ახალი ამბები

დიმიტრი გაბუნია: პრეზიდენტის შეწყალებებით მეც აღვშფოთდი

23 სექტემბერი, 2019 • 1896
დიმიტრი გაბუნია: პრეზიდენტის შეწყალებებით მეც აღვშფოთდი

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია ამბობს, რომ ის ჩართული არ ყოფილა პრეზიდენტის მიერ პატიმრების შეწყალების პროცესში და თავადაც აღშფოთებულია აღნიშნული შეწყალებებით. ამის შესახებ გაბუნიამ დღეს, 23 სექტემბერს თქვა.

“მე ველოდები გამოძიებას. გამოძიება დაიწყო… გამოძიება ჯერ არ დამკავშირებია, რომ დამიკავშირდებიან, შეგატყობინებთ. აბსოლუტურად გამჭვირვალედ უნდა წავიდეს ყველა პროცესი”, – თქვა დიმიტრი გაბუნიამ. მან ასევე მოუწოდა ქოიავების ოჯახს, რომელიც დიმიტრი გაბუნიას ადანაშაულებს მათი შვილის მკვლელის შეწყალების ხელშეწყობაში, რათა ერთად დაადგინონ, რეალურად რა მოხდა და დაასახელონ ის პირი, რომელმაც მათ საქმეში გაბუნიას ჩართულობაზე მიუთითა.

“მე არ მეხება, მაგრამ დავინტერესდი, შეწყალების პროცედურა როგორც ხდება. პრეზიდენტის ადმინსიტრაციაში არის შეწყალების დეპარტამენტი, სადაც გროვდება ეს განცხადებები, შესაბამისად, მიდის ამის ფილტრაცია. თვეების განმავლობაში მიდიოდა ამაზე მუშაობა და მერე შედის პრეზიდენტთან. ვინაიდან კომისია არ არის, ეს არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება. დანარჩენი არის გამოძიების საქმე. თუ გენერალურმა პროკურატურამ მიიჩნია, რომ პრეზიდენტის დაიკითხოს, ეს მისი გადასაწყვეტია”, – თქვა დიმიტრი გაბუნიამ.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ შეწყალებამდე პრეზიდენტთან შესაწყალებელ პირებზე საუბარი არ ჰქონია.

“როცა მე ჩამოვედი შვებულებიდან, თათბირზეც ვთქვი ჩემი აღშფოთება და მე არ ვმალავ ამას და არავის ადვოკატირებას არ ვაპირებ იქ, სადაც ადამიანის ბედზე ამხელა ამბავია, სიკვდილ-სიცოცხლის ამბავი. მე დავუფიქსირე ჩემი პოზიცია და დღესაც ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას, რომ ჩემთვის მიუღებელი იყო ის შეწყალება (პოლიციელის მკვლელი)”, – თქვა დიმიტრი გაბუნიამ. როგორც ის ამბობს, დანარჩენს პროკურატურაში დაკითხვაზე იტყვის.

გაბუნიას მოსაზრებით, შეწყალების კრიტერიუმები დასახვეწია. მისივე მოსაზრებით, როდესაც შეწყალების კომისია იღებდა გადაწყვეტილებას შეწყალებაზე, უფრო ობიექტური და ჰუმანური გადაწყვეტილებები იქნებოდა მიღებული.

“პრეზიდენტს უფლებამოსილებისთვის არ გადაუმეტებია. რამდენად მორალურად გამართლებელია ეს გადაწყვეტილება, ამაზეა საუბარი”, – აღნიშნა გაბუნიამ და თქვა, რომ დაკითხვის მერე უფრო საინტერესოდ ისაუბრებს.

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2019 წლის 28 აგვისტოსთვის არაერთი პატიმარი შეიწყალა, მათ შორის, მკვლელობისთვის გასამართლებული პირები, ამას მოჰყვა საზოგადოების ნაწილის უარყოფითი რეაქცია, მათ შორის, ხელისუფლების მხრიდან. პროკურატურამ კი ამ საკითხზე გამოძიება დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი