ახალი ამბები

მამას, რომელიც შვილს ჯოხით სცემდა და ჯაჭვით აბამდა, 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

9 სექტემბერი, 2019 •
მამას, რომელიც შვილს ჯოხით სცემდა და ჯაჭვით აბამდა, 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

საქართველოს გენერალური პროკურატურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ შვილზე ძალადობისა და წამებისთვის მამას სასჯელის სახით 10-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

როგორც პროკურატურა აცხადებს, 2019 წლის 11 მაისს, საღამოს საათებში,  ბ.ი- მ არასრულწლოვან შვილზე იძალადა – მას ფეხისა და ხელის არეში  ჯოხი დაარტყა.

ასევე, უწყებამ დაადგინა, რომ 2019 წლის 12 მაისს ბ.ი-მ, წინააღმდეგობის გაწევისა და თხოვნის მიუხედავად, არასრულწლოვანი შვილი ვაზის ტალავერის ქვეშ განთავსებულ ხარაჩოზე აიყვანა, ფეხები მეტალის ჯაჭვით შეუკრა, რომლის დაბოლოებაც ტალავერზე დაამაგრა. მსგავსი მეთოდებით  ბ.ი. შვილს პერიოდულად, 2019 წლის 12 და 13 მაისსაც, იმ დრომდე აწამებდა, ვიდრე სოციალური სამსახურის თანამშრომლები ადგილზე შემთხვევით არ მივიდნენ.

სამართალდამცველებმა ბ.ი. 2019 წლის 13 მაისს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით წარედგინა:

1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ)  111, 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ზ” ქვეპუნქტით. აღნიშნული გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ წამებას. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბ.ი. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი