ახალი ამბები

PACE-ში რუსეთს სტრასბურგის გადაწყვეტილებების შესრულებისკენ მოუწოდეს

26 იანვარი, 2021 • 1127
PACE-ში რუსეთს სტრასბურგის გადაწყვეტილებების შესრულებისკენ მოუწოდეს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ზამთრის სესიაზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე მსჯელობენ.

ამ დროისთვის ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ზედამხედველობას უწევს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 5 000 გადაწყვეტილების აღსრულებას. ზოგიერთი გადაწყვეტილება 10 წელზე მეტია არ აღსრულებულა. სტრასბურგის სასამართლოს აღუსრულებელი გადაწყვეტილებების რიცხვით რუსეთი და თურქეთი ლიდერობენ. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების იმპლემენტირებაში პრობლემებია, ასევე, უკრაინაში, რუმინეთში, უნგრეთში, იტალიაში, საბერძნეთში, მოლდოვაში, აზერბაიჯანსა და ბულგარეთში.

პლენარულ სხდომაზე განიხილავენ იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ მომზადებულ ანგარიშს “ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის შესახებ” ანგარიშის პროექტს, რომელზეც მომხსენებელია კონსტანტინოს ეფსტატიუ (კვიპროსი, სოციალ-დემოკრატები).

ინდივიდუალურ საქმეებთან ერთად, ანგარიშში საუბარია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობაზე ორ სახელმწიფოთაშორის საქმეზე: “კვიპროსი თურქეთის წინააღმდეგ” და “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (I)”.

პირველი სახელმწიფოთაშორისი დავა საქართველო-რუსეთს შორის ეხება 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან ეთნიკური ქართველების მასობრივ დეპორტაციას. დეპორტირებულების საქმეზე გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ 2019 წლის 31 იანვარს გამოაცხადა და რუსეთის ფედერაციას საქართველოს სასარგებლოდ 10 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა დაავალა.

ეს თანხა უნდა განაწილდეს 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლ პირებზე. ვადების ამოწურვის მიუხედავად, რუსეთს კომპენსაცია ამ დრომდე არ გადაუხდია და პროცედურას აჭიანურებს, მათ შორის, ეჭვქვეშ დააყენა ქართული მხარის მიერ წარდგენილი დაზარალებულთა სიის ნამდვილობა.

სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოს მოქალაქეებისთვის 10 მლნ ევროს გადახდა დააკისრა

ანგარიშში ნათქვამია, რომ ეს საქმე პოლიტიკური დაძაბულობით გამოირჩეოდა. მინისტრთა კომიტეტი მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, აწარმოოს გადაუდებელი კონსულტაციები სამდივნოსთან კომპენსაციის და პირგასამტეხლოს დარიცხული პროცენტების გადახდის მოდალობებთან დაკავშირებით.

ანგარიშის განხილვისას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატებმა თავიანთ გამოსვლებში განსაკუთრებით ხაზი გაუსვეს რუსეთისა და თურქეთის მიერ შეუსრულებელ ვალდებულებებს და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების სავალადებულო ძალისა და აღსრულების საკითხზე ახალი, გამკაცრებული პროცედურების მიღების აუცილებლობის შესახებ ისაუბრეს.

დეპუტატებმა სახიფათო და შემაშფოთებელი უწოდეს რუსეთის კონსტიტუციაში შესულ ცვლილებებს, რომელიც რუსეთის საშუალებას აძლევს, გადახედოს ECHR-ის იმ გადაწყვეტილებების შესრულებას, რომელსაც რუსეთის კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ ჩათვლის და იმედი გამოთქვეს, რომ ვენეციის კომისია დადებს დასკვნას აღიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით.

“დროა, გადავწყვიტოთ, რას ვაკეთებთ [სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის] პრობლემასთან დაკავშირებით. ვერ მივიღებთ, რომ არსებობს ქვეყნები, რომლებიც უბრალოდ უარყოფენ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებებს. საჭიროების შემთხვევაში, მზად უნდა ვიყოთ,, საბოლოო ჯამში ამ ქვეყნების ევროპის საბჭოდან გარიცხვისთვის, თუ ისინი არ აკმაყოფილებენ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოთხოვნებს”, – განაცხადა ჯონ ჰოუელმა, ბრიტანელმა დეპუტატმა ევროპის კონსერვატორთა და დემოკრატთა ალიანსიდან.

რუსეთის მიერ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღუსრულებლობაზე, ასევე, ECHR-ის ახალ გადაწყვეტილებაზე რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შესახებ ისაუბრეს საქართველოს დელეგაციის წევრებმა, მარიამ ქვრივიშვილმა და კახა კუჭავამ.

“საქართველოს ევროპის საბჭოს ქვეყნების მხარდაჭერის იმედი აქვს სახელმწიფოთაშორისი დავების აღსრულების საკითხში”, – აღნიშნა ქვრივიშვილმა.

საქართველოს დელეგაცია შეუერთდა უკრაინის დელეგაციის ინიციატივას, რომელმაც რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება გაასაჩივრა. უკრაინის საპარლამენტო დელეგაციამ აღნიშნა, რომ რუსეთი განაგრძობს ადამიანის უფლებების დარღვევას უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ამრიგად არღვევს ევროპის საბჭოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს. რუსეთის დელეგაციის უფლებამისილების ცნობის წინააღმდეგ ხმა მისცა 38-მა დეპუტატმა, 61 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 51-მა პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა. საბოლოოდ, რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების საკითხზე საპარლამენტო ასამბლეა 27 იანვარს იმსჯელებს.

“რუსეთის დელეგაციის წევრები იტყვიან, რომ ისინი იმსახურებენ ამ ასამბლეის წევრობას… მაგრამ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ისინი პატივს სცემენ ამ ასამბლეას, ამ ინსტიტუტს ან სხვა რომელიმე ევროპულ ინსტიტუციას?! რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის გუშინდელი კომენტარები მათ მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებთან დაკავშირებით ნათელი დადასტურებაა რუსეთის მიერ წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის უპატივცემულობისა”, – განაცხადა საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა კახა კუჭავამ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულებასთან დაკავშირებით რეზოლუციას 105 ხმით 20-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა.

მასალების გადაბეჭდვის წესი