ახალი ამბები

იუსტიციის საბჭოს წევრები ODHIR-ის მონიტორებს სიცრუესა და არაადეკვატურობაში ადანაშაულებენ

19 სექტემბერი, 2019 • 1466
იუსტიციის საბჭოს წევრები ODHIR-ის მონიტორებს სიცრუესა და არაადეკვატურობაში ადანაშაულებენ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ნაწილი პასუხობს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) 2019 წლის 9 სექტემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომელშიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესია გაკრიტიკებული.

“გვექმნება შთაბეჭდილება, რომ ODIHR-ის მონიტორები – ანა კაკალაშვილი და მარიამ ადუაშვილი, შეუცვლელად ესწრებოდნენ რა კანდიდატებთან გასაუბრების ბუნებრივად მრავალსაათიან პროცესს, გადაიღალნენ და ყურადღების სათანადო კონცენტრაციასაც ვერ ახდენდნენ, რის გამოც დანახულს და მოსმენილს არაადეკვატურად აღიქვამდნენ”, – წერენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები და კონკრეტულად უთითებენ, მათი აზრით, ODIHR-ის შეფასების რომელი ნაწილია სიცრუე ან არაადეკვატურობა.

განცხადებას, რომელიც დღეს, 19 სექტემბერს გავრცელდა, ხელს აწერენ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები: დიმიტრი გვრიტიშვილი, თამარ ონიანი, ირაკლი ბონდარენკო, ვასილ მშვენიერაძე, სერგო მეთოფიშვილი, ირაკლი შენგელია, რევაზ ნადარაია, შოთა ქადაგიძე, ზაზა ხარებავა და ლევან გზირიშვილი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ისინი 11 სექტემბერს შეხვდნენ ODIHR-ის წარმომადგენელ მეგან ფიცჯერალდს, სადაც შეთანხმდნენ, რომ ODIHR ეცდება, შენიშვნები გაითვალისწინოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესზე საბოლოო ანგარიშის შედგენისას.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ნაწილის 12-გვერდიან განცხადებაში ODIHR-ის დასკვნა რამდენიმე მიზეზით არის გაკრიტიკებული. ერთ-ერთი მსგავსი მიზეზია საბჭოს არამოსამართლე წევრების – ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძის – მოსაზრებების ანგარიშში მოხვედრა, ასევე, სასამართლოზე საუბრისას “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევის გათვალისწინება, სადაც სწორედ სასამართლო სისტემის ნაკლოვანებებზეა საუბარი.

ODIHR წერს, რომ “უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა მიმდინარეობს “სასამართლო ხელისუფლებისადმი საზოგადოების დაბალი ნდობის პირობებში”. ამ შეფასებაში ისინი ეყრდნობიან “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” 2019 წლის გაზაფხულზე ჩატარებულ კვლევას. ამ კვლევის წყაროდ მოყვანა მიუღებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის და ორგანიზაციას მოუწოდებენ, ამის ნაცვლად დაეყრდნონ იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით ჩატარებულ კვლევას.

“გასაკვირია, ODIHR რატომ ეყრდნობა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსადმი აშკარად ანტაგონისტურად განწყობილი და, შესაბამისად, მიკერძოებული არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევას და უგულებელყოფს თითქმის იმავე პერიოდში (2019 წლის იანვარში) გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს, რომელიც ჩაატარა ავტორიტეტული და ნეიტრალური სუბიექტებისგან შემდგარმა კონსორციუმმა “IPSOS FRANCE-ის”, “Amicus Curiae-ის”, პროფესორი იან ვან დაიკის და საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრ “გორბის” შემადგენლობით”, – წერენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები.

ODIHR-ის ანგარიშში მითითებულია, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებობს “მწვავე შიდა უთანხმოება და დაპირისპირება მოსამართლე წევრებსა და არამოსამართლე წევრების ორ ჯგუფს შორის”. 

“ამგვარი ჯგუფები არ არსებობს. სახეზეა საბჭოს არამოსამართლე 2 წევრი – ნაზიბროლა ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე, რომლებიც, თავიანთი დესტრუქციული, პროვოკაციული ქმედებებით, უპირისპირდებიან მთელს დანარჩენ საბჭოს და სასამართლო სისტემას”, – აცხადებენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ODIHR-ის პასუხად. ისინი მოთხოვენ, რომ ორგანიზაციის საბოლოო ანგარიშში “ყველგან მიეთითოს, რომ უთანხმობა და დაპირისპირება არსებობდა ერთი მხრივ ნაზიბროლა ჯანეზაშვილსა და ანა დოლიძეს და მეორე მხრივ – მთელს დანარჩენ საბჭოს წევრებს შორის.”

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ასევე მოითხოვენ, რომ ODIHR-მა ანგარიშიდან საერთოდ ამოიღოს მითითება საბჭოს წევრების შესაძლო ინტერესთა კონფლიქტზე. ODIHR წერს, რომ მოსამართლეთა შერჩევისას “საბჭოს ორმა წევრმა უარი თქვა თვითაცილებაზე მიუხედავად განმცხადებლებთან ნათესაური კავშირებისა”.

“სავარაუდოდ, იგულისხმებიან საბჭოს წევრები – თამარ ონიანი და ირაკლი შენგელია, რომლებთანაც, გარკვეული კრიტერიუმებით, დაკავშირებულ იქნა ორი კანდიდატი – ზურაბ აზნაურაშვილი და ლევან თევზაძე, კერძოდ: ზურაბ აზნაურაშვილი არის თამარ ონიანის ყოფილი მეუღლის ძმა; ლევან თევზაძე კი არის ირაკლი შენგელიას მეუღლის ძმა”, – აღნიშნავენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები და არ ეთანხმებიან ODIHR-ის მითითებას ნათესაურ კავშირზე. მათი თქმით, თამარ ონიანი ერთი წლის წინ განქორწინდა და შესაბამისად, მას არ აქვს ნათესაური კავშირი ლევან თევზაძესთან. 

განცხადების ავტორების თქმით, “ნათესაური კავშირი” ბუნდოვანი ცნებაა და არ არსებობს ამ ცნების ერთიანი, უნივერსალური გაგება.როგორც ისინი ირწმუნებიან, “არც ერთ საკანონმდებლო აქტში არის განსაზღვრული, რომ ყოფილი მეუღლის ძმა ან ცოლის ძმა არიან ნათესავები იმ თვალსაზრისით, რომ მათთან მიმართებით მიმდინარე რაიმე სამართლებრივ პროცედურაში მონაწილეობიდან გამოირიცხოს კონსტიტუციური კოლეგიური ორგანოს წევრი, ინტერესთა შეუთავსებლობის არსებობის საფუძვლით”.

ODIHR აღნიშნავდა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ნაწილი მოსამართლეობის კანდიდატების ნაწილს უსვამდა “რთულ ტექნიკურ და ბუნდოვან შეკითხვებს”.

“ვისთვის იყო ეს შეკითხვები “რთული და ბუნდოვანი”? ალბათ თავად მონიტორებისთვის [ODIHR-ის], რადგან არც ერთ კანდიდატს არ გაუპროტესტებია მისთვის “რთული ტექნიკური და ბუნდოვანი შეკითხვის” დასმის ფაქტი”, – აღნიშნავენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები.

ისინი ასევე მიიჩნევენ, რომ ODIHR-მა მკაფიოდ უნდა გამიჯნოს ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძის ქმედებები საბჭოს დანარჩენი წევრებისგან და უკეთ ასახოს მათი “პროვოკაციული ქმედებები” .

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ნაწილის მიერ ODIHR-ის მიმართ გამოთქმულ შენიშვნებს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი