ახალი ამბები

“ფაშისტურ-ნაცისტური” დაჯგუფების 16 წევრს ბრალი წარუდგინეს – პროკურატურა

17 იანვარი, 2026 •
“ფაშისტურ-ნაცისტური” დაჯგუფების 16 წევრს ბრალი წარუდგინეს – პროკურატურა

თბილისის პროკურატურის არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველომ ბრალი წარუდგინა “ფაშისტურ-ნაცისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების წევრებს. საუბარია 16 პირზე, რომლებიც გუშინ, 16 იანვარს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულთაგან 10 არასრულწლოვანია.

მათ ბრალი წარუდგინეს სამი მუხლით:

  1. ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, რასაც ახლავს ძალადობა და მასში მონაწილეობა (სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები). ითვალისწინებს 6-დან 9 წლამდე პატიმრობას;
  2. ძარცვა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის ა და მესამე ნაწილის ა ქვეპუნქტი). ითვალისწინებს 5-დან 8 წლამდე პატიმრობას;
  3. ორგანიზებული ჯგუფის მიერ წამება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ (სსკ-ის  144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ზ და მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტი). ითვალისწინებს 12 წლამდე პატიმრობას.

“გამოძიებით დადგინდა, რომ “ფაშისტური-ნაცისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების წევრები, თავიანთი იდეოლოგიიდან გამომდინარე, მათთვის მიუღებელი ცხოვრების წესისა და იდენტობის მქონე პირების, მათ შორის არასრულწლოვნების მიმართ, ძალადობას უწევდნენ ორგანიზებას.

აღნიშნული დაჯგუფების წევრები მათგან განსხვავებული შეხედულებების, სექსუალური ორიენტაციისა და იდენტობის მქონე, პირთა გამოვლენისა და დასჯის მიზნით, შეუწყნარებლობის მოტივით, წინასწარ შერჩეულ მსხვერპლს ორგანიზებულად და ჯგუფურად ესხმოდნენ თავს, ამცირებდნენ, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ მათზე და აწამებდნენ.

ასევე, ხშირ შემთხვევაში, ძალადობის ვიდეო გადაღებას აწარმოებდნენ და ჩანაწერებს სხვადასხვა სოციალურ ქსელებსა და დახურულ ჯგუფებში ავრცელებდნენ”, – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყება სასამართლოს უახლოესი 48 საათის განმავლობაში მიმართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გრძელდება გამოძება დაჯგუფების სხვა წევრების გამოსავლენად.

მასალების გადაბეჭდვის წესი