ახალი ამბები

სუროგაციით დაბადებული ბავშვების მშობლები დაბადების მოწმობების გაცემას ითხოვენ

14 სექტემბერი, 2019 • 3088
სუროგაციით დაბადებული ბავშვების მშობლები დაბადების მოწმობების გაცემას ითხოვენ

სუროგაციის ცენტრ “ნიუ ლაიფის” ხელმძღვანელი მარიამ კუკუნაშვილი სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვებისთვის დაბადების მოწმობის გაცემის მოთხოვნით იუსტიციის სახლში აქციას ორშაბათს, 16 სექტემბერს განაახლებს.

კუკუნაშილი იუსტიციის სახლში სუროგაციის გზით დაბადებულ ბავშვებთან და მათ მშობლებთან ერთად მივა, თუმცა იმედოვნებს, რომ ამ დროისთვის პრობლემა აღმოფხვრილი იქნება.

“დღეს იუსტიციის სახლი დაკეტეს. მოქალაქეები მიდიან სერვისების მისაღებად, მაგრამ ქორწინების რეგისტრაციაზეც უარი უთხრეს. ეს გამოწვეულია ჩვენი გუშინდელი აქციის გამო. ორშაბათს, 09:00 საათიდან ისევ მივალთ იუსტიციის სახლში, თუმცა ვფიქრობ, იმ დროისთვის პრობლემა აღმოფხვრილი იქნება, იმიტომ რომ, გუშინ, ღამის 3 საათამდე ადგილზე რჩებოდნენ სერვისების განვითარების სააგენტოს უფროსიდან დაწყებული, ოპერატორებით დამთავრებული ყველანი და თავადაც ძალიან შეწუხდნენ აღნიშნული პრობლემით”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” კუკუნაშვილმა.

მარიამ კუკუნაშვილის თქმით, სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელობა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გარეშე გადაწყვეტილებას ვერ იღებს.

“ნიუ ლაიფის” ხელმძღვანელმა მარიამ კუკუნაშვილმა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, რომლებმაც სუროგაციით საქართველოში ისარგებლეს, გუშინ, 13 სექტემბერს, სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვები იუსტიციის სახლში მიიყვანეს და მათვის დაბადების მოწმობის გაცემა მოითხოვეს. კუკუნაშვილის ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბავშვები სამშობლოში ვერ მიჰყავთ, რადგან მათთვის ბავშვის დაბადების მოწმობის აღებას ვერ ახერხებენ.

სუროგაციის ცენტრის აქცია იუსტიციის სახლში; ფოტო: მარიამ კუკუნაშვილის ფეისბუქ გვერდიდან

კუკუნაშვილის ინფორმაციით, ინ ვიტრო განაყოფიერებითა და სუროგაციით გაჩენილ ბავშვებზე დაბადების მოწმობის გაცემა ყოველთვის ერთი დღის ვადაში ხდებოდა, თუმცა პრობლემები შეიქმნა მიმდინარე წლის აგვისტოს დასაწყისიდან, რაც ინ ვიტრო განაყოფიერების ახლებურ ინტერპრეტაციას მოჰყვა. მისი თქმით, იუსტიციის სამინისტრომ ჩათვალა, რომ ინ ვიტრო განაყოფიერება არის მხოლოდ ემბრიონის შექმნა და არა გადატანა, რამაც გაყინული ემბრიონებით გაჩენილი ბავშვების რეგისტრაცია შეუძლებელი გახადა.

მარიამ კუკუნაშვილის თქმით, სუროგაციის ცენტრების რეაგირების შემდეგ იუსტიციის მინისტრმა გამოსცა ბრძანება აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, თუმცა პრაქტიკაში არაფერი შეცვლილა და იუსტიციის სახლი მოწმობებს ხშირს შემთხვევაში არ გასცემდა.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ 9 სექტემბრიდან დღემდე 8 სხვადასხვა კლინიკაში დაბადებულ 26 ბავშვზე გაიცა დაბადების მოწმობა, თუმცა არ უპასუხეს კითხვას, სულ რამდენი განაცხადი იყო შესული, ასევე, რას უკავშირდება აღნიშნულ მომსახურების მიღებასთან დაკავშირებული პრობლემები.

მასალების გადაბეჭდვის წესი