იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს, “ევროპული საქართველოს” წევრმა სერგო რატიანმა მოსამართლე შოთა გეწაძეს ჰკითხა, თუ იცნობს ჩრდილოეთ კორეაში ადამიანის უფლებების მდგომარეობას და რამდენად დასაშვებად მიაჩნია ჩრდილოეთ კორეაში ადამიანის ექსტრადირებაზე თანხმობის გაცემა.
“ეს ძალიან კომპლექსური საკითხია და ყველა კონკრეტული ფაქტი ერთობლიობაში უნდა შეფასდეს. თუკი ზოგადად შევხედავთ ამ საკითხს, უკვე ჩრდილოეთ კორეაში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობა შეშფოთების საკითხია და დიდწილად იმ ქვეყანაში ექსტრადირება არ შეიძლება, თუმცა კონკრეტულ ფაქტებს, მტკიცებულებებს ძალიან დიდი ყურადღება ექცევა. მაგალითად, თუკი პირი ჩრდილოეთ კორეაში მსჯავრდებულია მკვლელობისთვის, ყაჩაღობისთვის, წმინდა სისხლის სამართლებრივი კუთხით, და მოსამართლეს ეჭვი არ ეპარება ამ სისხლის სამართლებრივი ბრალდების პოლიტიკურ კონტექსტში…”, – განაცხადა შოთა გეწაძემ.
სერგო რატიანი დაინტერესდა, იცნობს თუ არა რუსეთში, კერძოდ, ჩეჩნეთში ადამიანის უფლებრივ მდგომაროების შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებს, მათ შორის, ციხეებში არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით. გეწაძემ თქვა, რომ აღნიშნულ საკითხებს კარგად იცნობს.
“ეს შეფასებები მე წავიკითხე, რამდენიმე წლის წინანდელია. დღესაც გარკვეული პათოსი ნარჩუნდება, თუმცა ისიც არის მითითებული, რომ ციხეებში ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა გაუმჯობესების გზაზეა. სარერთაშოერისო ორგანიზაციები ასე წერენ”, – განაცხადა გეწაძემ.
ამ კონტექსტში სერგო რატიანმა გეწაძეს გაახსენა კადიევის საქმე და თქვა, რომ მოსამართლე გეწაძემ მიიჩნია, რომ რუსეთში ადამიანის ექსტრადირებას წამება არ მოჰყვებოდა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ, მოსამართლე შოთა გეწაძის მონაწილეობით, დაღესტნელ სამოქალაქო აქტივისტ მიკაილ კადიევს უარი უთხრა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე. ამ გადაწყვეტილებით, სასამართლომ შეცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს საკითხის ხელახლა შესწავლა დაავალა.
“ყველა პროცედურა, მათ შორის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული, იყო შემოწმებული და კიდევ ერთხელ, მეორე წრეზე წასვლა საჭირო არ იყო”, – აღნიშნა გეწაძემ.
სერგო რატიანი დაინტერესდა, კადიევის საქმის გადაწყვეტის დროსაც შეახსენა თუ არა მმართველმა გუნდმა ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება.
“არ ვიცი, რაზე საუბრობთ”, – უპასუხა გეწაძემ.
გეწაძის თქმით, რუსეთის ფედერაციაში მძიმე მდგომარეობაა ადამიანის უფლებების მხრივ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა სისხლისსამართლებრივმა დამნაშავემ რუსეთიდან საქართველოს მომართოს და თავშესაფარი მიიღოს.
“ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ კადიევი ვერ ადასტურებდა კონვენციურ დევნას და მას თავშესაფარი საქართველოში არ ეკუთვნოდა, შესაბამისად, უნდა დაბრუნებულიყო წარმოშობის ქვეყანაში. რაც შეეხება საპატიმრო დაწესებულებას, ამ ინდივიდუალური ნიშნით არსებულმა გარემოებებმა უნდა მიაღწიოს ისეთ ზღვარს, რომ ამაში დარწმუნდეს მოსამართლე. ჩვენ ამ ზღვრამდ ევერ მივედით. ჩემი აზრით, იგი იბრალებდა პოლიტიკურ საქმიანობას თავშესაფრის მიღების მიზნით, მაგრამ ჩვენ ეს არ გამოგვეპარა”, – აღნიშნა გეწაძემ.