ახალი ამბები

დეპორტაციის და აგვისტოს ომის საქმეებზე რუსეთის დავალიანება 154 მლნ ევრომდე გაიზარდა

20 სექტემბერი, 2024 •
დეპორტაციის და აგვისტოს ომის საქმეებზე რუსეთის დავალიანება 154 მლნ ევრომდე გაიზარდა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა იმსჯელა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ.

კომიტეტმა შეშფოთება გამოთქვა საქმის „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ I და II სახელმწიფოთაშორის დავებზე ევროპის ადამიანის უფლებათა გადაწყვეტილების აღუსრულებლობის გამო. პირველი საქმე ეხება 2006 წელს რუსეთიდან ქართველების მასობრივ დეპორტაციას, რომელზეც სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის ფედერაციას 10 000 000 ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა დააკისრა; მეორე, აგვისტოს ომის საქმეზე რუსეთს 129 მილიონ ევროზე მეტის კომპენსაცია დაეკისრა.

ვადის ამოწურვის მიუხედავად, რუსეთმა კომპენსაციები არ გადაიხადა, რისთვისაც მას დავალიანების პროცენტი ერიცხება.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თანახმად, 2024 წლის სექტემბრის მდგომარეობით, დეპორტაციის საქმეზე რუსეთის ფედერაციის მთლიანი დავალიანებამ 12 503 972,60 ევრო შეადგინა, ომის საქმეზე კი — 141 183 849,33 ევრო.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა, შეასრულოს საერთაშორისო სამართლისა და კონვენციით ნაკისრი ვალდებულებები, აღასრულოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები და დაუყოვნებლივ გადაიხადოს კომპენსაციები დარიცხულ საპროცენტო განაკვეთთან ერთად.

იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ხელისუფლება არ ჩაერთო ზედამხედველობის პროცესში, მინისტრთა კომიტეტი ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს სთავაზობს, გამოიკვლიონ ყველა შესაძლო საშუალება ამ საქმეების აღსრულების უზრუნველსაყოფად.

გადაწყვეტილებების ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს აღსრულების ზედამხედველობის მექანიზმის ფარგლებში საქმის განხილვა 2025 წლის სექტემბრამდე გაგრძელდება .

მასალების გადაბეჭდვის წესი