24 სექტემბრის დილიდან ტყიბულში 30-მდე მეშახტე პროტესტის ნიშნად მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტებში ჩავიდა და კუთვნილი ხელფასის მიღებამდე და იქამდე, სანამ არ ეტყვიან, როდის განახლდება ნახშირმოპოვების პროცესი, ამოსვლაზე უარს ამბობს, — იუწყება გაერთიანებული პროფკავშირები (GTUC).
მათი ცნობით, მეშახტეებს, როგორც წესი, შრომის ანაზღაურება 15 სექტემბრამდე უნდა მიეღოთ, თუმცა კომპანიამ ისინი სასწავლო წლის დაწყების დროს თანხის გარეშე დატოვა. პროფკავშირების თანახმადვე, კომპანიის წარმომადგენლები ვერც ახლა ამბობენ, როდის მოხდება ხელფასების დარიცხვა.
„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდება „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს“ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.
პროფკავშირების თანახმად, მეშახტეები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, შეასრულონ საბანკო და კომუნალური ვალდებულებები, რაც მათ სოციალურ მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს: მათ ყოველდღიურად ეკისრებათ საბანკო ჯარიმები სესხის პროცენტის გადახდის ვადაგადაცილების გამო და იზრდება იმის შანსი, რომ მათ, როგორც აბონენტებს, შეუწყდეთ ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მიწოდება.
საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი მოუწოდებს საქართველოს ბანკს, ,,ენერგო პრო ჯორჯიას” და ,,სოკარ გაზს”, რომ „გაითვალისწინონ შექმნილი მდგომარეობა და კიდევ უფრო არ დაამძიმონ ტყიბულელთა სოციალური მდგომარეობა“.
ამასთან, პროფკავშირი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, „სასწრაფოდ მოხდეს თანხების აკუმულირება ტყიბულელთა შრომის ანაზღაურების გასაცემად და ასევე მოხდეს მეშახტეების ინფორმირება იმასთან დაკავშირებით, თუ რა გეგმა გააჩნია მთავრობას და კომპანიას ნახშირმოპოვების პროცესის აღდგენასთან დაკავშირებით“.
როგორც GTUC განმარტავს, შახტებზე რისკებისა და საფრთხეების შეფასებას, დარღვევების იდენტიფიცირებას, პრევენციული სამუშაოების განხორციელებას და იძულებითი მოცდენის მთელ პერიოდზე მეშახტეების შრომის ანაზღაურებით უზრუნველყოფას საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება და დარგობრივი პროფკავშირი რამდენიმე წლის განმავლობაში ითხოვდა, თუმცა მთავრობის მხრიდან ეს მოთხოვნა ყოველ ჯერზე იგნორირებული იქნა, რის გამოც 2018 წლის აპრილის თვეში საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ საკუთარი რესურსების გამოყენებით უკრაინიდან მოხდა შრომის უსაფრთხოების ექსპერტების მოწვევა, რომლებმაც განახორციელეს შახტების კვლევა და მოამზადეს 22 -გვერდიანი კრიტიკული დასკვნა.
ამის შემდეგ, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თანახმადვე, მათ სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომაზე დააყენეს მოთხოვნა, მოეწვიათ საექსპერტო ჯგუფი მთავრობის ეგიდით, რის შემდეგაც, 2018 წლის 16 ივლისიდან, ტყიბულში ნახშირმოპოვების პროცესი პრემიერ-მინისტრის ბრძანებით შეჩერდა.
„შახტში არსებული რისკების და საფრთხეების შეფასების მიზნით შემოყვანილი იქნა გერმანული საექსპერტო კომპანია DMT ჯგუფი, რომელმაც განახორციელა კვლევა და 2018 წლის დეკემბრის თვეში დასკვნაც მოამზადა, რომელიც სიციალური პარტნიორებისთვის მთავრობას დღემდე არ მიუწოდებია და არც რაიმე სახის გეგმა გაუმჟღავნებია შახტების მუშაობასთან დაკავშირებით“, — წერს პროფკავშირი.