ახალი ამბები

რუსეთი უკვე უარს არ აცხადებს კომპენსაციის გადახდაზე – ლორთქიფანიძე

8 თებერვალი, 2021 • 1154
რუსეთი უკვე უარს არ აცხადებს კომპენსაციის გადახდაზე – ლორთქიფანიძე

საქართველოს იუსტიციის მინისტრ გოჩა ლორთქიფანიძის ცნობით, დეპორტირებულების საქმეზე რუსეთი ჩაერთო კომპენსაციის გადახდის განხილვაში, რაც “მცირე წინსვლაა”.

ლორთქიფანიძე არ გამორიცხავს, რომ ეს წინსვლა განპირობებულია მეორე სახელმწოფოთაშორის დავაზე – აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილებით.

“დეპორტირებულების საკითხში უარის პოზიციიდან გვაქვს მცირეოდენი წინსვლა. აღსრულების ეტაპზე რუსეთი უკვე არ აცხადებს უარს გადახდაზე და ჩაერთო გადახდის საკითხის მოგვარების პროცესში ევროპის საბჭოს შუამავლობით. შესაძლოა ამაზე იმოქმედა 21 იანვრის გადაწყვეტილსბამ”, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

სტრასბურგის სასამართლოში პირველი სახელმწიფოთაშორისი დავა საქართველოსა და რუსეთს შორის ეხება 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან ეთნიკური ქართველების მასობრივ დეპორტაციას. დეპორტირებულების საქმეზე გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ 2019 წლის 31 იანვარს გამოაცხადა და რუსეთის ფედერაციას საქართველოს სასარგებლოდ 10 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა დაავალა. ეს თანხა უნდა განაწილდეს 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლ პირებზე. ვადების ამოწურვის მიუხედავად, რუსეთს კომპენსაცია ამ დრომდე არ გადაუხდია და პროცედურას აჭიანურებს, მათ შორის, ეჭვქვეშ დააყენა ქართული მხარის მიერ წარდგენილი დაზარალებულთა სიის ნამდვილობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი