კომპანია “საქნახშირი”, რომელიც ტყიბულის შახტებს მართავს, პასუხობს მეშახტეების მოთხოვნას, რომლებიც ხელფასებს ითხოვენ. დღეს, 24 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ 30-მდე მეშახტე შახტში ჩავიდა და პროტესტის ნიშნად იქიდან მანამ არ აპირებენ ამოსვლას, სანამ კუთვნილ ანაზღაურებას არ მიიღებენ. როგორც მეშახტეები აცხადებენ, მათ უხელფასობის გამო პრობლემები ექმნებათ.
როგორც “საქნახშირი” აცხადებს, ტყიბულის მინდელისა და ძიძიგურის შახტებში ნახშირმოპოვებითი სამუშაოები 2018 წლის 16 ივლისის შემდეგ პრემიერ-მინისტრის ბრძანებით შეჩერებულია. ტყიბულის შახტებში ხორციელდება მხოლოდ უსაფრხოებიდან გამომდინარე სავენტილაციო და ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები.
ტყიბულის შახტებში სამუშაოების შეჩერებას წინ უძღოდა აღნიშნულ შახტებში არაერთი მეშახტის დაღუპვა და დაშავება.
“მიუხედვად ამისა, მოცემულობიდან გამომდინარე, კომპანია „საქნახშირისა“ და სახელმწიფოს თანადგომით, ამ 13 თვის განმავლობაში უწყვეტად ხდებოდა პერსონალისათვის ხელფასების გაცემა, სადაზღვევო ხარჯების ანაზღაურება, მიმდინარე საოპერაციო ხარჯების დაფარვა, რაც ყოველთვიურად 1.2 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს და თითქმის 20 მილიონ ლარამდეა მთლიანობაში.
ამ დროისათის კომპანია „საქნახშირი“ დადგა რეალური ფინანსური პრობლემების წინაშე, ინფორმაცია ცნობილი იყო ტყიბულში დასაქმებულებისთვისაც.
ამ დროისათვის კომპანია აქტიურ რეჟიშმი აწარმოებს კონსულტაციებს სახელმწიფოსთან ერთად, რათა ერთობლივად გამოინახოს გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან.
ტყიბულში 30-მდე მეშახტე ხელფასის მიღებამდე შახტებიდან ამოსვლაზე უარს ამბობს – GTUC