91 წლის ასაკში ლოს ანჯელესში ბუნებრივი მიზეზით გარდაიცვალა მილიარდერი ბარონ ჰილტონი, რომელიც 30 წლის განმავლობაში სასტუმროების ქსელ Hilton Hotel Corp-ის აღმასრულებელი დირექტორი იყო.
ბარონ ჰილტონის ქონება 4 მილიარდ ამერიკულ დოლარს აღწევდა, თუმცა მან თავის 8 შვილსა და 15 შვილისშვილს ქონების მხოლოდ 3% დაუტოვა. იმის შესახებ, რომ ის თავისი ქონების 97%-ს ქველმოქმედებაში დახარჯავდა, ბარონ ჰილტონმა ჯერ კიდევ 2007 წელს განაცხადა.
ბარონ ჰილტონის ქონების 97%, რაც თითქმის 3.5 მილიარდი დოლარია, გადაეცემა ბარონ ჰილტონის მამის, კონრად ჰილტონის დაფუძნებულ საქველმოქმედო ორგანიზაცია Conrad N. Hilton Foundation-ს. აღნიშნული ორგანიზაცია აფრიკის ქვეყნებში სხვადასხვა მნიშვნელოვანი მიმართლებით მუშაობს, მათ შორის არის განათლება, ჯანდაცვა (აივ/შიდსთან ბრძოლა), ადამიანების სუფთა წყლით მომარაგება, ბუნებრივ კატასტროფებთან გამკლავება და ა.შ.
ჰილტონის სასტუმროების ქსელს საფუძველი 1919 წელს ჩაეყარა, როდესაც ბარონ ჰილტონის მამამ ტეხასში სასტუმრო შეიძინა, რომელიც შემდეგ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაიზარდა. ბარონ ჰილტონს მამისგან დიდი მემკვიდრეობა არ რგებია – კონრად ჰილტონმა თავისი ქონების ძირითადი ნაწილი ქველმოქმედებას მოახმარა. ბარონ ჰილტონმა მამის კომპანიაში მუშაობა ხელფასის სანაცვლოდ დაიწყო და 30 წლის განმავლობაში Hilton Hotel Corp-ის აღმასრულებელი დირექტორის პოსტი ეკავა. 2007 წლისთვის ჰილტონების ოჯახმა აღნიშნული კორპორაცია, რომელიც მსოფლიო მასშტაბით 3 ათასადამდე სასტუმროს მოიცავდა, გაასხვისა. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ბარონ ჰილტონს მამამისივით სწამდა, რომ ფულის ძირითადი ნაწილი ქველმოქმედებაში უნდა დაეხარჯა, შვილებსა და შვილიშვილებს კი თავიანთი ქონება დამოუკიდებლად უნდა დაეგროვებინათ.