემოწმებიდან მალევე ანევრიზმის დიაგნოზით გადაიყვანეს საავადმყოფოში. ის ოპერაციის შემდეგ მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და 9 დეკემბერს გარდაიცვალა.

პროკურატურამ აგვისტოში განაცხადა, რომ ზუგდიდის მე-6 სკოლის ინსპექტირებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილება – დანაშაულის არარსებობის გამო საქმეზე გამოძიება შეწყდა.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდება განათლების სამინისტროს საპასუხო კომენტარის მისაღებად.

მასალების გადაბეჭდვის წესი