ახალი ამბებიეკონომიკა

რატომ მცირდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

10 სექტემბერი, 2019 •
რატომ მცირდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

რატომ შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) და რა გავლენას ახდენს ამ პროცესზე არასტაბილური პოლიტიკური ვითარება? ამ საკითხებზე ნეტგაზეთი ქართველ ეკონომისტებს ესაუბრა.

ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლების ერთ-ერთ მიზეზად ქვეყანაში სასამართლოსთან დაკავშირებულ რისკებს ასახელებს:

“თუ ინვესტორს გარკვეული პრობლემა შეექმნება სამართლებრივი კუთხით, ის სამართალს ვერ იპოვის. შეიძლება ხელისუფლებამ შეგავიწროვოს და სამართალი ვერ იპოვო. ამ რისკების გათვალისწინებით რატომ უნდა უნდოდეს ვინმეს აქ ფულის ჩადება, არ მესმის.”

ინვესტიციების შემცირებას ეკონომიკური პოლიტიკაში არსებულ გაურკვევლობას უკავშირებს გიორგი პაპავაც:

“ეს შემცირება არ შეიძლება ერთ კონკრეტულ სექტორს დავუკავშიროთ. FDI-ის შემცირება ასახვაა იმ ბოლოდროინდელი მოვლენების, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს. მაგალითად, ძალიან დიდი გაურკვევლობა ეკონომიკურ პოლიტიკაში.”

მე-2 კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 53.7%-ით შემცირდა. შედეგად, აპრილში, მაისსა და ივნისში ქვეყანაში 187 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა, ანუ დაახლოებით 200 მლნ აშშ დოლარზე ნაკლები გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე. 

თუ კვარტალურად ჩაშლილ მონაცემებს ვნახავთ, FDI-ის ამაზე დაბალი მაჩვენებელი მხოლოდ 2009 წლის მე-2 კვარტალში (178.3 მლნ აშშ დოლარი) დაფიქსირდა. 

“მოდი, თავი წარმოვიდგონოთ უცხოელი ინვესტორის ადგილზე, რომელიც საქართველოს შესახებ ინფორმაციას ეცნობა. ვნახოთ, მაგალითად, სასამართლოსთან დაკავშირებით რა ინფორმაციაც მოდის, რომ სახელმწიფომ მთლიანად გადაიბარა სასამართლო. მე ასეთ ქვეყანაში 1 დოლარსაც არ ჩავდებდი. პირველ რიგში, ინვესტორს სამართლიანი გარემო სჭირდება. მაკროეკონომიკურად რაღაც სასწაული არ ხდება… გადასახადები არ გაზრდილა, არც კაბალური რეგულაციები არ შემოგვიღია. ინფლაცია კი მაღალია, თუმცა ისეთი არაფერი ხდება, რომ შეგეშინდეს. ვითარება უფრო სამართლებრივი-პოლიტიკური კუთხით არის გაუარესებული”, – ამბობს ნამჩავაძე ნეტგაზეთთან ინტერვიუში.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის კვარტალური მაჩვენებელი

წყარო: საქსტატი

ყველაზე მეტად პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საფინანსო სექტორში შემცრიდა. დარგში კლებამ თითქმის 34 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. ნამჩავაძე ამ ფაქტს “თიბისი ბანკის” დამფუძლებლების მიმართ ბრალის წაყენებას უკავშირებს, რამაც ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული კომპანიების აქციების ფასების შემცირება გამოიწვია.

“ამ ფაქტს საბანკო რეგულაციების ვერ დავუკავშირებთ, რადგან გასულ წელს, მაშინ, როცა სექტორში გარკვეული რეგულირება უკვე დაწყებული იყო, ზრდა გვქონდა. მგონია, რომ ეს უფრო მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს უკავშირდება, რომელთათვის ბრალის წარდგენამ “თიბისი ბანკის” აქციების ფასი დაბლა დაწია. ეს იყო სიგნალი ინვესტორებისთვის, პირველ რიგში, საფინანსო სექტორის ინვესტორებისთვის, რომ საქართველოში ინვესტირება სარისკოა. წელიწადნახევარია უკვე ინვესტიციები მცირდება და ეს მხოლოდ ერთჯერადი ფაქტორებით ვერ იქნება გამოწვეული. ეს მიანიშნებს იმისკენ, რომ ქვეყანამ საინვესტიციო მიმზიდველობა დაკარგა,” – აცხადებს ბესო ნამჩავაძე.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა FDI-ის შემცირების მიზეზებზე საუბრისას ანაკლიის პორტსაც ახსენებს. სამინისტროს მიერ გავრცელებულ კომენტარში თურნავა ამბობს, რომ სახელმწიფოს ჰქონდა მოლოდინი, პორტის მშენებელი კონსორციუმი სესხს მოიზიდავდა, რაც FDI-ის მაჩვენებელზე პირდაპირ აისახებოდა. 

„მოლოდინი გვქონდა, რომ წლევანდელ წელს ჩვენ მიგვეღო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტიცია. ეს საკმაოდ სოლიდური ინვესტიცია წლევანდელ სტატისტიკას ძალიან წაადგებოდა”, – ამბობს თურნავა. 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მეთოდოლოგიით პირდაპირ ინვესტიციად ითვლება სესხიც. შესაბამისად, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მიერ პორტის პირველი ფაზისთვის მოზიდული დაახლოებით 400 მლნ აშშ დოალრის სესხიც ინვესტიციად ჩაითვლებოდა. 

“[ეს განცხადება] ხაზარაძისთვის [მამუკა ხაზარაძე ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ერთ-ერთი დამფუძნებელი] გადაბრალების მცდელობას ჰგავს. ამ პროექტს პრობლემებიც რომ არ ჰქონოდა, ინვესტიციების შემცირების დანაკლისს მაინც ვერ გადაფარავდა. თუ კონსორციუმი შეძლებს თანხის მოძიებას, ეს უკვე შემდეგ, დაახლოებით წელიწადნახევრის განმავლობაში აისახება FDI-ზე”, – ამბობს ნამჩავაძე.

2019 წლის მე-2 კვარტალში ყველაზე მეტი, დაახლოებით 63 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია ენერგეტიკაში შემოვიდა. ყველაზე მცირე კი (2.7 მლნ აშშ დოლარი)- სოფლის მეურნეობაში. რაც შეეხება სხვა სექტორებს, პირდაპირი უცხოური ინვესტციების მოცულობა ენერგეტიკის გარდა გაიზარდა  დამამუშავებელ
მრეწველობასა და სასტუმროების და რესტორნების დარგში. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მიმდინარე წლის პირველ კვარტალშიც 6%-ით შემცირდა.

“ეს მონაცემები მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყანაში ინვესტიციები არ იზრდება. შესაბამისად, FDI ვერ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას ეკონომიკურ ზრდაზე, რაც ჩვენნაირი ქვეყნისთვის ძალიან ცუდია. ზოგადად, ეკონომიკური ზრდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების როლი, რადგან არაერთხელ მითქვამს: ასეთი სახის ინვესტიციებს მოაქვს ცოდნა როგორც ტექნოლოგიების, ასევე, საერთაშორისო ბაზრების, მენეჯმენტის მიმართულებით. ამ ცოდნისა და ტექნოლოგიების გარეშე, მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევა ძალიან რთული იქნება”, – აცხადებს პაპავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი