ახალი ამბები

გაბუნიას თქმით, ნადირაშვილსა და “ყველა ცრუპენტელას“ სასამართლოში უჩივლებს

25 სექტემბერი, 2019 • 923
გაბუნიას თქმით, ნადირაშვილსა და “ყველა ცრუპენტელას“ სასამართლოში უჩივლებს

სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანი, დიმიტრი გაბუნია, ჟურნალისტებთან ამბობს, რომ “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ირმა ნადირაშვილსა და, როგორც თვითონ აფასებს – ყველა ცრუპენტელას, სასამართლოში უჩივლებს.

გაბუნია დღეს, 25 სექტემბერს პროკურატურაში გამოკითხვაზე იყო, საქმე კი სალომე ზურაბიშვილის მიერ პატიმრების შეწყალებას ეხება.

რამდენიმე დღის წინ “ევროპულმა საქართველომ“ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც სანდო წყაროზე დაყრდნობით თქვა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პატიმრების შეწყალება კორუფციული გზებით ხდება. ამ უკანასკნელში კი როლს დიმიტრი გაბუნიაც თამაშობს. გაბუნია თავის დღევანდელ განცხადებაში ამ ინფორმაციასაც გამოეხმაურა და თქვა:

“დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება დეტალურად, უმოკლეს ვადებში დადებს დასკვნას და თუ შესაძლო დანაშაულში მხილებული პირები გამოიკვეთნენ, ისინი უმკაცრესად უნდა დაისაჯონ კანონის სრული სიმკაცრით. ვის სჭირდებოდა ჩემი სახელისა და გვარის გარევა, როდესაც ყველაფერი გამჭვირვალედ, სტრუქტურულად ნათელი იყო“, – განაცხადა გაბუნიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, შეიტანს თუ არა ის სასამართლოში სარჩელს ირმა ნადირაშვილის წინააღმდეგ, გაბუნია პასუხობს:

“აუცილებლად შევიტან, ის ერთ-ერთი ფიგურანტი იქნება… ყველა იმ ცრუპენტელას მიმართ, ამ წუთას მე გვარსა და სახელს არ დავასახელებ, ვინც საჯაროდ მე ხელი დამადო და თითქოს მამხილა კორუფციაში,“

რაც შეეხება თავად ირმა ნადირაშვილს, ტვ “პირველთან“ საუბარში ის ამბობს, რომ გაბუნიას “სერიოზულად ვერ აღიქვამს“.

“ჩემთვის სერიოზული არის, რომ პროკურატურამ ნამდვილად დადოს შედეგი და ეს არ იყოს გამოძიება იმისთვის, რომ ახლა საზოგადოებრივი აზრის ზეწოლის ქვეშ არიან.

რაც შეეხება იმას, სანდოა თუ არა ინფორმაცია და რამდენად სანდოა წყარო, მე ვალდებული ვიყავი, რომ ინფორმაცია გამემხილა თქვენთვის და მიმეწოდებინა პროკურატურისთვის. რამდენად გაბუნია გარეულია იმ კორუფციულ სქემებში ან სხვა ტიპის სქემებში, რომლის შედეგადაც მოხდა ეს შეწყალებები და, ცხადია, რომ აქ ყველაფერი კარგად არ არის. ეს უნდა დაადგინოს პროკურატურამ, ეს მე არ ვიცი“, – განაცხადა ნადირაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი