ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1223-ე სხდომა 2015 წლის 18 მარტს გაიმართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავის გამოსვლაში კონსტანტინე კორკელიამ აღნიშნული ფაქტი შეაფასა, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართული მორიგი ნაბიჯი რუსეთის ფედერაციის მხრიდან და აღნიშნა, რომ მიუხედავად საერთაშორისო საზოგადოების არაერთი მოწოდებისა, რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების ანექსიას.
საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა მოუწოდა ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს, მისცენ შესაბამისი სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება აღნიშნულ ფაქტს და გადადგან ნაბიჯები რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის ანექსიის ფაქტის საპასუხოდ.
დღის წესრიგის აღნიშნული საკითხის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა ევროპის საბჭოში ევროკავშირის წარმომადგენელი და გაახმიანა ევროკავშირის განცხადება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ევროკავშირის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მსგავსი ხელშეკრულების ხელმოწერა არის რუსეთის ფედერაციის მხრიდან საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევა და საფრთხეს უქმნის სტაბილურობას რეგიონში. ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
მოსკოვსა და ცხინვალს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმებას ხელს დღეს, 18 მარტს კრემლში პრეზიდენტები, ვლადიმერ პუტინი და ლეონიდ თიბილოვი მოაწერენ.
აღნიშნულ შეთანხმებას რუსეთის ფედერაცია და სამხრეთ ოსეთი 25 წლის ვადით გააფორმებენ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2015 წლის 17 მარტს გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერია, რომ შეერთებული შტატები ცხინვალსა და მოსკოვს შორის რაიმე სახის შეთანხმებას არ აღიარებს.