ახალი ამბებისამართალი

ევროსაბჭო რუსეთს საქართველოსთან დავებზე სტრასბურგის გადაწყვეტილებების აღსრულებისკენ მოუწოდებს

9 დეკემბერი, 2022 • 2582
ევროსაბჭო რუსეთს საქართველოსთან დავებზე სტრასბურგის გადაწყვეტილებების აღსრულებისკენ მოუწოდებს

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი აცხადებს, რომ ევროსაბჭოდან გარიცხვის მიუხედავად, რუსეთმა უნდა აღასრულოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები საქართველო-რუსეთის სახელმწიფოთაშორის დავებზე.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო შუალედური დადგენილებები საქართველოსა და რუსეთს შორის სახელმწიფოთაშორის დავებზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე და კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსკოვს, გადაიხადოს დიდი ხნის წინ ვადაგადაცილებული კომპენსაცია დეპორტირებულების საქმეზე, ასევე, დაიწყოს აგვისტოს ომის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება.

სტრასბურგის სასამართლოში პირველი სახელმწიფოთაშორისი დავა საქართველოსა და რუსეთს შორის ეხება 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან ეთნიკური ქართველების მასობრივ დეპორტაციას. დეპორტირებულების საქმეზე გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ 2019 წლის 31 იანვარს გამოაცხადა და რუსეთის ფედერაციას საქართველოს სასარგებლოდ 10 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა დაავალა. კომპენსაციის გადახდის ვადა 2019 წლის 30 აპრილს ამოიწურა, თუმცა რუსეთის ვალდებულებები ამ დრომდე არ შეუსრულებია.

მეორე სახელმწიფოთაშორის დავაზე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს შეეხებოდა, სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება 2021 წლის ოქტომბერში გამოაცხადა. მინისტრთა კომიტეტმა რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა, წარადგინონ ამ გადაწყვეტილების აღსრულების გეგმა და გამოიძიონ საომარი მოქმედებების აქტიურ ფაზაში, ასევე, ოკუპაციის პერიოდში ჩადენილი მძიმე დანაშაულებები.

მინისტრთა კომიტეტის სამდივნო შექმნის „სამართლიანი დაკმაყოფილების რეესტრს“ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ყველა სახელმწიფოთაშორის საქმეზე და რეგულარულად განაახლებს ინფორმაციას ვადაგადაცილებისთვის დარიცხულ პროცენტებთან დაკავშირებით.

მინისტრთა კომიტეტი ორივე საქმის აღსრულების შეფასებას 2023 წლის მარტში განაახლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი