ახალი ამბებირეკლამა

დეკანოზი იოანე – სასურველია სახელმწიფო მეტს აკეთებდეს ყოფილი პატიმრების რეაბილიტაციისთვის

9 სექტემბერი, 2019 • 1713
დეკანოზი იოანე – სასურველია სახელმწიფო მეტს აკეთებდეს ყოფილი პატიმრების რეაბილიტაციისთვის

დეკანოზი იოანე გორელიშვილი – ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერი

ციხეს არა მხოლოდ სადამსჯელო ფუნქცია უნდა ჰქონდეს, არამედ სარეაბილიტაციოც. ციხეში უნდა ჰქონდეს ადამიანს პირობები, რომ გამოსწორდეს. ციხის კედლებშივე უნდა გააცნობიეროს, რა დააშავა და შეძლოს ისევ გამოადგეს სამშობლოს. ქართველები ლმობიერი ხალხი ვართ, ჩვენ არ გავრიყავთ არავის იმის გამო, რომ სასჯელი მოიხადა.

რაც შეეხება დასაქმების პრობლემას, ეს, ცხადია, პრობლემაა არა მხოლოდ ყოფილი პატიმრების, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობისთვის. ქვეყნის ეკონომიკურად რთული გარემო გავლენას ახდენს როგორც ყოფილ პატიმრებზე, ასევე სხვებზეც, არიან ადამიანები, რომლებიც არ არიან ყოფილი პატიმრები და არ აქვთ სამსახური, ასეთი ძალიან ბევრია.

ეკლესია აკეთებს რაც შეუძლია, მღვდლები დადიან საპატიმროებში, იბარებენ აღსარებებს, ეხმარებიან პატიმრებს რთული პერიოდის გადალახვასა და გათავისუფლებისთვის მომზადებაში, საპატიმროებში საპატრიარქოს ხელშეწყობით არაერთი სახელოსნოა გახსნილი, სადაც ხეზე კვეთას და სხვადასხვა საქმიანობას სწავლობენ, გათავისუფლების შემდეგ ბევრ მათგანს სწორედ ციხეში ნასწავლი საქმე ეხმარება დასაქმებაში.

სასურველია სახელმწიფო მეტს აკეთებდეს ყოფილი პატიმრების რეაბილიტაციისთვის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და დასაქმებ ისთვის, არა მხოლოდ ყოფილი პატიმრების, ყველა მოქალაქისთვის.

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

მასალების გადაბეჭდვის წესი