ახალი ამბები

“სირცხვილია” საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს და რეგიონებში გადის

14 სექტემბერი, 2019 • 3861
“სირცხვილია” საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს და რეგიონებში გადის

მოძრაობა “სირცხვილია” საპროტესტო აქციებს დღეიდან საქართველოს რეგიონებში გამართავს.

პირველი აქცია ზუგდიდში, მერიასთან იმართება. მომავალ კვირას კი დაგეგმილია აქციები ბათუმში, ლანჩხუთში, სამტრედიაში, ქუთაისსა და გორში.

“ზუგდიდი არის პირველი ქალაქი თბილისს გარეთ, სადაც დაიწყო აქციები იმის ხაზგასასმელად, რომ ყველგან სირცხვილია. ჩვენ ვიღებთ ივანიშვილის გამოწვევას, რომელმაც პირდაპირ სილა გააწნა იმ საზოგადოებას, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვდა და იგი პრემიერ-მინისტრად დაუნიშნა. ვიღებთ ამ გამოწვევას, გავდივართ რეგიონებში, ვიწყებთ ბევრ სხვადასხვა ფლანგზე ბრძოლას იმისთვის, რომ 2020 წელს გავისტუმროთ რეჟიმი, რომელმაც დიდად დააზიანა ჩვენი სახელმწიფო. ჩვენ შევდექით უკვე როგორც მოძრაობა და ამას უკვე ოფიციალურადაც გავაფორმებთ”, – განაცხადა ანტისაოკუპაციო აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიგა მაქარაშვილმა ზუგდიდში.

როგორც მაქარაშვილმა “ნეტგაზეთს” უთხრა, ეს იქნება საზოგადოებრივი და არა პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც საკუთარ მიზნებზე უფრო კონკრეტულად 20 სექტემბერს, თბილისში დაგეგმილ აქციაზე ისაუბრებს.

“ჩვენ უკვე შემდგარი მოძრაობა ვართ, ვგეგმავთ რომ უფრო ბევრთან ვიმუშავოთ, დავიმატოთ ბევრი პროფესიონალი. ვიწყებთ ბევრ სხვადასხვა ფლანგზე ბრძოლას იმისთვის, რომ 2020 წელს თავისუფალი არჩევნები ჩავატაროთ”, – აღნიშნა გიგა მაქარაშვილმა.

მისი თქმით, იქნება თუ არა სამოქალაქო მოძრაობის ოფიციალური სახელწოდება “სირცხვილია” ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის.

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის და ახლა უკვე პრემიერის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები 20 ივნისიდან იმართება.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი