ახალი ამბები

2-ჯერ გაიზარდა მათი რიცხვი, ვისი აზრითაც, კარგი მოქალაქისთვის აქციებზე სიარული მნიშვნელოვანია – კვლევა

23 სექტემბერი, 2019 • 1853
2-ჯერ გაიზარდა მათი რიცხვი, ვისი აზრითაც, კარგი მოქალაქისთვის აქციებზე სიარული მნიშვნელოვანია – კვლევა

ევროპის ფონდისა და CRRC-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2009 წლის შემდეგ 2019-ში თითქმის გაორმაგდა მოსახლეობის წილი, ვისაც მიაჩნია, რომ კარგი მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია მონაწილეობა მიიღოს საპროტესტო აქციებში.

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის მესამედს მიაჩნია, რომ კარგი მოქალაქე კრიტიკული უნდა იყოს მთავრობის ან ოპოზიციის მიმართ.

2009 წელს მოსახლეობის 12%-მა უპასუხა, რომ ეს „ძალიან მნიშვნელოვანია“ კარგი მოქალაქისთვის, 18%-ის აზრით, ეს „უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უმნიშვნელო“. 2019 წელს შესაბამისი მაჩვენებლები 22% და 36% იყო.

რაც შეეხება კარგი მოქალაქისთვის აუცილებელ სხვა კრიტერიუმებს, კვლევაში მონაწილე მოსახლეობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ კარგი მოქალაქისთვის „ძალიან მნიშვნელოვანია“ დაიცვას ტრადიციები (66%) და დაეხმაროს თავისზე უფრო გაჭირვებულ ადამიანებს (72%). მოსახლეობის 49% თვლის, რომ კარგი მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გააკეთოს საზოგადოებისთვის საჭირო საქმე, როგორც მოხალისემ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე.

“ამავდროულად, მოსახლეობის მხოლოდ მესამედს მიაჩნია, რომ კარგი მოქალაქე კრიტიკული უნდა იყოს მთავრობისა ან ოპოზიციის მიმართ, მეხუთედს კი– რომ მან მონაწილეობა უნდა მიიღოს საპროტესტო აქციებში. გამოკითხვის ბოლო ტალღების (2015, 2017 და 2019 წლების) შედეგები, როგორც წესი, იდენტურია ამ თვალსაზრისით.

თუმცა, 2009 წლის შემდეგ რამდენიმე ცვლილება შეინიშნება. ყველაზე თვალშისაცემია საქართველოს მოსახლეობის მიერ მოხალისეობის მხარდაჭერის ზრდა: 2009 წელს მოსახლეობის 21%-მა უპასუხა, რომ კარგი მოქალაქისთვის „ძალიან მნიშვნელოვანია“ მოხალისეობა, 27%-ის აზრით, ეს „უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უმნიშვნელო“; 12% ფიქრობდა, რომ მოხალისეობა „საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი“ კარგი მოქალაქისთვის.

თუმცა მათი წილი, ვინც პასუხობს, რომ მოხალისეობა „ძალიან მნიშვნელოვანია“ კარგი მოქალაქისთვის, ბოლო წლებში საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს შეადგენს, ხოლო პასუხების ჯამი- „ძალიან მნიშვნელოვანია“ და „უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უმნიშვნელო“, 2019 წელს 89% იყო,“ – ნათქვამია კვლევაში.

მეთოდოლოგია

ევროპის ფონდის გამოკითხვის მეექვსე ტალღა ჩატარდა 2019 წლის პირველი მარტიდან 20 მარტამდე. ავტორების თქმით, სხვადასხვა ტალღის შედეგები მაქსიმალურად შედარებითი რომ იყოს, 2013 წლის შემდეგ ფაქტობრივად არ შეცვლილა კითხვარი და შერჩევის დიზაინი. გამოკითხვების შედეგები წარმომადგენლობითია საქართველოს ზრდასრული მოსახლეობისთვის, ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის გარდა. ზოგადად, საქართველოს მოსახლეობის მასშტაბით წარმომადგენლობითობასთან ერთად, გამოკითხვის შედეგები წარმომადგენლობითია აგრეთვე ოთხი ძირითადი სტრატის მოსახლეობისთვის: დედაქალაქის, სხვა ქალაქების, სოფლებისა და იმ დასახლებული პუნქტების, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები(აზერბაიჯანელები და სომხები). შედეგების საშუალო ცდომილება +/-2.0%-ია.

ავტორების განცხადებით, თითოეულ სტრატაში პირველადი შერჩევის წერტილები შეირჩა ალბათურად, დარეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობის პროპორციულად, შინამეურნეობები- სამარშრუტო შერჩევის მეთოდით, ხოლო რესპონდენტები – ამ შინამეურნეობებში კიშის ცხრილის საშუალებით.

2019 წელს 2 746 პირისპირ ინტერვიუ ჩატარდა პლანშეტური კომპიუტერების მეშვეობით (CAPI მეთოდი). გამოპასუხება საქართველოს მასშტაბით 49% იყო. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით კომპაქტურად დასახლებულ პირველადი შერჩევის წერტილებში ინტერვიუების ენა შეიძლება ყოფილიყო ქართული, აზერბაიჯანული ან სომხური, რესპონდენტების არჩევანის მიხედვით. კვლევა CRRC-ის მიერ არის ჩატარებეული

მასალების გადაბეჭდვის წესი