პრემიერის, გიორგი გახარიას თქმით, დღეს, 26 სექტემბერს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ტყიბულში ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ჩავა. გახარიამ სხდომაზე განმარტა, რომ თურნავა ადგილზე არა პრობლემის გასაცნობად, “არამედ პრობლემის მოსაგვარებლად“ მიდის.
გახარიამ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მისთვის ტყიბულში განვითარებული მოვლენები მიუღებელია, თუმცა ასევე დასძენს, რომ ეს პრობლემები წლების განმავლობაში გროვდებოდა. გახარია მიიჩნევს, რომ ყველა ინვესტორმა თუ დამსაქმებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ის ვალდებულია სრულფასოვნად შეასრულოს როგორც სახელფასო, ასევე, შრომის უსაფრთხოების ვალდებულებები.
“მიუხედავად იმისა, რომ ეს ის პრობლემებია, რომლებიც წლების განმავლობაში გროვდებოდა, მსგავს შემთხვევებს ჩვენს ქვეყანაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს, სწორედ ამიტომ, დღესვე, მთავრობის სხდომის დასრულებისთანავე, ეკონომიკის მინისტრი გაემგზავრება ადგილზე და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ის გაემგზავრება არა გარემოებების და საქმის გასაცნობად, არამედ პრობლემის მოსაგვარებლად“, – ამბობს გიორგი გახარია.
მისივე თქმით, ის სთხოვს თურნავას, რომ მინისტრი მაქსიმალურად მკაცრი და მომთხოვნი იყოს.
“რა თქმა უნდა, ჩვენ ბევრს ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ ბიზნესის, დამსაქმებლის ინტერესის დასაცაად, ყოველთვის, სადაც ამის საშუალება გვექნება, დავუდგებით ბიზნესს გვერდით, თუმცა დამსაქმებელმაც და ბიზნესმაც ყოველთვის უნდა გაითვალისწინოს ჩვენი მოქალაქის სოციალური ვალდებულებები და პასუხისმგებლობები და სრულად შეასრულოს ის“, – განმარტავს გახარია.
ტყიბულში უკვე მესამე დღეა, რაც მეშახტეთა აქცია მიმდინარეობს. მათი პროტესტი 24 სექტემბერს დაიწყო. 30-მდე მეშახტე პროტესტის ნიშნად მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტებში ჩავიდა და კუთვნილი ხელფასის მიღებამდე და იქამდე, სანამ არ ეტყვიან, როდის განახლდება ნახშირმოპოვების პროცესი, ამოსვლაზე უარს ამბობს, — იუწყება გაერთიანებული პროფკავშირები (GTUC).
მეშახტეები ამბობენ, რომ უკვე წელიწადზე მეტია შახტები არ მუშაობენ, ხელფასი კი მათ უგვიანდებათ. ამ უკანასკნელის გარეშე კი ცხოვრებისთვის აუცილებელი სურსათის ყიდვა არ შეუძლიათ. მეშახტეთა უპირველესი მოთხოვნა სწორედ ხელფასის დროული დარიცხვაა.
გარდა ამისა, ისინი ითხოვენ, რომ შეხვდნენ მთავრობისა და საქნახშირის წარმომადგენლებს, რათა “ ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს მეშახტის მდგომარეობა“.
“არაა გამორიცხული მეშახტეების პროტესტში მთელი ქალაქი ჩაერთოს“ – პროფკავშირები