ახალი ამბები

რატომ მოვიდა პოლიტიკაში – ხაზარაძის სიტყვა მოძრაობის დაფუძნებისას

12 სექტემბერი, 2019 • 1849
რატომ მოვიდა პოლიტიკაში – ხაზარაძის სიტყვა მოძრაობის დაფუძნებისას

დღეს, 12 სექტემბერს, მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრვი მოძრაობის დაფუძნებისას იმ მიზეზების შესახებ ისაუბრა, რის გამოც პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა.

თიბისი ბანკის დამფუძნებელი ამბობს, რომ მისი მიზანია საქართველოში ისეთი პირობების შეიქმნას, რომ ემიგრანტები დაბრუნდნენ. ხაზარაძე ასევე ფიქრობს, რომ ბოლო წლებში ადამიანებს უიმედობის განცდა დაეუფლათ და ეს ვითარება უნდა შეიცვალოს:

“ჩვენ ახლა ანაკლიაში ვიმყოფებით იმ ადგილას, სადაც ე.წ საზღვარი გვყოფს ჩვენს ძმებთან, აფხაზებთან. ეს ადგილი ყველაზე ახლო წერტილია ევროპასთან. ადგილი, სადაც უნდა მოხდეს პრაქტიკულად ახალი შემობრუნების წერტილი ჩვენს სახელმწიფოებრივ სინამდვილეში. ეს არის ადგილი, სადაც უზარმაზარი პოტენციალის პროექტი უნდა განხორციელდეს და ხორციელდება, სადაც შეიქმნება უამრავი სამუშაო ადგილი და შესაძლებლობა იმისა, რომ ერთხელ და სამუდამოდ საქართველომ ფუნქცია დაიბრუნოს.

ფუნქცია სამეზობლოში, ფუნქცია რეგიონში და მსოფლიო რუკაზე. მინდა გითხართ, რომ ჩვენ ვდგავართ იმ ადგილას, რომელიც არის ბოლო კარიბჭე საქართველოსა და ევროპას შორის. ბოლო კარიბჭე აზიასა და ევროპას შორის. სწორედ აქედან ერთხელ და სამუდამოდ უნდა განმტკიცდეს ჩვენი ვექტორი დასავლეთისკენ.

ვინ ვართ ჩვენ?! რატომ შევიკირიბეთ დღეს აქ?! ჩვენ ვართ ადამიანები სხვადასხვა სფეროდან, პროფესიონალები, რომლებიც ჩვენს საქმიანობას ძალიან წარმატებით ვუძღვებოდით, ვქმნიდით სამუშაო ადგილებს, ვიხდიდით გადასახადებს, მაგრამ დღეს ჩვენ შეგვკრიბა აქ აბსოლუტურად სხვა რეალობამ, რადგან დღეს საქართველო განსაკუთრებით საჭიროებს იმ ადამიანების ერთობას, რომლებმაც ცალ-ცალკე სხვადასხვა სფეროში თქვენნაირად შექმნეს წარმატების ისტორია.

სად აღმოვჩნდით დღეს?! ბოლო 30 წლის განმავლობაში სულ ერთი წრის გარშემო ვართ, რაღაც მოჯადოებულ წრეში. საქართველომ ბევრი რამ დაკარგა ამ ხნის განმავლობაში. დაკარგა ტერიტორიები, ვერ გაიმარჯვა ეკონომიკურ წინსვლაში, კარგავს ინვესტიციებს და, რაც ყველაზე მთავარია, კარგავს თავის ხალხს, ხალხს, რომელიც ქვეყნიდან გადის. მესმის იმ ადამიანების, რომლებმაც ქვეყანა მაშინ დატოვეს, როცა საქართველოში ძალიან მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა იყო.

მაგრამ დღეს რატომ მესმის ჩემს სამეგობროში, რომ ალბათ მეც უნდა წავიდე, რადგან განვითარების პერსპექტივას ვერ ხედავენ. რამ გამოიწვია ეს ყველაფერი?! რატომ გავხდით ჩვენ ასეთი უიმედოები?! და რატომ აღარ გვაქვს სახელმწიფოებრივი გრძნობა?! ჩვენ ამ [წრეს] ერთად გავარღვევთ და შევქმნით აბსოლუტურად ახალ რეალობას. დღეს ქართულ ეკონომიკას ჩვენი ემიგრანტები ასაზრდოებენ. ჩვენი დედები, დები და ძმები, რომლებიც ყოველთვიურად უზარმაზარ თანხას რიცხავენ ქართულ ეკონომიკაში. ეს იმაზე მეტი თანხაა, ვიდრე გარედან შემოტანილი ინვესტიციები.

ერთი მხრივ, Doing Business -ში მოწინავე ადგილზე ვართ, მეორე მხრივ, ვარდნა გვაქვს ინვესტიციებში. თუ გადავხედავთ მსოფლიო ბანკის კვლევას ბედნიერების ინდექსის შესახებ, პირველ ხუთ ადგილას ჩვენი ზომის ქვეყნები არიან. ისინი ჩვენი ზომის არიან ტერიტორიით, ხალხის რაოდენობით… მაშინ რა გვჭირს ჩვენ?! რატომ არ გვაქვს მიზანი, რომ ჩვენი ქვეყანაც ამ ხუთეულის წევრი იყოს, ან თუნდაც ათეულში მაინც ვიყოთ. რატომ ვერ დავისახეთ ასეთი მიზანი?!სწორედ ეს მიზანი უნდა დავისახოთ. უნდა შევეჯიბროთ არა ჩვენ უკან მყოფ ან ჩვენი დონის ქვეყნებს, არამედ ყველა სფეროში მოწინავე ქვეყანა უნდა ვიყოთ. რატომ? იმიტომ, რომ ამის უზარმაზარი პოტენციალი გაგავაჩნია. ეს პოტენციალი ხართ თქვენ და ჩვენი ემიგრანტები. ის ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც დღეს დაგვაპირისპირეს პოლიტიკოსებმა, რადგან ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაზე მარტივია გათიშე და იბატონე.

დღეს ამ რელობაში ვართ. ქართველს მოერია ყველაზე ცუდი რამ -ნიჰილიზმი და უიმედობა. ეს უნდა გავარღვიოთ. ამიტომ მოვედით ანაკლიაში, რომ აქედან ვუთხრათ ყველას, რომ ყველაფერი აქედან დაიწყება.

აქ ჩემს პარტნიორებთან ერთად დიდი ინვესტიცია მაქვს ჩადებული, თუმცა ახლა ამაზე არ ვისაუბრებ, რადგან დღეს ჩემს ხალხთან სულ სხვა რამეზე მინდა საუბარი. ჩემს მეგობრებთან ერთად, ბადრისთან ერთად შევქმენი 10 ათასი სამუშაო ადგილი, შემოვიტანეთ მილიადრობით პირდაპირი ინვესტიცია. გადავიხადეთ ასობით მილიონი ლარის გადასახადი ბიუჯეტში. ჩვენ ეს შევქმენით იმ რთულ პირობებში, რასაც ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი ჰქვია. საქართველოში ბიზნესის კეთება ურთულესი რამ არის. ჩვენ ეს შევძელით 10 ათასკაციან გუნდთან ერთად და თქვენ ეს შეძელით თქვენს წარმატებულ კომპანიებში.

აქ არიან ადამიანები, რომლებიც აბსულუტურად სხვადასხვა სფეროს წარმოადგენენ. დღეს ჩვენ ცალ-ცალკე წინ ვერ წავალთ. აქ ორი ახალგაზრდაა- ბექა და ვახო, რომლებიც საკუთარი გამოგონების გამო ნასაში წაიყვანეს. ეს არის ჩვენი მომავალი. ასეთ ინოვაციებზე, ასეთი ადამიანების შეკრებაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი. სწორედ ეს არის ჩვენი ამოცანა.

მიუხედავად ამ 10 ათასკაციანი გუნდის წარმატებისა, მივხვიდი, რომ ნაპირი გაიზარდა ჩვენსა და იმ ადამიანებს შორის, რომლებმაც არასწორი პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის სისტემისა და არასწორის მიზნების გამო, რომლებსაც ჩვენი პოლიტიკოსები სხვადასხვა დროს თავზე გვახვედნენ. ჩვენ აქეთ აღმოვჩნდით, იქით კი იმედგაცრუებული ადამიანები არიან. მივხვდი, რომ ასე ვეღარ გავაგრძელებ. შეიძლება მადლობაც კი ვუთხრა ყველა იმ ჩინოვნიკსა და პოლიტიკოსს იმ შემოტევებისთვის, რომლებმაც ეს პრობლემები შეგვიქმნეს. რადგან გავახილე თვალი და ვთქვი, რომ მე ასე ვეღარ გავაგრძელებ. ეს მხოლოდ მე აღარ მეხება, ეს თითოეულ ჩვენგანს ეხება. არ მინდა, რომ ამ ნაპირის ერთ მხარეს ვიდგე. მინდა საქმე გავაკეთო, ყველასთვის რომ შეიქმნას ნიადაგი, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მსოფლიოში მიმოფანტულ ნიჭიერ ხალხს, საქართველოში დაბრუნდნენ. ჩვენი გამარჯვება იქნება მაშინ, როცა ჩვენი ემიგრაცია უკან დაბრუნებას დაიწყებს”,-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ხაზარაძის მოძრაობა “ლელო” 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს. როგორც ხაზარაძე ამბობს, არცერთ პოლიტიკური პარტიასთან არ აპირებს თანამშრომლობას და მისი პოლიტიკური პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებლად გავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი