ახალი ამბები

ალანია აღიარებს, რომ 2018-ის დეკემბერში მოსამართლეთა სიაზე მხოლოდ საბჭოს მოსამართლე წევრებმა იმსჯელეს

23 სექტემბერი, 2019 •
ალანია აღიარებს, რომ 2018-ის დეკემბერში მოსამართლეთა სიაზე მხოლოდ საბჭოს მოსამართლე წევრებმა იმსჯელეს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი თამარ ალანია აღიარებს, რომ 2018 წლის დეკემბერში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ნომინირებასთან დაკავშირებულ შეხვედრას მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები ესწრებოდნენ.

ალანია ერთ-ერთი კანდიდატი იყო იმ 10-წევრიან სიაში, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს გაუგზავნა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უსმენენ, დეპუტატი ოთარ კახიძე დაინტერესდა, ვიდრე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე სხდომაზე წარმოადგენდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების 10-წევრიან სიას, გაიარა თუ არა მისი ნომინირების საკითხი ალანიასთან. თამარ ალანიას თქმით, მას დაუკავშირდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან და უთხრეს, რომ კანდიდატების ნომინირებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართებოდა.

“იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებთან გვქონდა შეხვედრა. არამოსამართლე წევრები არ ესწრებოდნენ. მოსამართლეები  გვიცნობენ, ჩვენი არჩეულია საბჭოში და საერთოდ ვერ ვხედავ აქ ვერანაირ პრობლემას”, – განაცხადა ალანიამ.

მოსამართლეთა ამ სიის წარდგენას 2018 წლის მიწურულს საპარლამენტო უმრავლესობაში დაპირისპირება მოჰყვა. “ქართული ოცნების” დეპუტატთა მცირე ნაწილმა, რომელთა შორის არიან ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე, საჯაროდ გააკრიტიკეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ ათწევრიანი სიისთვის, რომელიც პარლამენტს წარუდგინეს დასამტკიცებლად. როგორც ბესელია და ფოფხაძე ამბობდნენ, ამ სიაში წარდგენილი მოსამართლეების უზენაეს სასამართლოში უვადოდ დამტკიცების პროცესის დაჩქარება სურდა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს, რაც მათთვის მიუღებელია. საბოლოოდ, ეს სია პარლამენტიდან გაიწვიეს, თუმცა უმრავლესობა მაინც დატოვეს გედევან ფოფხაძემ, ეკა ბესელიამ და ლევან გოგიჩაიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი