ახალი ამბები

არნოლდ შვარცნეგერი გრეტა ტუნბერგს კანადაში გასამგზავრებლად ელექტრომობილს ათხოვებს

26 სექტემბერი, 2019 • 3256
არნოლდ შვარცნეგერი გრეტა ტუნბერგს კანადაში გასამგზავრებლად ელექტრომობილს ათხოვებს

ჰოლივუდის ვარსკვლავმა და კალიფორნიის ყოფილმა გუბერნატორმა არნოლდ შვარცნეგერმა 16 წლის აქტივისტ გრეტა ტუნბერგს კანადაში გასამგზავრებლად და კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო მარშში მონაწილეობის მისაღებად საკუთარი ელექტრომობილი ათხოვა. ინფორმაციას ამის შესახებ Newsweek ავრცელებს.

როგორც გრეტამ სკანდინავიურ ტოქ-შოუში საუბრისას განაცხადა, შვარცნეგერისგან მიღებული შეთავაზება ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო იყო, რაც ოდესმე მოუსმენია. ტოქ-შოუში ასევე დაადასტურეს, რომ გრეტა შვარცნეგერის შეთავაზებას დასთანხმდა და მამასთან ერთად მონრეალში გაემგზავრება, რათა პარასკევს კლიმატური ცვლილებების საწინააღმდეგო მარშს დაესწროს:

“ბევრმა ადამიანმა შემოგვთავაზა ელექტრომანქანის თხოვება. ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო შეთავაზება, რაც მივიღე, არნოლდ შვარცნეგერისგან იყო, რომელმაც თავისი ავტომობილის თხოვება შემომთავაზა”, – ამბობს გრეტა.

16 წლის აქტივისტი თვითმფრინავით გადაადგილებაზე უარს აცხადებს იმ ზიანის გამო, რომელსაც ეს სატრანსპორტო საშუალება გარემოს აყენებს. გრეტა შვედეთიდან აშშ-შიც იალქნიანი გემით ჩავიდა, სადაც გაეროს ასამბლეას დაესწრო.

მასალების გადაბეჭდვის წესი