ახალი ამბები

საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა

11 სექტემბერი, 2019 • 1393
საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა

საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტი ზაზა ურუშაძე თანამდებობიდან გადადგა. დღეს, 11 სექტემბერს, გავრცელებულ მიმართვაში რეჟისორი აღნიშნავს, რომ არ სურს “არაჯანსაღ პროცესებში” მონაწილეობის მიღება, რომლებიც უწყებაში ვითარდება.

“არანაირი სურვილი აღარ მაქვს, მონაწილეობა მივიღო იმ არაჯანსაღ პროცესებში, რომლებიც ბოლო დროს განვითარდა კინოაკადემიაში და პრინციპულად მიუღებელია ჩემთვის.

ნათლად გავაცნობიერე, რომ ურთიერთდაპირისპირებისა და ინტრიგების ფონზე მოგებას ფასი აღარ აქვს.

მინდა, მადლობა გადავუხადო კინოაკადემიის თითოეულ თანამშრომელს, რომლებმაც მართლაც შესანიშნავად, პროფესიონალურად იმუშავეს. მადლობელი ვარ ჩემი მხარდამჭერების და ბოდიშს ვუხდი იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩემმა ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა იმედი გაუცრუოს.

დაბოლოს – ჩემი აზრით, აუცილებელია კინოაკადემიის გაახალგაზრდავება, რაც შეიძლება, მეტი ახალგაზრდა უნდა გაწევრიანდეს ამ ორგანიზაციაში, რადგან, დარწმუნებული ვარ, სწორედ ამ შემთხვევაში ექნება პერსპექტივა საქართველოს კინოაკადემიას”, – აღნიშნავს ზაზა ურუშაძე.

მანამდე, მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს, ურუშაძემ არ დაადასტურა გავრცელებული ცნობები მისი შესაძლო გადადგომის შესახებ. განცხადებაში ის აღნიშნავდა, რომ აკადემიის წევრებთან რიგ საკითხებზე შეუთანხმებლობის გამო 2 აგვისტოს კრება იყო ჩანიშნული, რომელზეც მისდამი ნდობის საკითხი უნდა განეხილათ. კრება ქვორუმის არარსებობის გამო ვერ შედგა.

მასალების გადაბეჭდვის წესი