ბათუმის „შერატონში“, 19-21 სექტემბერს,
თავი მოიყარეს ქვეყნის მარკეტერებმა, დიზაინერებმა, ქოფირაითერებმა – კრეატიულმა ადამიანებმა, რომლებიც ქმნიან ქართულ რეკლამას. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან კი ჩამოვიდნენ სარეკლამო სფეროს “გურუები” და ჩამოიტანეს ამბები, ვიდეოები, კადრები, რომლითაც სახელი გაითქვეს თავიანთ საქმიანობაში.Ad Black Sea-ზე სამი დღის განმავლობაში ტარდებოდა სემინარები და ვორკშოფები სარეკლამო ბიზნესში მოღვაწე ადამიანებისთვის. ფესტივალი უკვე მეხუთე წელია დამსწრეებს საშუალებას აძლევს იგრძნონ მსოფლიოს სარეკლამო ინდუსტრიის მაჯისცემა, გაიგონ ტენდენციების შესახებ, მიიღონ ინსპირაცია.
წლევანდელი სასემინარო პროგრამაც მრავალფეროვანი და საინტერესო გამოდგა.
პირველი გამომსვლელი მაიკლ კონრადი იყო. ხანგრძლივი კარიერის მანძილზე მას მრავალი პრიზი აქვს მოპოვებული. იგი 2003 წლამდე მუშაობდა კომპანია Leo Burnett Worldwide-ში, რომელიც 2000 წელს წლის გლობალურ სააგენტოდ დასახელდა. ამჟამად კონრადი ბერლინის კრეატიული ლიდერშიფის სკოლის პრეზიდენტია. სასწავლებელი მან თავად დააარსა 2004 წელს.
მაიკლ კონრადმა თავისი სიტყვა სიმღერით Georgia on my Mind – დაიწყო. პრეზენტაციის ძირითადი თემა იყო მიზნის ფორმულირების ხელოვნება, რომელიც მარკეტერებს ეხმარება ეფექტური კამპანიების შესაქმნელად.
დღის ბოლოს მან „ბათუმელების“ რამდენიმე შეკითხვასაც უპასუხა.
- თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია ჰუმანურობა თანამედროვე რეკლამის სფეროში?
მაიკლ კონრადი: ეს არის აბსოლუტურად ყველაფრის გასაღები. ჰუმანურობა არსად წასულა. ყველა კომპანია, რომელიც დღეისთვის წარმატებულად ითვლება და აწარმოებს პროდუქციას, რომელიც იწვევს ადამიანებში აღტაცებას, დგას ჰუმანურ ღირებულებებზე. თუ არ იარსებებს ეს ღირებულებები, ჩვენ უბრალოდ ვერ შევძლებთ მუშაობას.
- რამდენად ეკისრებათ სოციალური პასუხისმგებლობა სარეკლამო სფეროში მომუშავე ადამიანებს და რამდენად შეუძლია რეკლამას შეცვალოს ადამიანების საცხოვრებელი გარემო უკეთესობისკენ?
მაიკლ კონრადი: აქ მომუშავე ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ეთიკის განცდა, უნდა გამოიმუშავონ ეს. როცა რამეს გაკეთებას გადაწყვეტ, შენს თავს უნდა ჰკითხო, არის თუ არა ეს ეთიკურად სწორი.
ფესტივალის მეორე დღეს მთავარი სცენა ერთ შთამბეჭდავ ქალს დაეთმო – პოლონელ ტექნოლოგიების დედოფალს – იოვიტა მიხალსკას, რომელიც ამჟამად პოლონეთის Digital University -ში საქმიანობს.
მან ისაუბრა ტექნოლოგიების სწრაფ განვითარებაზე და იმაზე, თუ როგორ გადავურჩეთ ამ რევოლუციას და ასევე, ტექნიკაზე, რომელიც ჩვენ მინიმალურ ჩართულობას მოითხოვს მოსაწყენი საქმეების კეთებისას. „ის დრო, რომელიც გვეზოგება ავტომობილის ავტოპილოტით მართვისას“, ამბობს მიხალსკა, „შეიძლება გამოვიყენოთ კითხვისთვის, მედიტაციისთვის, ან თუნდაც არაფრის კეთებისას გავფლანგოთ“. იოვიტამ იმ შიშიც ახსენა, რომელიც კაცობრიობის დიდ ნაწილს ეუფლება, როცა იგებენ, რომ სამომავლოდ ტექნოლოგიების განვითარება უამრავ სამუშაო ადგილს გააქრობს ჩვენი პლანეტიდან, მან აღნიშნა, რომ ამ პერიოდში დამატებით კიდევ უამრავი სამუშაო ადგილი გაჩნდება თავად ტექნოლოგიების სფეროში, ასე რომ მნიშვნელოვანია ჩვენი სამომავლო განათლებაც ამ სფეროში.
მიხალსკამ აღნიშნა, რომ ჩვენ მანქანებისგან გამოგვარჩევს ის, რომ გვაქვს კრეატიულობის, კრიტიკული აზროვნების, სიყვარულისა და ემპათიის განცდა.
სწორედ ამ უნარების განვითარებას შეუძლია მოახმაროს ადამიანმა ტექნოლოგიების განვითარებით მოპოვებული დრო.
„უნდა გვახსოვდეს, რომ ტექნოლოგია არის ადამიანისთვის და არა პირიქით” – აღნიშნა გამომსვლმა.
მეორე დღეს ფესტივალის აბსოლუტური გულთამპყრობელი აღმოჩნდა ბრაზილიელი მარსელო სერპა. მას მოგებული აქვს „კანის ლომების“ 150 პრიზი. ეს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა სარეკლამო სფეროში.
სერპას გამოსვლა მთლიანად აგებული იყო უბრალოების და არაპროგნოზირებადობის ცნებებზე. თქვა, მთელი 35-წლიანი მუშაობის მანძილზე ამ ორ იდეალურ მეთოდამდე მივედიო. მისი მომზადებული რეკლამები ყველა ჩვენგანს გვინახავს.
მათ შორისაა Pepsi-ს რეკლამა, რომელშიც ცნობილი ფეხბურთელი, დევიდ ბექჰემი მონაწილეობს.
„თანამედროვე რეკლამაში ხშირად ვხედავ ცნობილ სახეებს, რომლებიც კერპებად არიან წარმოჩენილები. მე ყოველთვის ვცდილობდი ჩემს რეკლამებში ცნობილი ადამიანების ჩვეულებრივად გამოყვანას, რათა მაყურებლებს ეგრძნო მათთან სიახლოვე. ახალი ყოველთვის არ ნიშნავს კარგს. რაც კარგია, კარგია ყოველთვის, გამოსვლის დღესაც და ახლაც“ – განაცხადა სერპამ.
ფესტივალის ოფიციალური, ბოლო მომხსენებელი იაპონიიდან იყო Ad Black Sea-ზე ჩამოსული. კენტარუ კიმურა სააგენტო Hakuhodu-ს თანადამაარსებელია. მან თავისი შთაგონების 5 წყაროსთან მიიყვანა მსმენელი. ესენია : კომბინაცია, მიმსგავსება, ყველაფრის ამოყირავება და ადგილების მონაცვლეობა, „რა მოხდება რომ?” და სიმართლის პოვნა ფაქტებს მიღმა.
მან ისაუბრა ასევე მოგონებებზე, ჩვენს გამოცდილებაზე, რომელიც გვაძლევს ინსპირაციას ცხოვრების გასაგრძელებლად და გვაჩვენა ვებგვერდი, რომელიც შეიქმნა იაპონიაში 2011 წლის დამანგრეველი ცუნამის შემდეგ. „მაშინ განადგურდა ყველაფერი“, აღნიშნა კიმურამ, „მათ შორის ფოტოები, ადამიანებმა დაკარგეს მოგონებები, წყალმა ყველაფერი გადარეცხა. ეს ვებგვერდი კი ადამიანებს აძლევთ საშუალებას, ითხოვონ ან ატვირთონ კონკრეტული ფოტოები, რომელიც ინახავს ბოლო წლების იაპონელი ხალხის ისტორიებს“.
საუბრის ბოლოს კენტარუ კიმურამ ისიც შეგვახსენა, რომ ყველაზე უფრო რთული სიტუაციებიდანაც კი არსებობს გამოსავალი და სულ ამაზე უნდა ვიფიქროთ.
გიორგი ხერგიანი ფესტივალს თბილისიდან შემოუერთდა, ის ამჟამად კომპანია ბილაინის ციფრული კომუნიკაციის მენეჯერია. იგი გვესაუბრა Ad Black Sea-ს მნიშვნელობაზე ჩვენი ქვეყნისთვის:
„ეს ფესტივალი იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ აქვს საშუალება იყოს რეგიონში პირველი. Ad Black Sea-ს ჩატარება თავისთავად ნიშნავს სფეროსთვის ხელშეწყობას, ბევრ საინტერესო სტუმარს და სპიკერს უცხოეთიდან. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში დადებითად აისახება, ჩემი აზრით, როგორც სარეკლამო ბიზნესზე, ისე ქვეყნის ეკონომიკაზე“ – გვითხრა მან.
დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ Ad Black Sea ბათუმს ერთი წლით დაემშვიდობება.
წელს ფესტივალში მონაწილეობას მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნის სარეკლამო სააგენტო იღებდა. Ad Black Sea 2019-ის მიზანი საქართველოში სარეკლამო ინდუსტრიის განვითარება, სარეკლამო პროდუქტების ხარისხის გაზრდა და ამასთან, მსოფლიო რუკაზე საქართველოს, როგორც კრეატიული ინდუსტრიის ამომავალ და საკმაოდ დიდი პოტენციალის მქონე ქვეყანად პოზიციონირებაა.