ახალი ამბები

კრემლის დაფინანსებული RT-ის ჟურნალისტმა ფეიკ-ნიუსებზე თბილისში ლექცია ჩაატარა

10 ივნისი, 2019 • 2948
კრემლის დაფინანსებული RT-ის ჟურნალისტმა ფეიკ-ნიუსებზე თბილისში ლექცია ჩაატარა

რუსეთის ხელისუფლების მიერ დაფინანსებული Russia Today-ს მთავარი რედაქტორის მოადგილემ, არხის მარკეტინგისა და სტრატეგიული განვითარების დირექტორმა ანა ბელკინამ თბილისში ანტიკრიზისულ PR-სა და ფეიკ-ნიუსების თემაზე  მასტერკლასი ჩაატარა.

როგორც “სპუტნიკი” წერს, ღონისძიება “Sputnik – საქართველოს” მულტიმედიურ პრესცენტრში პარასკევს, 7 ივნისს გაიხსნა და მასზე უჩვენეს ყალბი ახალი ამბების კონკრეტული მაგალითები, რომლებიც ცნობილ უცხოურ ვებ-გვერდებზე გამოქვეყნდა. ლექცია კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარეობდა.

“მინდოდა მესაუბრა ჩვენს გამოცდილებაზე ახალ ამბებთან დაკავშირებით და ასევე, იმის შესახებ, რაც ახლა მსოფლიო ფეიკ-ნიუსებთან დაკავშირებით ხდება. დავიწყებ, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, РТ-ს მუშაობით”, – განაცხადა ანა ბელკინამ მასტერ-კლასის დასაწყისში.

ბელკინამ ღონისძიების მონაწილეებს უჩვენა ფილმი РТ-ს მუშაობის შესახებ, რომელიც ტელეარხის 10 წლისთავთან დაკავშირებით გადაიღეს.

“მთელ მსოფლიოში უამრავი ისტორიაა, მაგრამ მსოფლიო მედიასაშუალებები ერთსა და იმავე ხუთ ამბავს ატრიალებენ. მათ შექმნეს ვაკუუმი, რომელიც ჩვენ შევავსეთ… RT-მა და Sputnik-მა თავიანთი ნიშა მონახეს, მუშაობენ უფრო ფართოდ და ამზადებენ ისტორიებს, რომლებსაც დანარჩენი მედიასაშუალებები გვერდს უვლიან. ჩვენზე სისაძაგლეებს წერენ, მაგრამ კონტენტისთვის გვიხდიან“, – აღნიშნა ბელკინამ.

 

შეხვედრას “დემოკრატიული მოძრაობის” წევრი, ნინო ბურჯანაძის შვილი ანზორ ბიწაძეც ესწრებოდა.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კოლეგებმა პირველწყაროსგან შეძლეს მეტი ინფორმაციის მიღება საერთაშორისო ტელეარხის შესახებ. ძალიან მნიშვნელოვანია თავად თემატიკა ამ შეხვედრის – ფეიკ-ნიუსი. მე წარმოვადგენდი ორგანზიციას, რომელიც თავად იყო ფეიკ-ნიუსის მსხვერპლი წლების განმავლობაში არაერთი ქართული მედიასაშუალებისგან”, – განაცხადა ანზორ ბიწაძემ.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა “ასავალ-დასავალის” წარმომადგენელი ზაზა დავითაია და “საქართველო და მსოფლიოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი ტარას გაგნიძე.

RT, იგივე Russia Today, კრემლის მიერ დაფინანსებული სამაუწყებლო ქსელია, რომელიც რუსულ ნარატივს რუსეთის საზღვრებს გარეთ ავრცელებს. RT მოიცავს 8 საინფორმაციო და დოკუმენტურ არხს, საინფორმაციო მედიაპორტალებს, ასევე, საერთაშორისო მულტიმედიურ სააგენტო RUPTLY-ს. შეერთებული შტატებში RT უცხო ქვეყნის აგენტად (FARA-ს შესაბამისად) არის დარეგისტრირებული მას შემდეგ, რაც აშშ-ის დაზვერვამ დაადგინა, რომ კრემლი RT-ისა და “სპუტნიკს” ამერიკის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ზეგავლენისთვის იყენებდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი