ახალი ამბები

მომავალში სააკაშვილს ვხედავ გულმოდგინე, ენერგიულ ტუსაღად — ქანთარია

7 სექტემბერი, 2020 • 1253
მომავალში სააკაშვილს ვხედავ გულმოდგინე, ენერგიულ ტუსაღად — ქანთარია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნუკრი ქანთარია ოპოზიციური კოალიციის “ძალა ერთობაშიას” მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილის წარადგენას გამოეხმაურა. მისი თქმით, თუ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდება, ის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვდება.

“ეს აკვიატება მალე გაივლის და მომავალში სააკაშვილს ვხედავ გულმოდგინე, ენერგიულ ტუსაღად, რომელიც ძალიან შრომისმოყვარე კაცია, რომელიც კერავს იქ ქუდებს, ხელთათმანებს. კანონი უნდა აღსრულდეს ყველა შემთხვევაში, მისჯილი აქვს და ასე, რომ პირველ ნაწილში ის აუცილებლად მოხდება პენიტენციურ დაწესებულებაში”, — განაცხადა ქანთარიამ.
ოპოზიციური კოალიცია “ძალა ერთობაშია” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილს წარადგენს. ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ, დღეს, 7 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“იმისათვის, რომ ამ გადაწყვეტილების გაანალიზება მოხდეს სწორად და გავიგოთ მისი მნიშვნელობა, უნდა გავიხსენოთ, რა სახელმწიფო ჩაიბარა 2003 წელს მიხეილ სააკაშვილმა. ჩვენ ვლაპარაკობთ საქართველოზე, რომლისგანაც აღარაფერი იყო დარჩენილი სატელეფონო კოდისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის გარდა”, – აღნიშნა ვაშაძემ გადაწყვეტილების გამოცხადებისას.

მისი თქმით, “სააკაშვილის რესურსის გამოყენება სახელმწიფოსთვის აბსოლუტურად აუცილებელია”, თუ ქვეყანას შიდა და საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევა სურს.

კითხვას, როგორ აპირებს მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას, ვაშაძემ უპასუხა, რომ ამაზე სააკაშვილი თავად ისაუბრებს.

მანამდე, 6 სექტემბერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, განაცხადა, რომ ქვეყანაში დაბრუნების გეგმაზე დღეს, 7 სექტემბერს, ისაუბრებს. მან გასულ წლებშიც, რამდენჯერმე დააანონსა საქართველოში დაბრუნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი