თემქაზე 62 წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით მისი მაზლი დააკავეს

პოლიციამ დააკავა კაცი, რომელსაც თემქის დასახლებაში 62 წლის ქალის – თავისი ძმის ცოლის – მკვლელობა ედება ბრალად. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა 5 სექტემბერს თავის ძმის ცოლს, ანგარების მოტივით შელაპარაკების დროს, ბლაგვი საგნითა და ცივი იარაღით თავის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, მისი სახლიდან ძვირადღირებული ნივთები გაიტაცა და მიიმალა.

პოლიციამ წაღებული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო, ამჟამად კი დანაშაულის სხვა შესაძლო გარემოებების დადგენას ცდილობენ. გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კორპუსიდან, სადაც მკვლელობა მოხდა, 5 სექტემბერს 112-ში ხანძრის შესახებ შევიდა შეტყობინება. მაშველებმა ბინაში ხანძარი ჩააქრეს, კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად მისი დათვალიერების შემდეგ კი ადგილზე ქალის ცხედარი იპოვეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან