ახალი ამბები

“ინგამ და ვახომ რომ იკამათონ და თქვენ სახლში მოიწვიოთ…” – ქანთარიას პარალელი ხაზარაძის საქმეზე

13 სექტემბერი, 2019 • 1648
“ინგამ და ვახომ რომ იკამათონ და თქვენ სახლში მოიწვიოთ…” – ქანთარიას პარალელი ხაზარაძის საქმეზე

“მე არ ვიცი, გენპროკურორი იქ რა სტატუსით იმყოფებოდა, როგორც პიროვნება… თუ იყო საერთოდ… ძალიან ძნელია აქ მარჩიელობა”, – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა ნუკრი ქანთარიამ გააკეთა ტვ პირველის ეთერში მამუკა ხაზარაძის საპასუხოდ.

ხაზარაძემ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში განაცხადა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე სოლოლაკის რეზიდენციაში შეხვდა “ქართული ოცნების” ლიდერ ბიძინა ივანიშვილსა და ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილს. ის ამ ამ შეხვედრას “პატარა სასამართლოს” უწოდებს. მისი თქმით, შეხვედრაზე განხილებოდა თიბისისა და ვანო ჩხარტიშვილის კომპანიის დავა და მას მაშინდელი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ესწრებოდა.

ნუკრი ქანთარიას ჟურნალისტმა დიანა ტრაპაიძემ ჰკითხა, ხომ არ მიუთითებს ეს შეხვედრა ინსტიტუციურ პრობლემაზე ქვეყანაში, როდესაც კერძო ბიზნესმენების დავას ესწრება მთავარი პროკურორი.

“ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა სთხოვა ორ ბიზნესმენს მისვლა. ახლა თქვენ და ვახო სანაიას რომ მოგივიდეთ გარკვეული კამათი, ან პირიქით, ინგას [გრიგოლია] და ვახოს [სანაია] რომ მოუვიდეთ კამათი და თქვენ ორივე სახლში მოიწვიოთ და უთხრათ: კარგით ახლა, ერთ-ერთმა დათმეთო. არ მგონია, ამაში დანაშაულის ნიშნები უნდა ვეძებოთ. თუ არ უნდოდა იქ დათმობა, უნდა ეთქვა, რომ კი ბატონო… და დათმო პირიქით, როგორც თვითონ ამბობს, ჩხარტიშვილმა. ჩვენ გამარჯვებულები წამოვედითო. მორიგდნენ, დაზავდნენ, პრესის და ჟივილ-ხივლის გარეშე. ახლა როცა პოლიტიკისთვის გჭირდება და ამ ამბებს ასე იხსენებ, შენი ინტერპრეტაციით, ბუნებრივია, სუბიექტურად, ყველა ადამიანი, ვინც იქ იყო, თავისი გადასახედიდან მოყვება ამ ამბავს და ჩვენ რა ვაქნთ ახლა, ამაზე ვიმარჩიელოთ?”, – ამბობს ქანთარია.

საპასუხოდ დიანა ტრაპაიძემ აღნიშნა, რომ მისი და ვახო სანაიას ჰიპოთეტურ “საქმის გარჩევას” ინგა გრიგოლიას სახლში ქვეყნის მთავარი პროკურორი არ დაესწრება, რაზეც ქანთარიამ უპასუხა.

“და თქვენი ახლობელი ან ნათესავი რომ იყოს მოსამართლე და ისიც რომ დაასწროთ, როგორც იურისტი, გვითხარი: მართლები ვართ თუ არაო. როგორც პიროვნება და არა როგორც ინსტიტუციის წარმომადგენელი? აქ მარჩიელობა ზედმეტი მგონია”, – თქვა ქანთარიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი