ახალი ამბები

კვოტები მეტი ქალისათვის პარლამენტში – პარტიების ხედვა

9 მარტი, 2015 •
კვოტები მეტი ქალისათვის პარლამენტში – პარტიების ხედვა

საქართველოს პარლამენტის 150 წევრიდან მხოლოდ 17-ია ქალი, ანუ, ჯამში, 11.3%. ინტერ-საპარლამენტო კავშირის 2015 წლის მონაცემებით, ამ შედეგით საქართველო მსოფლიოში 106-ე ადგილს იკავებს.

“მოვითხოვთ, საქართველოს ხელისუფლებამ გადადგას ეფექტიანი ნაბიჯები ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გასაზრდელად და შემოიღოს დროებითი, საგანგებო ზომა, რათა შემდეგ, 2016 წლის პარლამენტში 150 წევრიდან სულ მცირე 38 იყოს ქალი”, – აცხადებენ ქალთა მოძრაობაში.


8 მარტის მსვლელობა - მეტი ქალი პარლამენტში/ფოტო: ქალთა მოძრაობა Georgian Women
8 მარტის მსვლელობა – მეტი ქალი პარლამენტში/ფოტო: ქალთა მოძრაობა Georgian Women’s Movement-ის ფეისბუკ-გვერდიდან

მოძრაობის ერთ-ერთი წევრი, გენდერის სპეციალისტი მაია კუპრავა “ბათუმელებთან” საუბარში განმარტავს, რომ საუბარია პროპორციულ საარჩევნო სიებზე (სულ 77 დეპუტატი) კვოტირების დაწესებაზე. ანუ პარტიებმა პროპორციული წესით შედგენილ სიებში მინიმუმ ყოველ მეორე კანდიდატად ქალი უნდა დაასახელონ. რაც შეეხება მაჟორიტარებს, აქ მოძრაობა კვოტირებას არ ითხოვს და იმედოვნებს, რომ წინა არჩევნების მსგავსად, პარტიები ქალებს მაჟორიტარებად ისედაც დაასახელებენ გარკვეული რაოდენობით, რაც, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველოს პარლამენტში ქალების რაოდენობა დეპუტატების საერთო შემადგენლობის 30 პროცენტს გადააჭარბებს.

“შეიძლება ამაზე ფიქრი, თუმცა ეს სავალდებულო კვოტები ცოტა რთული ამბავია… თუ არ არიან ამა თუ იმ პარტიაში ქალები თვალსაჩინოდ წარმოდგენილნი? ცოტა ძნელი იქნება, თორემ მე პირადად მხარს ვუჭერ”, – ამბობს “ბათუმელებთან” საუბარში პარლამენტში “თავისუფალი დემოკრატების” ფრაქციის ლიდერი ზურაბ აბაშიძე.

მაია კუპრავა კი, რომელიც პოლიტიკაში ქალების აქტივობის პროცესებს უკვე წლებია აკვირდება, აცხადებს, რომ პარტიების აქტივისტების მინიმუმ 30 პროცენტი ქალია, ამ მონაცემის წყაროდ იგი 2005 წლის “ქალთა განათლების და ინფორმაციის ცენტრის” და 2010 წლის NIMD-ის კვლევას ასახელებს. NIMD-ის კვლევის თანახმად, 2010 წელს პარტიებში ქალი წევრების რაოდენობა 40 პროცენტს აჭარბებდა, თუმცა პარტიის მმართველ რგოლებში ქალების რაოდენობა საკმაოდ დაბალი იყო:


ქალების რაოდენობა პარტიებში 2010 წელს/სქრინშოტი NIMD-ის კვლევიდან
ქალების რაოდენობა პარტიებში 2010 წელს/სქრინშოტი NIMD-ის კვლევიდან

ზურაბ აბაშიძეც და სხვა პოლიტიკოსებიც აღიარებენ, რომ ქვედა პარტიულ დონეებზე ქალები საკმაოდ აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას ეწევიან, იქნება ეს აგიტაცია, მხარდამჭერების კოორდინაცია თუ საარჩევნო კომისიებში მუშაობა, თუმცა შემდგომში მათი დაწინაურება მაღალ ტრიბუნებთან, იქნება ეს პარლამენტი, საკრებულო თუ აღმასრულებელი ხელისუფლება, აღარ ხდება. მაია კუპრავა პარტიებს ურჩევს, რომ ამ ადამიანებს ენდონ, ხოლო თუ ვინმეს კვალიფიკაცია აკლია, მისი თქმით, ქართული და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები მზად არიან, რომ პარტიის წევრ ქალებს დახმარება გაუწიონ, იქნება ეს ტრენინგები თუ სემინარები.

“გარდა ამისა, არასამთავრობო სექტორი მზად არის პარტიებს დაეხმაროს და შესთავაზოს ქალები, რომლებიც მზად არიან მოვიდნენ პოლიტიკაში. ისინი მზად არიან გადადგან ნაბიჯები, მაგრამ ამისთვის პარტიას თვითონ უნდა ჰქონდეს კარგად რეკრუტირების სისტემა აწყობილი. ჩენ ვერ შევთავაზებთ კანდიდატს ცალკე რომელიმე პარტიას, ჩვენ ვეუბნებით, რომ არიან ასეთი აქტიური ქალები და დააინტერესეთ, რომელი პარტიაც მოეწონებათ, იქ წავლენ. ეს უკვე პარტიის რეკრუტირების სისტემის ამბავია: მაცნობთ თქვენს იდეოლოგიას, მეუბნებით, რა არის თქვენი ხედვა, საით მიდიხართ, მემარჯვენე ხართ, მემარცხენე ხართ. მე ჩემთვის მოსაწონ პარტიაზე გავაკეთებ არჩევანს”.

კითხვას, სად არიან ახლა ეს ადამიანები და რატომ არ ჩანან ასპარეზზე, კუპრავა პასუხობს:

“ეს ადამიანები სხვადასხვა სექტორში არიან დასაქმებული, ისინი მუშაობენ თავიანთ რაიონებში, სოფლებში, ქალაქებში, თბილისში. მათ წლებია ვხვდებით ჩვენი საქმიანობის ფარგლებში, მერწმუნეთ, მათ აქვთ სურვილი, რომ საკუთარი თავი ნახონ პოლიტიკაში”.

უმაღლეს პოლიტიკურ ორგანოებში მეტ-ნაკლები გენდერული ბალანსის მისაღწევად კვოტირება დროებითი მექანიზმია, რომელსაც თავის დროზე საკმაოდ ეფექტურად იყენებდნენ სკანდინავიის ქვეყნები, დღეისათვის კი აფრიკის ქვეყნებიც. სწორედ 30-პროცენტიანი კვოტირების შემდეგ დაიწყო რუანდის პარლამენტის ტრანსფორმაცია და დღეს ამ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატაში 63.8 პროცენტს ქალები წარმოადგენენ, რუანდაში პოლიტიკოსები უკვე ხუმრობენ, რომ მალე კვოტირების სისტემა კაცების უფლებების დასაცავად იქნება საჭირო. თუმცა კვოტირების სისტემაზე იგივე სკანდინავიაში ქვეყნები ერთბაშად არ გადასულან და მანამდე გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა, საუბარია სხვადასხვა პროგრამებზე ლიდერი ქალების აღმოსაჩენად და ასე შემდეგ.

“არც ჩვენ ვმუშაობთ ცოტა ხანი, 1994 წლიდან მიდის ამაზე მუშაობა, როცა ჩვენ CEDAW-ს კონვენციას მივუერთდით. კონვენციის მეოთხე მუხლი მხოლოდ ამაზე საუბრობს. როცა რაღაცას ვაწერთ ხელს, ცხადია, გათავისებული უნდა გვქონდეს. მინიმუმ 1994 წლიდან ჩვენ ამისთვის უნდა მოვმზადებულიყავით, როგორც ქვეყანა, ასევე – საზოაგდოება. ბუნებრივი გზით რომ წავიდეთ, ამას [გენდერული ბალანსის მიღწევას პოლიტიკაში] 50 წელი სჭირდება. არა მხოლოდ გენდერზეა აქ საუბარი, ზოგადად, ნებისმიერ მენტალურ ცვლილებას 50 წელი სჭირდება. ჩვენ რომ კარგად ვცხოვრობდეთ, შეიძლება დრო მიგვეცა და ბუნებრივი მეთოდით წავსულიყავით, მაგრამ რადგან ქვეყანა უკეთესობისკენ არ მიდის და სასიკეთოდ არაფერი იცვლება, ჩვენ პრობლემას ვხედავთ ამ ტიპის ერთსქესიანთა მმართველობაში, სადაც გადაწყვეტილებას მხოლოდ კაცები იღებენ”, – ამბობს კუპრავა.

ერთ-ერთი კონტრარგუმენტი, რომლითაც კვოტირების მოწინააღმდეგეები მომხრეებს მიმართავენ სადისკუსიოდ, მდგომარეობს იმაში, რომ შესაძლოა პარტიებმა ქალი კანდიდატების სათანადო რაოდენობა ვერ მოიძიონ საარჩევნო სიისთვის და იმისათვის, რომ კვოტირების წესი დ,ა შესაბამისად, კანონი არ დაარღვიოს, თავისი ახლობლებები და ნათესავები შეიყვანონ სიაში.

“ნეპოტიზმი არც ახლაა გამონაკლისი. თქვენ გეგულებათ პარტია, რომელსაც 150 პოლიტიკურად მომწიფებული კადრი ჰყავს? როდესაც ქალი კადრების ნაკლებობაზეა საუბარი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პირველი აგიტატორები და აქტივისტები ქალები არიან, იმ კარდაკარ მოსიარულე ქალების კვალიფიკაცია შეიძლება პოლიტიკური ნიშნით ძალიან მაღალი არ არის, მაგრამ ჩვენ ასეთ გამონაკლისებს დღესაც ვხედავთ პარლამენტში, რომ მამაკაცები, რომლებიც პარლამენტში არიან, პოლიტიკური  მიმართულებით არანაირ კვალიფიკაციას არ ფლობენ. არ ვამბობთ, რომ ეს მოგვწონს. პარლამენტისთვის გასაზრდელები არიან როგორც მამაკაცი პოლიტიკოსები, ასევე ქალი პოლიტიკოსები”, – ამბობს მაია კუპრავა ზემოხსენებული არგუმენტის საპასუხოდ.

მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ კვოტირებამ შესაძლოა პარტიული ნეპოტიზმს დაუდოს სათავე, არც “ქართული ოცნების” პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი გია ვოლსკი იზიარებს, რომელიც ამბობს, რომ “ქვეყანა ჩალით არაა დახურული და ის პოლიტიკოსი, რომელიც საარჩევნო სიას მხოლოდ საკუთარი ნათესავებით, მეუღლით, დებითა თუ სიდედრით დააკომპლექტებს, ამომრჩევლის ნდობას ვერ დაიმსახურებს”. რაც შეეხება იმას, დაუჭერს თუ არა “ქართული ოცნება” კვოტირების დაკანონების წინადადებას მხარს, ვოლსკი აცხადებს, რომ ამ საკითხზე ჯერჯერობით ერთიანი კოალიციური პოზიცია არ არსებობს:

“ჩემს პირად მოსაზრებაზე მე ვერფერს მოგახსენებთ, რადგან მე პასუხისმგებლობა მაქვს ფრაქციის პოზიციასთან დაკავშირებითაც. განწყობები სხვადასხვანაირია. საერთო აზრი ჩამოყალიბებული არ არის. კოალიციურ რეჟიმში ვიმსჯელებთ, რომ ერთი პოზიცია გვქონდეს. მე, მაგალითად, ვფიქრობ, რომ 2016 წელს ყოველგვარი კანონით დავალდებულების გარეშეც ქალების რაოდენობაზე პარტიულ სიებში პოზიტიურად უნდა ვიფიქროთ.

საქართველოში არ არის ტრადიცია, რომ ქალს რაღაც ადგილი უნდა ჰქონდეს მიჩენილი, აქ ქალის კულტი ყოველთვის არსებობდა, მაგრამ ბოლო პერიოდში ქალის თემა მხოლოდ სადღეგრძელოებში გაიბნა. შესაბამისად, უფრო ღრმა ანალიზი არ კეთდება, თუ რამდენად პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს ქალების მონაწილეობას. აი, სწორედ აქ ვამბობ, რომ ხელოვნურობა ამ პრაქტიკულობის მტრად შეიძლება იქცეს. პრაქტიკული მნიშვნელობიდან გამომდინარე ვურჩევ ყველა პოლიტიკურ ძალას, მათ შორის ჩვენ პარტიას, რაც შეიძლება მეტი ქალი მოიზიდოს პოლიტიკაში”, – ამბობს ვოლსკი.

2012 წლის არჩევნების წინ “ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებდნენ, რომ ისინი კვოტირებას მხარს არ უჭერდნენ და ფიქრობდნენ, რომ ქალების ჩართულობის ზრდა პოლიტიკაში ეტაპობრივად მოხდებოდა. ახლა ენმ-ში, როგორც ჩანს, მიდგომები შეიცვალა:

“ყველანაირად მხარს ვუჭერ ქალთა ამ მოძრაობას. ქალების გააქტიურება და ჩართულობა პოლიტიკაში ჩვენს პოლიტიკას წაადგება. არა მარტო ჩემი, არამედ ჩემი პარტიის პოზიციაც ასეთია. ბოლო პერიოდში ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან გავაქტიურდით. შევქმენით  ენმ-ს ქალთა ფრთა და ძალიან აქტიურად ვმუშაობთ რაიონებში. სხვადასხვა რაიონში ძალიან ბევრი აქტიური ადგილობრივი ლიდერია, რომლის პოლიტიკაში ჩართვაც ქვეყანას წაადგება. ეს არის ჩვენი პოზიცია. 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ჩვენმა პარტიამ არასავალდებულო კვოტის საკანონმდბელო მოთხოვნაც დაიცვა და ეს არ იყო ფორმალობა. თუ გადახედავთ ჩვენს საარჩევნო სიებს, თბილისიდან დაწყებული ქედით დამთავრებული, ძალიან ბევრგან პირველ ნომრად ქალი გვყავდა დასახელებული. ამ მიმართულებით პარტიის მომავალს სწორედ ასე ვხედავთ, რომ ბევრი ახალი ქალი უნდა ჩავრთოთ”, – ამბობს ენმ-ს წევრი ხათუნა გოგორიშვილი.

არასავალდებულო წამახალისებელი კვოტა, რომლის მიხედვითაც, თუ საარჩევნო სიაში ესა თუ ის პარტია კანდიდატების 30 პროცენტს ქალებს დაასახელებს, გაზრდილ საბიუჯეტო დაფინანსებას მიიღებს [საარჩევნო ბარიერის შემთხვევაში], უკვე წლებია არსებობს, თუმცა ქალთა მოძრაობაში მიიჩნევენ, რომ ის არცთუ ეფექტურია. მაგალითად, 2012 წელს ეს არასავალდებული წამახალისებელი კვოტა არც ენმ-მ და არც “ქართულმა ოცნებამ” დაიცვა.

“ბალანსის ამ ნორმის სავალდებულოდ ქცევას მე პირადად მხარს დავუჭერდი. ჯერ კანონპროექტი წარმოდგენილი არ არის, მაგრამ პარტიაშიც ვიმსჯელებთ ამაზე და შევეცდები ჩემი კოლეგები დავარწმუნო, რომ ეს ნამდვილად საშური საქმეა”, – აღნიშნავს გოგორიშვილი.

კვოტირების იდეას მხარდაჭერას მესამე საპარლამენტო ძალის, “თავისუფალი დემოკრატების” ფრაქციის ლიდერი ზურაბ აბაშიძეც ჰპირდება:

“ამ კუთხით ჩვენც არ ვართ მაღალი სტანდარტების მატარებლები, მაგრამ მომავალში უფრო მეტად  უნდა იყვნენ წარმოდგენილი ქალები პარტიაშიც და შემდეგ უკვე საპარლამენტო დონესა თუ აღმასრულებელ დონეზეც”, – აცხადებს აბაშიძე.

პარლამენტში ქალი დეპუტატების რაოდენობის გასაზრდელად კვოტირების სისტემის დაკანონების იდეა პირველად საქართველოში 2003 წელს ზეპირსიტყვიერად გაახმაურა პარლამენტარმა ადა მარშანიამ, თუმცა მან მაშინ მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.


კვოტირების სისტემის შემოღებაზე ნეტგაზეთის ვებგვერდზე ონლაინ-გამოკითხვა მიმდინარეობს. ამ დროისთვის ქალი დეპუტატებისთვის კვოტირების დაწესებას მხარს გამოკითხულთა 60 პროცენტზე მეტი უჭერს.


ქალები პოლიტიკაში/ www.scilogs.com-ის ფოტო
ქალები პოლიტიკაში/ www.scilogs.com-ის ფოტო

მასალების გადაბეჭდვის წესი