BBC-ს ცნობით, არაერთი მარში გაიმართა გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით, რომელთაგან მთავარი ღონისძიება ლონდონში ჩატარდა.
აქციაში მონაწილეობდა დოქტორი ელენ პანკურსტი, ემელაინ პანკურსტის შთამომავალი. ემელაინ პანკურსტის დამსახურებაა, რომ ქალებმა ბრიტანეთში საარჩევნო ხმის უფლება მიიღეს.
ელენ პანკურსტის თქმით, მთავარი პრობლემა დღეს ისაა, რომ ქალები პოლიტიკაში უფრო მეტად უნდა იყვნენ წარმოდგენილი. აქციას შეუერთდნენ გემა არტერტონი, მომღერლები ენი ლენოქსი და პალომა ფეითი.
ჩილეს პრეზიდენტმა მიშელ ბაჩელეტმა დღეს ქვეყნის დედაქალაქ სანტიაგოში საჯაროდ მოაწერა ხელი ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, ქალთა და თანასწორობის საკითხთა სამინისტრო შეიქმნა. პრეზიდენტის თქმით, ახალ ინსტიტუციას უფრო მეტი ძალა და ინსტრუმენტი ექნება თანასწორობის დაცვისთვის.
მაროკოს დედაქალაქ რაბათში ათასობით ქალმა გამართა აქცია მთავრობის მიმართ მოთხოვნით, რომ დაიცვან ქალები დისკრიმინაციისგან. აქცია სლოგანით “მხარდამხარ დავიცავთ თანასწორობასა და დემოკრატიას” კოალიციამ თანასწორობისა და დემოკრატიისთვის პოლიტიკოსებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დამოუკიდებელ აქტივისტებთან ერთად ჩაატარა.
8 მარტი ყოველი წელს აღინიშნება, როგორც ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მიღწევების აღნიშვნის დღე. პირველად ეს დღე 1909 წლის 28 თებერვალს აშშ-ში, ამერიკის სოციალისტური პარტიის დეკლარაციის შემდეგ აღინიშნა.
1910 წელს სოციალისტური ინტერნაციონალის შეხვედრაზე კოპენჰაგენში ქალთა მოძრაობის ღვაწლის დასაფასებლად და ქალებისათვის არჩევნებში მონაწილების უფლების მინიჭების მოთხოვნისადმი მხარდაჭერის გამოსახატავად ქალთა დღე დაარსდა. კონფერენციის 100-მა მონაწილე ქალმა 17 ქვეყნიდან ერთხმად მიიღო ეს შემოთავაზება.