მინისტრის თქმით, ამ კუთხით განსაკუთრებით მკაცრი კონტროლი მცენარეული ცხიმის შემცველ პროდუქტებზე დაწესდება:
“თუ არის ის რძის ნაწარმი, მას მხოლოდ ამ შემთხვევაში შეეძლება აღნიშნული წესების გათვალისწინებით დააწეროს, რომ ის არის რძის. ყველა სხვა შემთხვევაში მათ ამის უფლება არ ექნებათ, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი არის მცენარეული ცხიმის შემცველობები, რომელზეც მკაცრი კონტროლი დაწესდება,”– ამბობს დანელია.
ხშირ შემთხვევაში, რძის პროდუქტის დასამზადებლად რძის ცხიმის ნაცვლად მცენარეული ცხიმი გამოიყენება, თუმცა, უმეტესად, ასეთი პროდუქტების ეტიკეტზე წერია, რომ ის რძისგან არის დამზადებული.
მინისტრის განცხადებით, ამ რეგულაციის ამოქმედების შემდეგ მომხმარებლებს ეცოდინებათ, რძის ნაწარმს ყიდულობენ თუ არა. დადგენილების პროექტი “რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” მთავრობის სხდომაზე 5 მარტს დაამტკიცეს.
“ეს გახლავთ პირველი დოკუმენტი, რომელიც შეიქმნა რძის რეგლამენტთან დაკავშირებით, რომელშიც არის აღწერილი ყველა პროცედურა, ყველა სპეციფიკაცია, ეტიკეტირების წესი, თუ რა არის რძისა და რძის პროდუქტები,”– განაცხადა ოთარ დანელიამ.