ტყიბულის მეშახტეთა გაფიცვაში, უახლოეს მომავალში, შესაძლოა მთელი ქალაქი ჩაერთოს. ამის შესახებ ნეტგაზეთს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებაში უცხადებენ.
გარდა მეშახტეებისა, ხვალ საპროტესტო პროცესში, შესაძლოა, ჩაერთონ სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები, მათ შორის, მასწავლებლები და გარემოვაჭრეებიც.
გაფიცბული მეშახტეები ამბობენ, რომ მათი უპირველესი მოთხოვნა დაგვიანებული ხელფასის ჩარიცხვაა, რის გარეშეც მათთვის ცხოვრება წარმოუდგენელია. რაც შეეხება იმ 30-მდე მეშახტეს, რომელიც პროტესტის ნიშნად მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტებში ჩავიდა – მათი თანამოაზრეები ამბობენ, რომ:
“ისინი არ ამოვლენ იმიტომ, რომ უკან დასახევი გზა აღარ აქვთ, მათ უკან დგანან ოჯახები“.
“ჩვენი ძირეული მოთხოვნაა, რომ კომპანიამ აგვინაზღაუროს დავალიანება. პირველი მოთხოვნა ხელფასის ჩარიცხვაა. მეორე მოთხოვნა არის ის, რომ მეშახტეებთან ჩამოვიდნენ სასაუბროდ მთავრობისა და კომპანიის წარმომადგენლები, რათა გავერკვეთ, რა გველის მომავალში… ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს მეშახტის მდგომარეობა“, – ამბობს მეშახტე ხვიჩა გაბუნია “მთავარ არხთან“ საუბარში.
რაც შეეხება პროტესტს, ნეტგაზეთთან ინტერვიუში მეტალურგთა, მეშახტეთა და ქიმიკოსთა დარგობრივი პროფკავშირის პრეზიდენტი – თამაზ დოლაბერძე ამბობს, რომ გაფიცვაში მთელი ქალაქის ჩართვა გამორიცხული არ არის.
“არ არის გამორიცხული იმიტომ, რომ მთელი ქალაქი ამ შახტზეა დამოკიდებული, მთელი ქალაქისა და რაიონის ეკონომიკა არის დამოკიდებული ამ ხალხის ხელფასზე, შესაბამისად, არ არის გამორიცხული იმიტომ, რომ გაფიცვაში ჩართულ მეშახტეებთან არავინ გამოდის კომუნიკაციაზე.
არავინ უხსნის წესიერად, განცხადებებით ესაუბრებიან… ხან ეუბნებიან, რომ მათ ხელფასი 3 დღეში დაერიცხებათ, ხანაც- რომ 30 სექტემბერს გადაწყდება, თუ როდის ჩაერიცხებათ… სრული ინფორმაციული ვაკუუმია.
მეშაახტებიც აქტივობებს გეგმავენ, ყველასთან კონტაქტი აქვთ – მასწავლებლებთან, გარემოვაჭრეებთან და ა.შ. ეს ხალხი ხომ ერთმანეთის მეზობლები და ნაცნობები არიან… შესაბამისად, არ გამოვრიცხავ, რომ პროტესტის მასშტაბი გაიზარდოს. ახლა, რამდენადაც ვიცი, პრემიერის სახელზე წერილს ამზადებენ.
გარდა იმისა, რომ ხელფასის დროზე დარიცხვას ითხოვენ, უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ წელიწადზე მეტია, რაც შახტია გაჩერებული და არავინ ეუბნება ამ ხალხს, თუ რა პერსპექტივა ელის და როდის ამუშავდება”, – აცხადებს დოლაბერიძე.
24 სექტემბრის დილიდან ტყიბულში 30-მდე მეშახტე პროტესტის ნიშნად მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტებში ჩავიდა და კუთვნილი ხელფასის მიღებამდე და იქამდე, სანამ არ ეტყვიან, როდის განახლდება ნახშირმოპოვების პროცესი, ამოსვლაზე უარს ამბობს, — იუწყება გაერთიანებული პროფკავშირები (GTUC).
კომპანია “საქნახშირი”, რომელიც ტყიბულის შახტებს მართავს, პასუხობს მეშახტეების მოთხოვნას, რომლებიც ხელფასებს ითხოვენ.
როგორც “საქნახშირი” აცხადებს, ტყიბულის მინდელისა და ძიძიგურის შახტებში ნახშირმოპოვებითი სამუშაოები 2018 წლის 16 ივლისის შემდეგ პრემიერ-მინისტრის ბრძანებით შეჩერებულია. ტყიბულის შახტებში ხორციელდება მხოლოდ უსაფრხოებიდან გამომდინარე სავენტილაციო და ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები.
“მიუხედვად ამისა, მოცემულობიდან გამომდინარე, კომპანია „საქნახშირისა“ და სახელმწიფოს თანადგომით, ამ 13 თვის განმავლობაში უწყვეტად ხდებოდა პერსონალისათვის ხელფასების გაცემა, სადაზღვევო ხარჯების ანაზღაურება, მიმდინარე საოპერაციო ხარჯების დაფარვა, რაც ყოველთვიურად 1.2 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს და თითქმის 20 მილიონ ლარამდეა მთლიანობაში.
ამ დროისათის კომპანია „საქნახშირი“ დადგა რეალური ფინანსური პრობლემების წინაშე, ინფორმაცია ცნობილი იყო ტყიბულში დასაქმებულებისათვისაც.
ამ დროისათვის კომპანია აქტიურ რეჟიშმი აწარმოებს კონსულტაციებს სახელმწიფოსთან ერთად, რათა ერთობლივად გამოინახოს გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან”, – აცხადებენ საქნახშირში.