შვედი ეკოაქტივისტი, გრეტა ტუნბერგი, დღეს, 4 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე იმყოფებოდა.
ტუნბერგმა „ნეტგაზეთს“ უთხრა, რომ დემოკრატიისთვის და ქართველი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლის მხარდასაჭერად მივიდა აქციაზე.
„ქართველი ხალხი ყოველ ჯერზე ეწინააღმდეგებოდა რეპრესიებს. ჩემთვის ცნობილია [მიმდინარე] პროცესები, თუმცა ამ კვირაში, ადგილობრივ აქტივისტებთან შეხვედრის შემდეგ, მეტის გაგებას ველი“, – ამბობს იგი.
გრეტა ტუნბერგი კლიმატის ცვლილებასთან და მის შედეგებთან მებრძოლი შვედი აქტივისტია, რომელიც ფართოდ ცნობილი 2019 წლის შემოდგომაზე გახდა.
ტუნბერგი აგრეთვე სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, ნომინირებული იყო ნობელის პრემიაზე მშვიდობის დარგში და 2019 წელს ჟურნალ TIME-ის მიერ წლის ადამიანადაც დასახელდა.