“ჩამოვედი საქართველოში, რათა საზოგადოებაში დასმულ ყველა შეკითხვას გავცე პასუხი და ეს გადავწყვიტე გავაკეთო აქედან, საქართველოდან და არა დისტანციურად, ამერიკის შეერთებული შტატებიდან. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამ კონკრეტული საქმის შემთხვევაშიც ყველა დარწმუნდება, რომ საქმე გვაქვს უუნარო, არაკომპეტენტურ ხელისუფლებასთან, რომელსაც ჩვენი ქვეყანა მიჰყავს უფსკრულისაკენ”-განაცხადა დავით კირკიტაძემ “რუსთავი 2”-თან საუბრისას.
ქვემო ქართლის ყოფილი რწმუნებულ-გუბერნატორი დავით კირკიტაძე 23 თებერვალს საგამოძიებო სამსახურმა სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. ბრალდების მტკიცებით, დავით კირკიტაძემ სახელმწიფოს 248 400 ლარის მატერიალური ზიანი მიაყენა. დავით კირკიტაძე, რომელსაც ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, საზღვარგარეთ სასწავლებლად იმყოფებოდა და მისი თქმით, ჯერჯერობით ქვეყანაში დაბრუნებას არ აპირებდა. 24 თებერვალს საქალაქო სასამართლომ კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით არა წინასწარი პატიმრობა, როგორც ამას პროკურატურა ითხოვდა, არამედ 10 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა და სასამართლოში გამოძახებისთანავე გამოცხადების ვალდებულება დააკისრა.