გორში 9 წლის გოგოს მკვლელობის ბრალდებით შსს-მ 34 წლის მამაკაცი დღეს, 26 ოქტომბერს, დილის საათებში დაკავა. როგორც უწყების მიერ გავრცელებული განცხადებიდან ჩანს, აღნიშნული პირი წარსულშიც ნასამართლევი იყო. დაკავებიდან მალევე რამდენიმე მედიასაშუალებამ ბრალდებულის სავარაუდო ვინაობა გაამჟღავნა და მის შესახებ სხვადასხვა სახის ინფორმაცია გაავრცელა.
მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის უმეტესობა აღნიშნული პირის წარსულს ეხება. როგორც ირკვევა, ბრალდებული 2004 წელს ციხეში იხდიდა სასჯელს, სადაც, სახალხო დამცველის თქმით, სასტიკად სცემეს. ეს ინფორმაცია “ადამიანის უფლებათა ცენტრის” ვებსაიტის არქივში ინახება.
მართალია, რამდენიმე უწყება ადასტურებს, რომ პირი ნასამართლევი იყო, ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ რა მუხლით მიეცა ის პასუხისგებაში. ნეტგაზეთი დაუკავშირდა შსს-ს, სადაც უთხრეს, რომ ამ საკითხზე ინფორმაციის მოკვლევა მიმდინარეობს.
მიუხედავად იმისა, რომ სამთავრობო უწყება აღნიშნულ ინფორმაციას ჯერ არ გასცემს, რამდენიმე მედიასაშუალება სხვადასხვა ვერსიას ახმიანებს. ისინი ამბობენ, რომ პირმა საპყრობილე რამდენიმე თვის წინ დატოვა და მოკლული ბავშვის მეზობლად, ერთ-ერთ სახლში, სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა. შსს-მ , სავარაუდოდ, ამ სახლის სარდაფში იპოვა სისხლის საეჭვო კვალი, რაზეც შესაბამისი ექსპერტიზა დაინიშნა.
დაკავებულის დედამ რუსთავი 2-ს უთხრა, რომ მისი შვილი ციხიდან 9 თვის წინ გამოვიდა. ქალის სიტყვებით, ბრალდებულმა ციხეში 9 წელი დაჰყო.
კითხვაზე, თუ რის გამო მოიხადა მისმა შვილმა სასჯელი, ქალი კონკრეტულ პასუხს არ იძლევა. თავადპირველად ის ამბობს, რომ შვილი ყაჩაღობის გამო დააკავეს, თუმცა შემდეგ, ჟურნალისტის კითხვაზე პასუხობს – “[დააკავეს] ტელეფონის წართმევაზე და ჯაჯგურის დროს ძალადობა გამოვიდა მერე. ქალბატონი იყო ვიღაც, არ ვიცი”. ამავდროულად, ქალი უარყოფს, რომ მისმა შვილმა მსხვერპლს რაიმე სახის გამოსასყიდი მოსთხოვა.
ტელეკომპანიასთან საუბარში ქალი საუბრობს ელექტრონულ ჩიპზეც, რომელზეც, სავარაუდოდ, მოზარდთა ფოტოები ინახებოდა და რომელიც ბრალდებულს, რამდენიმე მედიასაშუალების თქმით, დაკავებისას თან ჰქონდა. ქალი ადასტურებს ჩიპის არსებობას, თუმცა ამბობს, რომ მისმა შვილმა ის ციხიდან წამოიღო და არ იცოდა, რა ფოტოები ინახებოდა მოწყობილობაში.
ბრალდებულის წარსულზე წერს Qartli.ge-ც. გამოცემა აღნიშნულ პირს 14 წლის წინ გაუჩინარებულ მოზარდს უკავშირებს. Qartli.ge დაუკავშირდა 11 წლის მოზარდის დედას, რომელმაც განმარტა, რომ ოჯახი 11 წლის ბიჭის გაუჩინარებას სწორედ ამ პირს უკავშირებდა.
“ჩემი შვილი 14 წლის წინ გაუჩინარდა. 11 წლის იყო. ეზოდან გაიყვანეს და ახალბაღისკენ წაიყვანეს. ეს პირი სწორედ ჩემი შვილის გატაცების საქმეში ფიგურირებდა. მაშინ წერილი შემოგვიგდეს სახლში, თქვენ შვილის გათავისუფლების სანაცვლოდ 20 ათასი ლარი გადაიხადეთო. ჩვენ ეჭვი მივიტანეთ მასზე. მუშაობდა ჩვენს ავტოფარეხში, ჩემ შვილთან ძალიან დაახლოებული იყო. მას გატაცება ვერ დაუმტკიცდა, თუმცა სასჯელი მოიხადა გამოძალვაზე“ ,- აცხადებს გაუჩინარებული ბავშვის დედა.
ამავე გამოცემის თანახმად, ბრალდებული მაშინ 22 წლის იყო.
ტელეკომპანია “დიას” 25 ოქტომბერს გორში მოკლული ბავშვის პედაგოგმა ოჯახის წევრებსა და თვითმხილველებზე დაყრდნობით უთხრა, რომ დაკავებულს თან აღმოაჩნდა პირადი მობილური ტელეფონიც, რომელშიც 9 წლის გოგოს სურათები ინახებოდა. მისივე თქმით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ კაცი მსხვერპლს რამდენიმე დღის განმავლობაში უთვალთვალებდა.