გამოძიების ცნობით, 2015 წლის 9 მარტს, დაახლოებით 16:00 საათზე, პოლიცელი მისი კუთვნილი ავტომანქანით მოძრაობდა ქ.თბილისში, ვაზისუბანში, რა დროსაც ვერ შეძლო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა და შეეჯახა ორ ავტომანქანას.
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანება არავის მიუღია, დაზიანდა მხოლოდ ავტომანქანები, ხოლო ვ. შ. აგრესიულად იქცეოდა, აცხადებს პოლიცია.
შსს-ს ცნობით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციის მოსამსახურეებმა ვ. შ. ალკოტესტით შეამოწმეს სიმთვრალე-სიფხიზლეზე, რის შედეგადაც დაუდგინდა ალკოჰოლური თრობა.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის მას დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი – მართვის უფლების 3 წლით შეჩერება.
შსს-ს განმარტებით, პოლიციის ლეიტენანტმა ვ. შ-მ ჩაიდინა შსს-ს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ (ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ) და „ვ“ (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს შს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, რაც მისი მხრიდან გამოიხატა შს მინისტრის 2013 წლის 17 იანვრის №26 ბრძანების მოთხოვნათა დარღვევაში.
ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ავტომანქანის მართვისათვის, ვანო შოშიაშვილს უკვე ჰქონდა მიღებული სასტიკი საყვედური., აცხადებს შსს.





